ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 10 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
20 ივნისის აქცია
მოძრაობა სირცხვილია 20 ივნისს რუსთაველზე აქციას აანონსებს. გავრილოვის ღამიდან 1 წლის შემდეგ, სამოქალაქო მოძრაობის წევრები ოკუპაციის იდეის გარშემო კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. ორგანიზატორების განცხადებით აქცია წესებისა და რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც თანამდებობა სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დატოვა, დარწმუნებულია, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული მხარდამჭერები მივლენ. ირაკლი კობახიძე თავების დათვლასაც აპირებს. ქართული ოცნების წევრის ეს განცხადება სამარცხვინოა ხელისუფლების ოპონენტებისთვის.
ბიუჯეტის განხილვა
2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში განიხილავენ. მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იქნება. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ფინანსური დოკუმენტის ეს ვერსია ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. პროექტის განხილვა დღეს იწყება და 17 ივნისს დასრულდება,დოკუმენტი 26 ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.
რურუას საქმე
გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა ჩანიშნული. მთავარი არხის მეწილის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას ამტკიცებს, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით 2019 წლის ნოემბერში რურუას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ბრალს არ აღიარებს თავად დაკავებული. შეგახსენებთ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ მოუწოდეს.
„ქართული ოცნების" დეპუტატს ბრალი წარედგინა
დედოფლისწყაროში საკრებულოს დეპუტატს ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 ივნისს გიორგი ჭინჭარაულს თანასოფლელებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამის შემდეგ ჭინჭარაულმა ტერიტორია დატოვა, თუმცა მოგვიანებით ინციდენტში მონაწილე თანასოფლელები მოძებნა და ცივი იარაღით დაჭრა . დაშავებულებს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში ჰქონდათ მიყენებული. დანაშაული 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდაცვლილი მუშები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილზე სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რიგ სფეროებში დასაქმებულთა შრომა უკიდურესად სახიფათოა, გამოძიება კი არაეფექტური.
მესამე სექტორში ამტკიცებენ, რომ არის შემთხვევები როდესაც ერთი და იმავე კომპანიებში ბოლო 6 თვეში მეორე გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება. მაგალითად 3 დღის წინ ბათუმში მშენებლობაზე გარდაცვლილი 28 წლის იაკობ თავდგირიძე და 2019 წლის ნოემბერში გარდაცვლილი 23 წლის ანრი მახარობლიძე ერთი მფლობელის კომპანიებში მუშაობდნენ.
პირბადეების კანონპროექტი
პლენარულ სხდომაზე დღეს პირბადეების ტარების წესის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ცვლილების მიხედვით, მოქალაქეს პირბადის არ ქონისთვის 20 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში. მათი განმარტებით, მაშინ როდესაც მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან, მათთვის ყოველდღიურად პირბადის შეძენა რთული იქნება. სახელისუფლებო წრეებში კი განმარტავენ, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, იქამდე სანამ ქვეყანაში კორონავირუსის საშიშროება რჩება.
კორუფცია ზესტაფონის მერიაში
ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 38 130 ლარი მიიღო. კომპანია „ზესტაფონპროექტმა" სამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა, ჯამში კი 2011-2020 წლებში 43 ტენდერიდან 33 უკონკურენტოდ მოიგო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს .მესამე სექტორში კორუფციის აშკარა ნიშნებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იყო შემთხვევები როცა ტენდერის პირობები „ზესტაფონპროექტის" დირექტორის შვილმაც კი შეადგინა
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
822 ინფიცირებული, მათგან 690 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 279 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3124 პირი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7.3 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 418 ათასზე მეტია.
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1185-ით გაიზარდა. ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 38 ათასზე მეტი, გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი 325 602-ს შეადგენს.
ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს
ცერემონიას მშობლიური ქალაქის ეკლესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. ისმოდა რასობრივი სამართლიანობის შესახებ მოწოდებები. პანაშვიდზე მისულებს ჯო ბაიდენმა მიმართა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. დაკავების დროს ფერადკანიანი კაცის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს გირაოს სახით მილიონ 25 ათასი დოლარი განუსაზღვრა.
კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი ჯერ არ დასრულებულა - ფაუჩი
შეერთებული შტატების პირველმა ინფექციონისტმა COVID-19 მისი განვითარების ეტაპზე „საშინელ კოშმარულ სიზმარს" შეადარა. მისი თქმით, კრიზისი უამრავ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში ჯერ არ დასრულებულა, შეზღუდვების მოხსნა კი დაწყებულია. ამერიკის 22 შტატში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იზრდება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტმა განმარტა, ვირუსის ასიმპტომური გადაცემის რისკთან დაკავშირებული საკითხი ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. მსოფლიოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ შვიდ მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, პანდემიით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 413 ათასს შეადგენს.
პრინც ფილიპს 99 წელი შეუსრულდა
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ედინბურგის ჰერცოგის დაბადების დღის აღსანიშნად ემზადება. COVID-19-ის პანდემიის გამო, სამეფო ოჯახი პრინცი ფილიპის იუბილეს ვიწრო წრეში გაატარებს. ამ დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახმა პირველ ივნისს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ედინბურგის ჰერცოგმა ასაკის გამო სამეფო მოვალეობების შესრულება 2017 წელს შეწყვიტა.