ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 11 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
საქართველოში კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანია გამოჯანმრთელებული (317), ვიდრე ახლა სტაციონარში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვია (311).
638 ინფიცირებული, მათგან 317 გამოჯანმრთელებული და 10 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 896 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
თბილისი იხსნება
თბილისში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. დღეიდან მოქალაქეებს კომენდანტის საათამდე შეუზღუდავად შეუძლიათ დედაქალაქიდან გასვლა ან უკან დაბრუნება. ეს ეკონომიკის გახსნის მომდევნო ეტაპია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 მაისიდან გაიხსნება ჩაკეტილი რუსთავი და გარდაბანი. რაც შეეხება მარნეულს, რომელიც ამ დრომდე საკარანტინე ზონად რჩება, ის 18 მაისიდან გაიხსნება. ქუთაისსა და ბათუმში შეზღუდვა 5 მაისს მოიხსნა.
შეზღუდვების შემსუბუქების მესამე ეტაპი
დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება. მუშაობას იწყებს ყველა ის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. გამონაკლისია მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. დღეიდან გახსნის უფლება აქვთ ღია მოსასვენებელ და სარეკრეაციო ზონებსაც, თუმცა თბილისის ბოტანიკური ბაღი 15 მაისიდან გაიხსნება, ლისის ტბა კი 22 მაისიდან. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდეა დაწესებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.
შესრულდება თუ არა ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება?
საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა ჯერ არ მომხდარა. ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ თუ ქართული ოცნება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ხელშეკრულების პირობებს დაარღვევს, ქვეყნის პარტნიორებისგან იმაზე მწვავე წერილებს მიიღებენ, ვიდრე გასულ თვეებში იღებდნენ.
შეთანხმება, რომელიც ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გაფორმდა ორ პუნქტს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს. ხელშეკრულების თანახმად, 2020-ის არჩევნები 120/30 - ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს.
ახალი დეტალები გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე
ბრალდებულის ადვოკატი ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება ჩანს. უფლებადამცველი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ვიდეომასალა აქამდე არსებულ სურათს სრულად ცვლის.
ახალგაზრდა მამაკაცი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მერაბ კობიაშვილია დაკავებული. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
ინფექციური საავადმყოფო შენობის გარეშე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2009 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი შპს „ავერსი-ფარმას“ ტერიტორიაზე მუშაობს. მაშინდელმა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით გადასცა, რომ საავადმყოფოს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, თუმცა, პირობა არც მაშინ და არც ახლა არ შესრულებულა. მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებისა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცენტრისთვის ახალი შენობის შესარჩევად, არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია არც ახალ შენობასთან და არც იჯარასთან დაკავშირებით.
ცხინვალის მოსახლეობა კორონავირუსისგან დაუცველია
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები სოციალურ ქსელებში ე.წ. საკარანტინო ღონისძიებების ფორმალობაზე ღიად საუბრობენ და ბიბილოვის დე-ფაქტო მთავრობას მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემის გამო აკრიტიკებენ. რეგიონში Covid19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს გავლით, დახმარების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს.
მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვამ. პროდუქტებზე ფასები იზრდება. წამლების ნაწილი და სამედიცინო აღჭურვილობა აფთიაქებიდან გაქრა. 10 მაისის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 22 შემთხვევა დასტურდება. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მსოფლიოში Covid19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1.5 მილიონს აღწევს
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4,181,221 ადამიანი დაინფიცირდა, 1,493,500 კი გამოჯანმრთელდა. ინფექციას უკვე 283 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, 47 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ინფიცირებულთა რაოდენობით და ინფექციით გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. 31 800-ს აჭარბებს კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა ბრიტანეთში, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, 30 000-ზე მეტი გარდაცვალება უფიქსირდება იტალიასაც.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი მილიონ 350 ათასს აჭარბებს. ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიშია. დღის განმავლობაში კოვიდ 19-ის შედეგად აქ 347 ადამიანი დაიღუპა.
ევროპა
დღეიდან ზომები შემსუბუქება პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ევროპის ქვეყნებშიც დაიწყება. იტალიასა და ესპანეთში, უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვის შემთხვევაში, ნებადართული იქნება მაღაზიების, ფიტნეს კლუბების, რესტორნების გახსნა. შემსუბუქდა სახცოვრებელი სახლების დატოვებისა და რამდენიმე ადამიანის შეკრების შეზღუდვებიც. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 165 ადამიანი ემსხვერპლა. რაც უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რუსეთი
200 ათასს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა რუსეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid19, 11 ათასზე მეტ ადამიანs დაუდასტურდა.
იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი 3 ათას 300-ზე მეტ სამხედროსა და სამხედრო სასწავლებლების კურსანტს დაუდასტურდა. ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანაში არასამუშაო დღეების შესაძლო გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებენ.