logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 11.06.2020

11 ივნ 202009:12
3 წუთის საკითხავი
 
49c4rb5ermn6mzm.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 11 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა - კონგრესმენების ანგარიში

ამერიკელი კონგრესმენები ბიძინა ივანიშვილს პუტინის ახლო მოკავშირედ და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში ჩართულ ოლიგარქად მოიხსენიებენ. მწვავე ანგარიში 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ქვეყნის არაფორმალური მმართველი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერადაა მოხსენებული. რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტის მომხრე ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს და ასეთი ადამიანების სია გააფართოვოს.

„ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც შემოთავაზებული იყო ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მეგობრებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ... ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული," - წერია ანგარიშში. 

 

პირბადეების კანონპროექტი

პირბადის ტარების წესების დარღვევის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. განხილვისას ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, დოკუმენტი ბუნდოვანია და კითხვებს აჩენს. ანრი ოხანაშვილმა კი მას კვალიფიკაცია დაუწუნა. კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

 

„ქართული ოცნების" საარჩევნო სია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო სიის ლიდერობაზე საუბარი ყოფილ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთანაც ჰქონდეთ. მისი თქმით, სიის ფორმირებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა „ფორმულა ნიუსთან" საუბრისას სიის სათავეში ბახტაძესთან ერთად, არც გიორგი გახარიას და არც საკუთარი კანდიდატურა გამორიცხა.

via GIPHY


კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარები ერთ თვეში დასახელდება, პროპორციული სიის შესახებ კი სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. 


ქვეყანაში შესაძლოა თხევადი აირი გაძვირდეს 

საქართველოს პარლამენტმა, ნავთობპროდუქტების და აირების დაბეგვრის შესახებ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, დაბეგვრის ორეტაპიანი მოდელი ერთეტაპიანით იცვლება და იმპორტიორ კომპანიებს ერთიანი აქციზის გადახდა მოუწევთ. ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ ეკონომისტები.

„ფორმულა ნიუსთან“ სოსო ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ აქციზის გაზრდა პირველ რიგში იმ მოქალაქეებს დააზარალებს, რომელიც თხევად აირს ავტომობილებში, თავისი დაბალი ფასის გამო იყენებენ. მისივე თქმით მსგავსი გადაწყვეტილება თხევად აირზე მოთხოვნას ბაზარზე გააქრობს.

 

რურუას საქმე

დღეს საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი განახლდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა დასრულდება. მათ შორის დაიკითხებიან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და შენობის მფლობელი, რომლის კერძო საკუთრებასთანაც მოხდა რურუას დაკავება. სავარაუდოდ დღესვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა.

 

თარაშ კანდელაკს ბრალს წარუდგენენ

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ წევრს, თარაშ კანდელაკს დღეს ბრალს წარუდგენენ. მას 18 წლის პირის ცემას ედავებიან, საქმე ეხება გორში ახალგაზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფიზიკურ გარჩევას. ადვოკატის განმარტებით, ინციდენტის მომენტში თარაშ კანდელაკი მარტო იმყოფებოდა. შეგახსენებთ შემთხვევა კანდელაკის რესტორანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძალადობაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე კომაშია. 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკა მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს. მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშში დეტალურად არის განხილული საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ეკლესიის და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები რეგულირდება კონსტიტუციური ხელშეკრულებით, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას ანიჭებს ისეთ უფლებებს, რომლებიც სხვა რელიგიურ ჯგუფებს არ აქვს.“ 

 


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

828 ინფიცირებული, მათგან 694 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 285 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3230 პირი.

როგორც ფორმულა ნიუსთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, შესაძლოა გუშინ დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა კორონავირუსის მეორე ტალღად ჩაითვალოს. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7.4 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.7 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 419 ათასზე მეტია.


პროტესტის მე-16 დღე აშშ-ში

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პოლიციის რეფორმაზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ავრცელებს. ქეილი მაკ-ინანის განმარტებოთ, რეფორმების პროექტზე მუშაობა საბოლოო ეტაპზეა. 

ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გრძელდება. ერთი ადამიანი დაშავდა ქალაქ პორტსმუტში, კონფედერაციის მონუმენტის ჩამონგრევის დროს. საპროტესტო მარში გაიმართა ვაშინგტონშიც, სადაც ასობით ადამიანმა მსვლელობა თეთრი სახლიდან ლინკოლნის მემორიალამდე მოაწყო. პოლიციური ძალების რეფორმირების მოთხოვნით აქცია გაიმართა ბოსტონშიც. ქუჩებში ნიუ-იორკის მოსახლეობაც გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა მანჰეტენის ქუჩები გადაკეტეს და რასიზმის საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ. 

 

ჯანმოს რუსეთის სტატისტიკა აეჭვებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთში COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა სტატისტიკას უჩვეულოდ და გაუგებრად მიიჩნევს. ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, უჩვეულოა, რომ დადასტურებულ პაციენტებთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი ასეთი დაბალია და რუსეთს კორონავირუსით გარდაცვლილთა იდენტიფიცირების მეთოდების გადახედვას ურჩევს. 

რუსეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მეოთხე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით თითქმის 500 ათასია. დაღუპულთა რაოდენობა კი 6-ს ათას 358-ს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის შედეგად რუსეთში 216 ადამიანი დაიღუპა. 

 

რაკეტები „მწვანე ზონაში''

თავდასხმა მოხდა ბაღდადის მწვანე ზონაში. 2 რაკეტა შეერთებული შტატების საელჩოს მახლობლად ​ჩამოვარდა. ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლოს სარაკეტო იერიში ერაყის დედაქალაქის ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაზე 16 თებერვალს განხორციელდა, მაშინაც ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე რაკეტა აფეთქდა. გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

 


close დახურვა