logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 12.05.2020

12 მაი 202010:51
3 წუთის საკითხავი
 
j0ig6d3lq6plki3.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 12 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

დღეს ექთნების საერთაშორისო დღეა

1974 წლიდან ყოველ წლის 12 მაისს მთელი მსოფლიოს მასშტაბის ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, წელს მედპერსონალის საჭიროება გლობალურმა სამყარომ ყველა მეტად დაინახა. დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობა და პოლიტიკური ლიდერები სწორედ ექთნებსა და ექიმებს მიიჩნევენ, უხილავ მტერთან ომის წინა ხაზზე სიცოცხლის ფასად მებრძოლ ჯარისკაცებად. 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, სამედიცინო პერსონალის ნახევარზე მეტს ექთნები წარმოადგენენ და მათი თავდაუზოგავი მუშაობის გარეშე პანდემიასთან ბრძოლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა. „ვიზრუნოთ მსოფლიოზე ჯანმრთელობისთვის - Nursing the World to Health“ - ეს სლოგანი წელს ამ დღის მთავარი თემაა.

ექთნების პროფესიულ დღედ საერთაშორისო საბჭომ ფლორენს ნაითინგელის საპატივცემულოდ მისი დაბადების დღე გამოაცხადა. ეს იყო ქალბატონი, რომელმაც საეთქნო საქმეს, როგორც პროფესიას ჩაუყარა საფუძველი და მის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

პოლიტიკური შეთანხმების ბედი

საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთი გაფრთხილება. საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პროცესში მონაწილე მხარეებს, მარტში დადებული შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად აუცილებელია შეთანხმმების ორივე ნაწილის დაცვა, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას და სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას გულისხმობს.  პარტნიორების ამ განცხადებას ოპოზიციურ პარტიებში ბიძინა ივანიშვილის გუნდის მხილებად მიიჩნევენ.

„ქართული ოცნება" შეთანხმების პირობებს უარყოფს. "შეთანხმებაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რომ თითქოს იყო, მმართველი გუნდი ვერ წავიდოდა, რადგან საქართველოში პოლიტპატიმარი რეალურად არ არის" - ასე პასუხობს ოპონენტებს მამუკა მდინარაძე. „ოცნების” ვიცე-სპიკერი ამტკიცებს, რომ დოკუმენტში რომელსაც ხელი მარტში მოეწერა, საუბარი არა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, არამედ მართლმსაჯულებაში ხელისუფლების ჩაურევლობაზე იყო. 

 

ქუჩის აქციები იწყება?

თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი საარჩევნო სისტემის რეფორმას ისევ ჩააგდებს, სამოქალაქო აქტივისტები ქუჩის აქციებს აანონსებენ. სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები ფიქრობენ,რომ ოცნება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, მზადაა  ქვეყნის სამომავლო პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აქტივისტები ამბობენ, რომ, თუ ხელისუფლება დაპირებას ისევ არ შეასრულებს. მიიღებს უფრო მეტ წნეხს, ვიდრე აქამდე. 

 

სენატორი რიშის მოწოდება მთავრობას

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს  შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს. „ველი, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტში მიღწეული შეთანხმების პირობებს, მათ შორის, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით,'' - წერს ამერიკელი სენატორი.


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ტვიტერის გვერდზე ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც ეხმაურება. ,,სრულყოფილად არის ნათქვამი.  აუცილებელია, რომ ბოლოს და ბოლოს მოხდეს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია და წინ წავიდეთ," - წერს კინზინგერი, შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე.

 

COVID-19 საქართველოში

639 ინფიცირებული, მათგან 349 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.

via GIPHY

 

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 კიდევ 32 პაციენტმა დაამარცხა, ხოლო ინფექცია მხოლოდ 1 პაციენტს დაუდასტურდა.

 

ცხინვალის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ოკუპირებულ ცხინვალში დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ საქართველოსთან კოვიდინფექციასთან საბრძოლველად საზღვრის გახსნა სურთ. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ აკრძალვების მიუხედავად, სხვადასხვა წარმოება არ შეჩერებულა და ადამიანები მუშაობას მაინც განაგრძობენ. აქტივისტი საუბრობს იმაზეც, რომ პანდემიის პერიოდში გაძვირებულია ყველანაირი პროდუქტი, ხოლო რეგიონში თავდაცვის საშუალებების მარაგი, ფაქტობრივად, ამოიწურა. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდინფექციის პირველი 3 დადასტურებული შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა, 6 დღის შემდეგ კი ინფიცირებულთა რიცხვი 23-ს შეადგენს. ამ ეტაპზე, რეგიონში 380-ზე მეტი ტესტი ჩატარდა და ახალგორში არსებული ერთადერთი საავადმყოფო საკარანტინე ზონადაა გამოცხადებული. 

 

სპეცრეისი ლონდონიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად ლონდონიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს 120-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.

via GIPHY

 

სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან: 

  • 15 მაისი: ამსტერდამი - თბილისი
  • 18 მაისი: ლარნაკა - თბილისი
  • 20 მაისი: ათენი - თბილისი
  • 22 მაისი: რომი - თბილისი

 

სოფელი ღვანკითი იხსნება

სოფელ ღვანკითში შეზღუდვების მოხსნას უახლოეს დღეებში გეგმავენ. გადაწყვეტილებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა. სოფელ ღვანკითის საკარანტინე ზონად გამოცხადების მიზეზი სოფელში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის სიმრავლეა და 23 აპრილის შემდეგ ჩაკეტილია.

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4,256,056 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1,527,568 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას ამ დროისთვის 287 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  ოფიციალური მონაცემებით,  47 000-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

შეერთებულ შტატებში, კორონავირუსს დღის განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში COVID-19-ის შედეგად აქ 81 795 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი მილიონ 300-ს ათასს აჭარბებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ტესტირება 9 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე ჩაუტარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის პერსონალისთვის ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა, თანაშემწეებს კი მოუწოდებენ პრეზიდენტის კაბინეტს თავი აარიდონ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს რაც თეთრ სახლში მომუშავე ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

იტალიაში კოროვანირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისთვის ემზადებიან. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონების მთავრობები თავად მიიღებენ  გადაწყვეტილებას თუ როდის მოხდება მკაცრი ზომების ეტაპობრივი გაუქმება.  გეგმის მიხედვით ბარებისა და რესტორნების გახსნა პირველი ივნისისთვის იგეგმება.   

ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ გერმანიის ფედერალური მიწებიც. ბარებისა და რესტორნების გახსნის მოუხედავად, სოციალური დისტანციის დაცვის წესი ქვეყნის მასშტაბით, 5 ივნისამდე შენარჩუნდება. 

შეზღუდვების შემსუბუქებიდან რამდენიმე დღეში, თურქეთის ხელისუფლებამ ოთხდღიანი კომენდანტის საათი გამოცხადა. ქვეყნის პრეზიდენტის ინფორმაციით, სახლიდან გასვლის აკრძალვა ძალაში 16 მაისს შევა და 19 მაისამდე გაგრძელდება.   დღის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ვირუსს აქ 3 841 ადამიანი ემსხვერპლა. 


UNICEF-ის დახმარება

გაეროს ბავშვთა ფონდმა პანდემიის გამო დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად 1.6 მილიარდი დოლარი გამოყო. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის გამო დახურულია სკოლები, გაიზარდა უმუშევრობა და ოჯახებში აიწია სტრესის დონემ, ეს ყოველივე კი ბავშვთა უფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს.

 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათ მიერ გამოყოფილი თანხა ოჯახებს მოამარაგებს მედიკამენტებით, სუფთა წყლით და იმ ინფორმაციით, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისთვის არის საჭირო.

 

 


close დახურვა