ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 12 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
ხალხმრავლობა ავტობუსებში
სოციალურ ქსელში შეწუხებული მოქალაქეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს ავრცელებენ. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ ავტობუსები მოქალაქეებით სრულად გადავსებულია, რაც სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობას გამორიცხავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ფორმულა ნიუსთან" აცხადებს, რომ გადავსებული ავტობუსები ვირუსის ხელახლა აფეთქების რისკს ქმნის. ტრანსპორტის ექსპერტები ხელისუფლებას ავტობუსების რიცხვის გაზრდისკენ მოუწოდებენ. გამყრელიძე ახალგაზრდებს ურჩევს ტრანსპორტში ადგილები მოხუცებს დაუთმონ, თავად კი ფეხით იარონ.
სტუდენტების მოთხოვნა
სტუდენტური ომბუდსმენი განათლების სამინისტროში ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განცხადების შეტანას გეგმავს. სტუდენტური ომბუდსმენის დამფუძნებლის, თაკო მეტრეველის თქმით, განათლების სამინისტროსგან ისინი წლევანდელი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის გადახედვას ითხოვენ. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ თავიდან აიცილოს პანდემიით გათვალისწინებული საფრთხეები, თუმცა გამომცდელების ინტერესები უნდა დაიცვას.
ევროკომისარი საქართველოს შეუსრულებელ რეფორმებზე საუბრობს
„საქართველოში რეფორმების ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია განსახორციელებელი” - განცხადება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გააკეთა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლივერ ვარჰელმა განმარტა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველა შესაძლო დახმარებასა და ფინანსებს გამოუყოფს, რათა მუშაობა გაგრძელდეს. მისი თქმით, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფად შესრულებით, ევროკავშირი ამისთვისაც მზადაა.
ღარიბაშვილი პარლამენტში
დღეს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს ელიან. ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგება და წლიურ ანგარიშს წარადგენს. ოპოზიციის ნაწილი ღარიბაშვილს ბოიკოტს უცხადებს, რის გამოც ოპოზიციის სპექტრი მოსმენას არ დაესწრება. მმართველი გუნდის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ იგი ოპოზიციის კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს, კონსტიტუციის დარღვევაა.
ვოლსკი ძროხებზე განცხადებას აფასებს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ძროხა შეურაცხმყოფელი სიტყვა სულაც არ არის.
„ირაკლი კობახიძემ აგრესიული ხარი შეადარა საკმაოდ წყნარ ცხოველს. მე ვერ ვიტყოდი, რომ ძროხა რაიმე ცუდის გამომხატველია. ვფიქრობ, რომ ხარი და წითელი ფარდაგი უფრო აგრესიული და ცუდი შედარებაა. ეს არ არის სიძულვილის ენა. შეიძლება რაღაც ირონიულია, შეიძლება ვინმემ დამამცირებლადაც მიიჩნიოს, მაგრამ აქ სიძულვილი ნამდვილად არ იგრძნობა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში
მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს. საგარეო საქმეთა მინისტრს და თბილისის მერს მიაჩნიათ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში რამოდენიმე დღეში ელიან განმარტებებს უკრაინის ელჩისგან. იგორ დოლგოვთან პირველი შეხვედრა უკვე შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ელჩისგან მიხეილ სააკაშვილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს.
პირბადეების კანონპროექტი
პირბადეების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უყრის კენჭს. კანონპროექტი დამტკიცებისთანავე შევა ძალაში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დოკუმენტში ზოგიერთი საკითხი ბუნდოვანია. კანონპროექტის თანახმად დახურულ სივრცეში პირბადის არ ქონის გამო ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით.სავალდებულო გახდება პირბადე ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილებისასაც.
ქაცარავას უთვალთვალებენ?
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ მას უთვალთვალებენ. იგი „ფორმულასთან" საუბრისას ყვება, რომ მანქანა მისი მარშრუტის გაკონტროლებას ცდილობდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, ეს ფაქტი იმის მანიშნებელია, რომ ხელისფულება ჩორჩანა-პერევის ტყეში მიმდინარე მოვლენებს ასაიდუმლოებს და რუსეთისთვის ტყის გადაცემას აპირებს.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
831 ინფიცირებული, მათგან 694 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 303 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3213 პირი.
კორონავირუსი დაუდასტურდა თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს. დაინფიცირებული ერთ-ერთია იმ 4 პაციენტიდან, რომელთა დაავადების წყაროც უცნობია. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან და მათ PCR ტესტირება უტარდებათ.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7.5 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 3.8 მილიონზე მეტმა პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 423 ათასზე მეტია. ამ დროისთვის 54 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
მარინა ეზუგბაია ბოჭორიშვილის კლინიკას სიცრუეში ადანაშაულებს
COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულმა კლინიკებმა ერთმანეთის კრიტიკა დაიწყეს. მარინა ეზუგბაია ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ მაკა სოლოღაშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ბოჭორიშვილის კლინიკა ერთადერთია კოვიდკლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია ინფიცირებული მედპერსონალი, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეზუგბაიას განცხადებით, სხვა სამ კლინიკასთან ერთად, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არ ჰყავს ინფიცირებული მედპერსონალი. მისივე მტკიცებით, სიცრუეა ისიც, რომ ბოჭორიშვილის კლინიკა COVID-19-თან ბრძოლაში პირველივე დღიდან ჩაერთო.
ამერიკელი გენერალი: იქ არ უნდა ვყოფილიყავი
ამერიკელი გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძარში მისასვლელ გზაზე ტრამპთან ერთად არ უნდა ყოფილიყო. განცხადება სახმელეთო ჯარების გაერთიანებული შტაბის უფროსმა თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან გააკეთა.
გენერლის განმარტებით, შეიქმნა წარმოდგენა, თითქოს სამხედროები ამერიკის შიდა პოლიტიკაში ერევიან. „უნიფორმიანი სამხედრო მაღალჩინოსნისთვის ეს შეცდომა იყო" თქვა მარკ მილიმ. გასულ კვირას, ჯორჯ ფლოიდის გამო გამართული დემონსტრაციების შემდეგ, დონალდ ტრამპმა ლაფაეტის მოედანი რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გაიარა და ბიბლიით ხელში ეკლესიასთან მივიდა.
ლუგარის ლაბორატორია - რუსული კამპანიის სამიზნე
„საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში საშიში და პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება.“ განცხადება ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა. ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, ოფიციალური მოსკოვი საქართველოსა და უკრაინაში განთავსებული ორმაგი დანიშნულების ლაბორატორიებში შეერთებული შტატების სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობით შეშფოთებულია.
მისი განმარტებით, ყველას აქვს უფლება იცოდეს, სინამდვილეში რა ხდება ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში. ლუგარის ლაბორატორია პანდემიის პირობებში რუსული კამპანიის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. გასულ თვეში რუსეთმა ლაბორატორიის დეტალური დათვალიერება სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე მოითხოვა.