logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 13.03.2020

13 მარ 202010:00
3 წუთის საკითხავი
clock 638
9xng50cp02251vo.jpg

ინფექციურში ოთხი პაციენტის ტესტის პასუხს ელიან

დღეს ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. კორონავირუსით ინფიცირებული 25 ადამიანიდან შვიდს ორმხრივი პნევმონია აქვს. ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის დირექტორი ვარაუდობს, რომ 1 კვირაში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება. თენგიზ ცერცვაძე რისკ-ჯგუფების ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ მოუწოდებს.

 

ინფიცირებულთა რაოდენობა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მატებას ვარაუდობს ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები და კლინიკები ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ. დღეის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 58 პაციენტია.

 

ვითარება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში

კორონავირუსი არც ერთი პაციენტს არ დაუდგინდა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. სულ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 12 მოქალაქეა, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც, რომელიც იტალიიდან 1 კვირის წინ ჩამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან 7 პაციენტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მათ კლინიკიდან ვერ წერენ, რადგან რესპირატორული სიმპტომები ჯერ ისევ აღენიშნებათ და დაკვირვებას საჭიროებენ. დანარჩენი 5 პაციენტის პასუხს კი ისევ ელოდებიან. მათი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

თვითიზოლაციის წესები დარღვევა

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წესების დარღვევის ფაქტი ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს. საქართველოში მცხოვრები ყველა პირი ვალდებულია დაიცვას, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

 

რაგბის გაუქმებული თამაში

კორონავირუსის გამო, 14 მარტს თბილისში დაგეგმილი რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ ევროპის ჩემპიონატის, ასევე, მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირის მინიმუმ 15 აპრილამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

პრემიერი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყნის ეკონომიკა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდება. ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან ერთად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მრჩეველიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გახარიამ ეკონომიკურ გუნდს სამოქმედო გეგმის შემუშავება დაავალა, რომელიც შესაძლო რისკების პრევენციას უზრუნველყოფს.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ განკარგულებაც გამოსცა. განკარგულების საფუძველზე, სამსახურში ორი კვირის განმავლობაში არ უნდა გამოცხადდეს საჯარო დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც განკარგულების ძალაში შესვლის დროისთვის ან შემდეგ იმყოფებოდა კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში.

 

კორონავირუსისგან ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი

მმართველი გუნდის გეგმა არ მოსწონთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება კორონავირუსისგან ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შესარბილებლად საკმარის ზომებს ვერ იღებს, ამიტომ ისინი ხელისუფლებას საკუთარ გეგმას სთავზობენ. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, შემცირდეს საშემოსავლო, მოგებისა.

 

კრიზისი საფონდო ბირჟებზე

კორონავირუსის გამო კრიზისია მსოფლიო საფონდო ბაზრებზე. ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟები,  1987 წლის შემდეგ  რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით დაიხურა. ვაჭრობის მონაცემების თანახმად, ამერიკული ინდუსტრიული ინდექსი დოუ ჯონსი თითქმის 10 პროცენტით გაუფასურდა. ეს ინდექსის ყველაზე დიდი ვარდნაა  ე.წ. შავ ორშაბათის შემდეგ. დაახლოებით, იგივე მაჩვენებელი აქვს სხვა ამერიკულ ინდექსების - ეს-ენდ-პი 500-სა და ნაზდაქს.

მკვეთრ ვარდნას საფონდო ბირჟის დამცავი მექანიზმის ამოქმედება მოჰყვა - ვაჭრობა 10 წუთის განმავლობაში შეწყდა, თუმცა განახლების შემდეგ ფასიანი ქაღალდების გაუფასურება  გაგრძელდა. რეკორდული ვარდნა ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების  ფასიანი ქაღალდების ბაზრებზეც დაფიქსირდა. ექსპერტები თვლიან, რომ აქციებზე ფასების ვარდნაზე დონალდ ტრამპის ბრძანებამ იმოქმედა, რომელის მიხედვითაც  შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის მოგზაურობა 30 დღის აიკრძალა.

 

კორონავირუსის შედეგები მსოფლიოში

იტალიაში კი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება - უკანასკნელ 24 საათში დაავადებით 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა. საშიშმა ვირუსმა ქვეყნის მასშტაბით სულ 1 016 ადამიანი იმსხვერპლა. მიუხედავად საგანგებო ზომებისა, გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში იტალიაში კოვიდ-19, 15 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. იტალიის მსგავსად ბოლო 24 საათში საგანგებო ზომებს არაერთმა ქვეყანამ  მიმართა. საფრანგეთში 16 მარტიდან განუსაზღვრელი დროით დაიხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები.

სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ბელგიაში, თურქეთში, ისრაელსა და  ესტონეთშიც. ჩეხეთი კი 15 ქვეყანასთან საზღვარს ჩაკეტავს. 41-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში. ნიუ-იორკში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსიდაუდასტურდა კანადის პრემიერის მეუღლეს. ჯასტინ ტრუდო ოჯახთან ერთად აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  4 931-ს შეადგენს, ინფიცირებულია 129 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  68 ათასს აჭარბებს

 

ბუნებრივი აირით გარდაცვლილი

1 ადამიანი ემსხვერპლა ბუნებრივი აირის გაჟონვას რუსთავში. ინფო რუსთავის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ბინაში 2 ხადაზმული ადამაინი იმყოფებოდა. 73 ქლის წალი და მისი 80 წლის მეუღლე მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ოპოზიციის ლიდერების მემორანდუმი

ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების პირველი შეთანხმება შედგა. ხელისუფლების ოპონენტები დღეს უზენაეს სასამართლოსთან ხელს მოაწერენ მემორანდუმს, რომელიც სასამართლო სისტემის ცვლილებებს შეეხება. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მათ წინასწარ ექნებათ შეთანხმებული კონკრეტული ცვლილებები, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განახორციელებენ.

სასამართლო სისტემის ცვლილებებში ხელისუფლების ოპონენტები მოიაზრებენ რაიონებში მოსამართლეების არჩევითი სისტემის დანერგვას, სისხლის სამართლის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სისტემის ჩამოყალიბებას, უცხოელი გამოცდილი მოსამართლეების დანიშვნას სააკასაციო და სააპელაციო სასამართლო სისტემებში, ასევე ამერიკისა და ინგლისის პრეცედენტული გადაწყვეტილებების საქართველოში დანერგვას.

 

ოპოზიციის ბოიკოტი

ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არც ერთ ფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ იქამდე, სანამ არ შესრულდება ყველა ის დაპირება, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მიიღო. ბოიკოტის რეჟიმში დარჩენის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოსთვის განსხვავებულია".

„ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ფორმით კვლავ პროტესტს გამოხატავენ, ხოლო „ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ ახლა ხელისუფლებასთან ერთად ნაკლები დროის გატარება პროცესების მშვიდობიანად და სწრაფად დასრულების წინაპირობაა. პარტიაში ასევე არ მოსწონთ საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტი, რომელიც ე.წ. 40%-იან ბარიერს ეხება. გიგა ბოკერიას თქმით, ეს პუნქტი აუცილებლად გადასახედია, რადგან შედარებით პატარა პარტიებისთვის ის წამგებიანია.

 

ტრამპი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გადადებას მიზანშეწონილად მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გლობალური ეპიდემიის პირობებში მიზანშეწონილია, თუკი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები ღონისძიების ერთი წლით გადადებაზე იფიქრებენ. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მაყურებლების გარეშე ოლიმპიადა ვერ წარმოუდგენია. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, თამაშების გადატანა ან გაუქმება არ განიხილება.

 

სასამართლო პროცესები:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება;
  • საქალაქო სასამართლოში, ასევე, გაიმართება ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანისსასამართლო პროცესიც გაიმართება;
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

close დახურვა