ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 13 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
კონსულტაციები ოპოზიციაში
დღეიდან ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები განახლდება. შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში 14 საათზეა ჩანიშნული. „ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ გუნდთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში,საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავენ.
მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დაწესდა ოპოზიციური პარტიები ამ ფორმატის ფარგლებში არ შეკრებილან. შეგახსენებთ, მხარეებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება და გულისხმობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუნდში ამბობენ, რომ შეთანხმებაში დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არაფერი წერია.
კორუფციის ბრალდება მერიას
ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებს. საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ამტკიცებს, რომ დედაქალაქში სამუშაოებისთვის მიწა იმ კომპანიას შემოაქვს, რომლის დირექტორის დაც მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელია. საუბარია კომპანია „ლაგზე“, რომლის დირექტორიც იულონ ბეჟანიშვილია, მისი და, რუსუდან ბეჟანიშვილი კი მერიის ადმინისტრაციაში მუშაობს.
ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ კომპანია, ყოველგვარი დასკვნის გარეშე, მიწას ვაზიანიდან, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტერიტორიიდან ჭრის, თუმცა ხელშეკრულებაში წერია, რომ მიწა წალკიდან შემოაქვს. სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში, ხაბეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩის პროექტზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს ატარებს, კალაძეს საარჩევნოდ 10 ათასობით ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი ბოლო სამი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 100 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.საკრებულოს დეპუტატი აღნიშნავს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან.
ანაკლიის პორტის ბედი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზადაა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და განახორციელოს პროექტი, რომელიც ამ დრომდე შეჩერებულია. კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა სადაც წერია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საუკეთესო ალტერნატივა იქნება.
ასევე ვკითხულობთ, რომ გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები იძლევა საშუალებას ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და ამით მიაღწიონ საერთო მიზანს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს. პროექტი ამჟამად შეჩერებულია. საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესის დაწყება COVID-19-ის პანდემიის მიზეზით გადადო.
სოლიდარობის აქცია
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად ონლაინგამოცემები დღეს სოლიდარობის კამპანიაში ჩაერთვებიან და სოციალურ ქსელებში 1 დღის გარეკანის ფოტოს შეცვლიან. სოლიდარობის აქციის ინიციატორია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის".
გასული წლის ნოემბერში აჭარის მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მას შემდეგ არხზე საკადრო წმენდა დაიწყო. ნოემბრიდან დღემდე გენერალურმა დირექტორმა 10-ზე მეტი ადამიანს სამსახურეობრივი პოზიცია შეუცვალა, ჩამოაქვეითა ან გაათავისუფლა.
ეს სოლიდარობის პირველი აქცია არ არის, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს მხარი ტელევიზიებმაც დაუჭირეს. 20-მდე მაუწყებელმა, მათ შორის, ტელეკომპანია „ფორმულამ" 1 წუთის განმავლობაში მაუწყებლობა შეაჩერა და კადრში დატოვა წარწერა - „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".
COVID-19 საქართველოში
647 ინფიცირებული, მათგან 372 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 კიდევ 23-მა პაციენტმა დაამარცხა, ხოლო ინფექცია 8 პაციენტს დაუდასტურდა.
ინფიცირებული ექთანი
ექთანი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში განაგრძობს. ქალი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გუდაურის საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ზაზა ლურსმანაშვილი აცხადებს, ის კლინიკაში ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, თუმცა მკურნალობის კურსის დაწყებიდან 2 დღეში მას სიმპტომები მოეხსნა.
ქალი ცხელების ცენტრში 1-ლ მაისს გადაიყვანეს და 8 მაისს კვლავ საკარანტინე სივრცეში დაბრუნდა, სადაც კარანტინის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე კოვიდ-19 დაუდასტურდა. შემთხვევის გამო, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის დაავადმყოფოს 30 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, ხოლო განყოფილებაში კარანტინია გამოცხადებული.
COVID-19 ოკუპირებულ რეგიონებში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. COVID-19 რუსეთიდან ჩამოსულ სამ სტუდენტს გუშინ საღამოს დაუდასტურდა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის განცხადებით, მათ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც უკვე იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კარანტინში 256 ადამიანი იმყოფება, მათგან 216 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტები არიან.
კოვიდინფექციის 23 დადასტურებული შემთხვევაა ოკუპირებულ ცხინვალში, 45 პაციენტის კვლევის შედეგებს კი ჯერ ისევ ელოდებიან. რეგიონში, 11 მაისს, რუსეთიდან 18 სტუდენტი დაბრუნდა, რომელთაგან 7 ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 11 - ზნაურის რაიონულ საავადმყოფოში. დეფაქტო სამხრეთ ოსეთში კარანტინის რეჟიმში 300 ადამიანი იმყოფება.
ლონდონიდან სამშობლოში 110 მოქალაქე დაბრუნდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მორიგი სპეცრეისი ლონდონიდან განხორციელდა. ამჯერად ბრიტანეთიდან სამშობლოში 110 მოქალაქე დაბრუნდა. მათ სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე ჩაუტარდათ, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი 2 კვირის განმავლობაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:
-
15 მაისი: ამსტერდამი - თბილისი
-
18 მაისი: ლარნაკა - თბილისი
-
20 მაისი: ათენი - თბილისი
-
22 მაისი: რომი - თბილისი
COVID-19 მსოფლიოში
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4 342 734 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1 602 569 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას ამ დროისთვის 292 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, 46 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კოვიდინფექციით 1 630 ადამიანი გარდაიცვალა, რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 82 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი მილიონ 370 ათასს აღწევს. რთული ეპიდსიტუაციის ფონზე, შტატების ნახევარზე მეტმა ეკონომიკური საქმიანობა ნაწილობრივ განაახლა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ადგილობრივ მთავრობებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ენტონი ფაუჩიმ სენატის ჯანდაცვის კომიტეტის წინაშე ეკონომიკის გახსნის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნამ შესაძლოა ვირუსის პატარა კერებიც კი ეპიდემიად აქციოს.
COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთმა. გუშინ ქვეყანაში კორონავირუსი 11 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა, რითიც საერთო რიცხვმა 232 ათასს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კოვიდინფექციას 2 116 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 43 ათასზე მეტი შემთხვევა გამოჯანმრთელებით დასრულდა.
ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობით საფრანგეთმა ესპანეთს გადაუსწრო და ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 27 ათასს მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად ქვეყანაში შემცირებულია ახალი დაინფიცირების შემთხვევები. აქ ვირუსი ბოლო 24 საათში მხოლოდ 802 პაციენტს გამოუვლინდა.
სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ?
შეერთებული შტატების სენატი კორონავირუსის გამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს. შესაბამისი კანონპროექტი, რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური პეკინი პანდემიის მიზეზების დადგენაში გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, დონალდ ტრამპს უფლება ექნება ჩინეთს სანქციები დაუწესოს.
გამოძიების ჩატარებისთვის ჩინეთმა შეერთებული შტატებს 60 დღის განმავლობაში ყველა საჭირო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე მოითხოვს ჩინეთს ხელისუფლებამ დახუროს ბაზრები, სადაც გარეულ ცხოველებს ყიდიან, ასევ გაათავისუფლებენ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ აქტივისტები.