logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 13.06.2020

13 ივნ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 
abcwex2jt1quj44.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 13 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

5 წელი 13 ივნისიდან

13 ივნისის მასშტაბური სტიქიიდან დღეს 5 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წელს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა.

სტიქიამ გაანადგურა ​მრავალი საცხოვრებელი სახლი, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.

13 ივნისის ტრაგედია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. სტიქიასთან ერთად კამერებზე აღიბეჭდა ქალაქში მოსეირნე ბეჰემოთი, ვეფხვი, ლომი და სხვა მრავალი ცხოველი.

 

მალხაზ მაჩალიკაშვილი მაჟორიტარად

„ბევრი თხოვნის შემდეგ, გადავწყვიტე მაჟორიტარი ვიყო, - ამის შესახებ განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, ამას ყველა იმ ადამიანისთვის აკეთებს, რომლებიც მახინჯი სისტემისგან დაიჩაგრნენ.

„მაჩალიკაშვილს რა უნდა პარლამენტშიო რომ იძახიან, თუ გავითვალისწინებთ ვინ ზის დღეს პარლამენტში, მაჩალიკაშვილი შეიძლება ამერიკის სენატშიც დასვან,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

კვიციანმა „პატრიოტთა ალიანსი” დატოვა

დეპუტატი ემზარ კვიციანი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მიდის. სოციალურ ქსელში ინფორმაცია კვიციანმა თავად გაავრცელა. მისი თქმით, პარტიიდან განაწყენებული არ მიდის, უბრალოდ არ უნდა გიჟური გადაწყვეტილებებით მეგობრებს ავნოს.

სოციალური ქსელში გამოსამშვიდობებელ სტატუსს გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. „ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება,” - დაწერა პარტიის ლიდერმა.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

851 ინფიცირებული, მათგან 702 გამოჯანმრთელებული და 13 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 297 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3026 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7.7 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი უკვე 4 მილიონამდე პაციენტმა დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 428 ათასზე მეტია. ამ დროისთვის 54 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილიამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში COVID-19-ს უკვე 41 901 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 843 ბოლო 24 საათში დაიღუპა. ქვეყანაში ვირუსი სულ დადასტურებული აქვს 830 ათასამდე პაციენტს, მათგან 430 ათასამდე კი უკვე განკურნებულია.

 

ნეპალში წითელ პანდებს აკვირდებიან

მეცნიერებმა ნეპალის მთებში 10 წითელ პანდას სპეციალური GPS ყელსახვევი გაუკეთეს. ცხოველთა ეს სახეობა გადაშენების პირასაა და მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათასი ინდივიდიღაა ცოცხალი.

BBC-ის ცნობით, მეცნიერებს აღნიშნული მოწყობილობა შესაძლებლობას მისცემს, უკეთესად შეისწავლონ მიზეზი, თუ რატომ მცირდება წითელი პანდების რაოდენობა. 

 

საფრანგეთში ატომურ წყალქვეშა ნავზე ხანძარი გაჩნდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავზე ხანძარს რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი აქრობდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Le Figaros-ს ცნობით, ატომურ წყალქვეშა ნავზე რადიოაქტიური ნივთიერებები და შეიარაღება არ იყო განთავსებული, შესაბამისად არც ხანძრით გამოწვეული კვამლი იყო მომწამვლელი. 

 

იუვენტუსი იტალიის თასის ფინალშია

ტურინული გუნდი იტალიის თასისთვის იბრძოლებს. იუვენტუსი გუშინ მილანს ნახევარფინალის საპასუხო მატჩში დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა, გუნდმა ფინალში გასვლა მანამდე სტუმრად გატანილი გოლით შეძლო.

თასისთვის ბრძოლა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და გუშინ, თბილისის დროით 23:00 საათზე განახლდა. მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.


close დახურვა