logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 13.11.2019

13 ნოე 201910:17
3 წუთის საკითხავი
 
cfz3p5hz5bks6sr.jpg

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია პარლამენტთან

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონ-პროექტის განხილვის პარალელურად, 12 საათზე პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქცია გაიმართება. „არ გაბედო ჩაგდება!“ - საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დღესაც ასე ჟღერს.  

მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან გუშინაც შეიკრიბნენ. მათი აზრით, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირებები დადგმული იყო და მიზნად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონ-პროექტის ჩაგდებას ისახავდა.

გუშინდელ სხდომაზე მაჟორიტარმა დეპუტატებმა უმრავლესობიდან განაცხადეს, რომ ისინი პროპორციული სისტემის წინააღმდეგები არიან და დამატებითი კონსულტაციები მოითხოვეს. შედეგად, დღესვე უმრავლესობის სხდომაც გაიმართება.

 

ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მათ შორის ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. თამლიანი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 ივლისს დააკავეს.

 

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი სახლში გადაასვენეს

36 წლის ნოდარ ცხადაძე, რომლის ცხედარიც თბილისის ზღვაზე იპოვეს, სახლში გადაასვენეს. მამაკაცს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სავარაუდოდ, სხვა ადგილას მოკლეს, შემდეგ კი ზღვის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დრომდე ეძებენ ცხადაძის მეგობარს, ბექა კვიციანს, რომელიც"პატრიოთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის ძმისშვილია. 

რაც შეეხება ბექა კვიციანს, დეპუტატმა ძმისშვილის ადგილსამყოფელი არ იცის.

"ერთად იყვნენ და მაგიტომ ფიგურირებს მისი სახელი. სად არის ჯერ არ ვიცით", - განუცხადა "ფორმმულას" სატელეფონო საუბარში ემზარ კვიციანმა. 

 

ერდოღანი ტრამპს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დონალდ ტრამპს თეთრს სახლში შეხვდება. პრეზიდენტების შეხვედრა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის გამო ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთორთობების ფონზე გაიმართება. 

 


close დახურვა