ძველით ახალი წელი
14 იანვარს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. ეს დამატებითი დღესასწაულია, რომელიც კალენდრული სისტემის შეცვლის შედეგად გაჩნდა. საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია ორი ახალი წლის აღნიშვნა: ძველის სტილით 14 იანვარს (არაოფიციალურად) და ახალი სტილით - 1 იანვარს. ქართული ეკლესია საახალწლო პარაკლისს ძველი სტილით, სწორედ 14 იანვარს იხდის და შესაბამის ლოცვასაც აღავლენს.
ეროვნული დროშის დღე
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში, საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. თბილისის საკრებულოს წევრები შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოჰფენენ.
ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განმარტებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ.
პატრიარქის ნათლულთა რიცხვი 41 ათასს უახლოვდება
დღეს სამებაში პატრიარქი დამატებით 500-ზე მეტ ბავშვს მონათლავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. საღამოს ილია მეორე ნათლულებს დალოცავს. საყოველთაო ნათლობა 62-ედ იმართება, პატრიარქს კი უოვე 40 388 ნათლული ჰყავს.
სასამართლო პროცესები
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12:00 საათზე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 16:00 საათზე საკრებულოს ბრალდებული წევრის ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მორიგ განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც გაგრძელდება სასამართლო პროცესი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე.
"ლელოში" მიიჩნევენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს სასამართლო ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. პარტიის წევრთა შეფასებით, ამ ყველაფრის მიზანი მათი ლიდერების აქტიური პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებაა. პარტია უახლოეს დღეებში სასამართლოს წერილობით მიმართავს იმის დასადგენად, არის თუ არა სასმართლო პრაქტიკაში სხვა საქმე, რომელიც ასეთი სწრაფი ტემპით განხილულა.
საქართველოში დღეს გამოიდარებს - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვარს გამოიდარებს და 18 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სააგენტოს ცნობით, 14-15 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვარს მოიღრუბლება და აცივდება - ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება; ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. 16 იანვარს კი ცივი, ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელია. ზეგ დედაქალაქში შესაძლოა მოთოვოს, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს.
ევროპის მიმართულებით შესაძლოა ფრენები შეფერხდეს
დღეს იტალიაში მასობრივი გაფიცვაა დაანონსებული. სამუშაო პირობებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ავიამეთვალყურეები შეუერთდებიან, რომლებიც 13:00-დან 17:00 საათამდე მუშაობას შეწყვეტენ.
გაფიცვას შეუერთდებიან იტალიის სხვადასხვა აეროპორტის თანამშრომლები, ასევე, Easyjet-ისა და Ernest Airlines-ის თანამშრომლები. გაფიცვის გამო მოსალოდნელია არაერთი ავიარეისის გადადება, ასევე არ არის გამორიცხული მოთხოვნა გაიზარდოს ალტერნატიულ ფრენებზე.
Microsoft-ი Windows 7-ის პროგრამულ მხარდაჭერას წყვეტს
კორპორაცია Microsoft-ის განცხადებით, დღეიდან Windows 7-ის პროგრამულ მხარდაჭერას წყვეტენ. დღეიდან Windows 7-ის მომხმარებლები ტექნიკურ მხარდაჭერას და პროგრამულ განახლებებს ვეღარ მიიღებენ.
Microsoft-ი აფრთხილებს ყველას, ვინც კომპიუტერებზე Windows 7-ს მოიხმარს, რომ პროგრამული განახლებების შეწყვეტის გამო, გაიზრდება ვირუსების საფრთხე და ურჩევენ, Windows 10-ის სისტემა გამოიყენონ, რონლის გამართული მუშაობისათვისაც ახალი ტექნიკაა საჭირო.