logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 14.02.2020

14 თებ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 
vaomd5xiqbjqc5p.jpg

კალაძე-კობახიძის „ლაივები“ მიუხენის აეროპორტიდან

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, დეკლარაცია ჩავარდა თუმცა, ქართული ოცნების წევრებში გაღიზიანება არა ამ ფაქტმა, არამედ ოპოზიციის განცხადებებმა გამოიწვია. იმისათვის, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ოპონენტების განცხადებებისთვის ამაზრზენი ეწოდებინათ, მიუნხენის აეროპორტიდან ფეისბუქ ლაივშიც კი ჩაერთვნენ.

მას შემდეგ კი რაც ლაივი დაასრულეს, მათთან ქართველი აქტივისტი მივიდა. ირაკლი ხეხელაშვილმა თბილისის მერის მსგავსად პირდაპირი ჩართვა გააკეთა და „ქართული ოცნების" წევრებს ის შეკითხვები დაუსვა, რომლებიც საზოგადოებაში არის. აქტივისტმა ოცნების მაღალჩინოსნებს 20 ივნისის მოვლენები გაახსენა, კერძოდ კი ის ფაქტი, როდესაც მაკო გომურს თვალი ამოთხარეს, მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და მოქალაქეებს ტყვიები დამიზნებით ესროლეს.

ირაკლი ხეხელაშვილმა კალაძესა და კობახიძეს გასულ წელს თბილისში გავრილოვის ჩამოსვლა, მაისში კი რუსეთის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი შეახსენა. კრიტიკული კითხვების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების" წევრებმა აქტივისტი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოიხსენიეს.

 

ევროკავშირთან ასოცირების დეკლარაციის ჩავარდნა

ხელისუფლების მიერ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის ერთობლივი დეკლარაციის ჩაგდებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა. დავით უსუფაშვილი აცხადებს რომ ეს მოვლენა არის მკაფიო მაგალითი, თუ როგორ აზარალებს ხელისუფლება სახელმწიფოს. ამ უპრეცედენტო შემთხვევაში კი „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

ქვეყნის პრემიერი და პარლამენტის სპიკერი კრიტიკას ევროპარლამენტარებისგან ღია წერილით მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან დეკლარაციაში კრიტიკული ცვლილებების გამო, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის არსებობის პერიოდში პირველად - ევროპარალმენტის დეპუტატებმა და საქართველოს დელეგაციამ ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლო.

 

ევროპარლამენტარების კრიტიკა „ოცნებას“

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიანე მომხდარს სოციალურ ქსელშიც ეხმაურება. „მე მხარს ვუჭერ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ  არ ვუჭერ მხარს სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ“ - წერს იუნკევიჩიანე საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

დასკვნითი განცხადების ჩავარდნას აფასებს მარკეტა გრეგორევაც: „ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ევროპულ გზაზე თქვენს მხარდაჭერას.  ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, იმის შესახებ, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ“ - აღნიშნულია გრეგორევას ტვიტერში.


წერილები „ოცნებას“ გერმანიიდან და საფრანგეთიდან

ოპოზიციის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი წერილების გასაიდუმლოებას ეხმაურებიან. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებით ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საზოგადოების მიმართ, ანგარიშვალდებულება კი ყველა საჯარო ინფორმაციის გასაჯაროებაში გამოიხატება.

ეკა ბესელიას ვარაუდით მმართველი გუნდი წერილებს კრიტიკისა და სიმწვავის გამო არ ავრცელებს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია კი საზოგადოებისადმი უპატივცემულობად აფასებს მმართველი გუნდის მხრიდან წერილის დამალვას.


„ოცნებამ“ აშშ-ში მორიგი ლობისტური კომპანია დაიქირავა

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოს მმართველმა პარტიამ კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ გააფორმა, რომელიც პარტიის ინტერესებს მედიაში მის სასარგებლოდ ინფორმაციის გავრცელებით დაიცავს.

როგორც შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში შეტანილ სარეგისტრაციო განაცხადშია ნათქვამი, კომპანია ლობირებას გაუწევს ქართულ ოცნებას, როგორც სანდო და პრაგმატულ პარტნიორს დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში.

კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება თვეში 33 ათას 333 დოლარია და მისი ვადა  2020 წლის 31 ოქტომბრამდეა. შეთანხმებაში ქართულ ოცნებას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარმოადგენს.


ბმულმბერგის სტატია „ოცნების“ ლობისტებზე

ამჯერად ის არა დი-სი-აი-გრუპზე, არამედ კიდევ ერთ კომოპანიაზე წერს, რომელთანაც მმართველმა გუნდმა ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა. „საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ვაშინგტონში ახალ ლობისტურ კომპანიას ქირაობს“ - ასე ასათაურებს ავტორი პუბლიკაციას.

გამოცემა წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ჰოგან ლოველსთან“ კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა, ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრემიერ-მინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.

 

ტროლები ამჯერად ტვიტერს შეასიეს

ხელისუფლება ტროლების გამოყენებით საარჩევნოდ საზოგადოების აზრის მანიპულირებას სცდილობს - ასე აფასებენ ოპოზიცური პარტიები ტროლების მორიგ გააქტიურებას.

ფეისფუქზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მმართველმა გუნდმა თავისი ვირტუალური ქარხანა ახლა უკვე ტვიტერზე აამუშავა, სადაც სულ უფრო ხშირად ჩნდება დასავლეთის კრიტიკა ქართული ოცნების მიმართ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ტროლების ქარხნის ამუშავებით მმართველი გუნდი არჩევნებში ვერ მოიგებს.

 

მელიას საქმე საკონსტიტუციოში

ნიკა მელიას სარჩელს, რომელიც მისთვის ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსლიების შეწყვეტას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს განიხილავს. ფორმულასთან საუბრისას, ენმ-ის ლიდერის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა პოზიტიურ მოლოდინებზე ისაუბრა. მელიას აზრით, საქმე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დადებითად დასრულდება, ვინაიდან მას უფლებამოსილება არა სასამართლომ, არამედ პარლამენტმა შეუწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი დეპუტატის წინააღმდეგ იმ დროისთვის საქმე დასრულებული არ იყო. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი პარლამენტმა 12 დეკემბერს, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების მიზეზით შეუწყვიტა.


უგულავას შემდეგ შესაძლოა მელიაც დაიჭირონ

„ხელისუფლება არის არაადეკვატური, ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს და ამან შესაძლოა ვიზალიბერალიზაციასაც შეუქმნას პრობლემა“ - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელიას შესაძლო დაკავაებას.

საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, პოლიტპატიმრების რიცხვი საქართველოში შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. სახელმწიფო ნიკა მელიას „ქართუ“ ჯგუფის ქონების დამალვას ედავება. წარდგენილი ბრალდებებით სასამართლომ ნიკა მელია ერთ მუხლში გაამტყუნა და 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

2019 წლის 30 დეკემბერს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას ითხოვს. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოს ვერდიქტი ნიკა მელიას პატიმრობასტან დაკავშირებით 10 მარტს გახდება ცნობილი.

 

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება საჯარო სამსახურიდან

ბოლნისის საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი „ლელოს“ ყრილობაზე მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავით ასპანიძე ფორმულასთან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ 22 დეკემბერს „ლელოს“ ყრილობაში მონაწილეობა მიიღო და პარტიაში გაწევრიანებასაც აპირებდა.

სწორედ მაშინ, როცა ამის შესახებ მან საკრებულოს თავმდჯომარეს აცნობა,  თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც ასპანიძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი თავმჯდომარემ საკრებულოს თანამშრომლის მეგობრებს მისი დარწმუნება დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათაც დაატოვებინებდა დაკავებულ თანამდებობებს. მეგობრები, რომლებსაც მისი თანამდებობის დატოვებაში დარწმუნება ევალებოდათ, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებენ.


სოცმუშაკების აქცია კანცელარიასთან

გათავისუფლებული სოციალური მუშაკები და მათი მხარდაჭერები კანცელარიასთან დღეს აქციას მართავენ. ერთ-ერთი სოცმუშაკის თქმით, მათი მოთხოვნაა, პასუხი გაეცეთ თუ რატომ გათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მათავრი მოთხოვნა - გათავისუფლებული სოცმუშაკების სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტოში უკონკურსოდ აყვანაა.

შეგახსენებთ, ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. 29 იანვარს კი სოციალური მომსახურეობის სააგენტომ 33 სოციალური მუშაკი უკანონოდ დაითხოვა.


ინფექციურში ჩინეთიდან ჩამოსული 2 ქართველი მოათავსეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან შემოსული ორი ქართველი მოათავსეს. ერთ-ერთ მათგანს, ახალგაზრდა ქალს, კორონავირუსი არ დაუდგინდა და ის ბოქსირებულ განყოფილებას დღეს დატოვებს. მამაკაცს კი ტემპერატურის მატება ჩინეთშიც აღენიშნებოდა.

როგორც ახალგაზრდა კაცმა განაცხადა, მას კორონა ვირუსის დასადგენად დიაგნოსტიკა ჩინეთშიც ჩაუტარეს, თუმცა ვირუსი არ აღმოაჩნდა. პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება, დღის მანძილზე გახდება ცნობილი აქვს თუ არა მას კორონავირუსი.


კორონავირუსის შედეგები - განახლებული

ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში გასული დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით 116 ადამიანი დაიღუპა.  კოვიდ-19-ის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1480-ს გადააჭარბა. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში დაინფიცირების 5-ი ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლიდა.

პარალელურად,  საკრუიზო ლაინერი, რომლის მგზავრებმაც კორონა-ვირუსის საფრთხის გამო 2 კვირა ზღვაში გაატარეს, კამბოჯამ მიიღო. გემის 1500-ზე მეტ მგზავრს პორტში სამედიცინო პერსონალი დახვდა და სიმპტომების მქონე პირების გამოკვლევა ჩაუტარდათ.

მანამდე საკრუიზო ლაინერს პორტში შეშვებაზე სულ მცირე 5-მა ქვეყანამ უთხრა უარი. კორონავირუსით ინფიცირების მე-15 შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში. პაციენტი ტეხასის საჰაერო ბაზაზე კარანტინში მოათავსეს.

 

ტრამპს ირანთან სამხედრო იერიში შეუზღუდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპს,  კონგრესის თანხმობის გარეშე, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების უფლება შეუზღუდა. რეზოლუციას, რომელიც  55-ი ხმით 45-ის წინააღმდეგ იყო დამტკიცებული, რვა რესპუბლიკელი სენატორიც მიემხრო.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისს მხოლოდ ის შემთხვევები წარმოადგენს, როდესაც საუბარი ქვეყნისთვის უშუალო საფრთხის აღკვეთას ეხება. კენჭისყრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება საშიშია და სენატს მოუწოდა რეზოლუციას მხარი არ დაუჭიროს.


ირანის მუქარა აშშ-სა და ისრაელს

ირანის მუქარა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს.  ირანის „რევოლუციის გუშაგების“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, მცირე შეცდომის გამოც კი ორივე ქვეყანას დაარტყას. ჰოსეინ სალამიმ ეს განცხადება სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

ამერიკის არმიის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული გენერლის, ყასემ სოლეიმანის ხსოვნისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ასევე ქვეყნის მოსახლეობას ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხომეინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 


close დახურვა