logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 14.05.2020

14 მაი 202010:54
3 წუთის საკითხავი
 
tff8udulqmiv3sj.png

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 14 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

2 წელი ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციიდან

დღეს 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღამის კლუბებში „ბასიანი“ და „გალერი“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა და ამით ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ახალგაზრდული პროტესტიც გამოიწვია. საპოლიციო უწყებამ ძალის გამოყენებით დაატოვებინა ღამის კლუბებში გასართობად შეკრებილ ათასობით ადამიანს და განმარტა, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებებისთვის იყო საჭირო.

„ბასიანიდან“ და „გალერიდან“ მოქალაქეთა უმეტესობამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა და პირველი რეივ-აქციაც დაიწყო. პარლამენტის წინ შეკრებილებს ათასობით ადამიანი შეუერთდა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნა დააყენეს. გარდა ამისა, დემონსტრანტები იმ დროისთვის შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

ახალგაზრდულ პროტესტს მალევე დაუპირისპირდა ულტრანაციონალური, აგრესიული ჯგუფის აქცია და რუსთაველზე ვითარება დაიძაბა. სიტუაციის განმუხტვა პარლამენტთან მისვლით გახარიამ შეძლო, მან ბოდიშიც მოიხადა და ნარკოპოლიტიკის რეფორმაც დააანონსა. თუმცა, ბოდიში ბოდიშად დარჩა და დაპირება დაპირებად. პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ამ დრომდე თაროზეა შემოდებული.

 

სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა

სამოქალაქო მოძრაობის წევრები ხელისუფლებისგან ოპოზიციასთან 8 მარტს დადებული ხელშეკრულების ორივე პუნქტის შესრულებას მოითხოვენ. სირცხვილია, გაბედე და შეცვალე - ამ სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმების შესრულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. 

აქტივისტები ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიციამ და სამოქალქო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დასავლელი ელჩების მხრიდან ოცნების მიმართ ზეწოლის გაძლიერებისთვის. მათი თქმით, პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის შეთანხმებაში  დიდი წვლილი სწორედ იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც ახლა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით  ციხეში არიან, ამიტომ მათი გათავისუფლება პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

 

რუსთავი გაიხსნა

ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები დღეს დილიდან სრულად მოიხსნა. ქალაქებში შესასვლელებიდან უკვე აიღეს ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები. რუსთავში ოთხივე საკონტროლო პუნქტის დაშლის სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.  

via GIPHY

 

ქალაქი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისთან, ბათუმსა და ქუთაისთან ერთად ჩაიკეტა. ამ დროისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩება მარნეული. მუნიციპალიტეტის გახსნა 18 მაისს იგეგმება. 

 

COVID-19 საქართველოში

652 ინფიცირებული, მათგან 383 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 4 373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

via GIPHY


18 მაისიდან მთავრობამ რიგი შეზღუდვების მოხსნა დააანონსა. ორშაბათიდან მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები, დასაშვები გახდება დახურლ და ღია სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრება. თუმცა, ავტომობილში 3 პირზე მეტის ყოფნა კვლავ აკრძალული დარჩება.

 

„სათნოების სახლის” ბენეფიციარის განცხადება

წყალტუბოს "სათნოების სახლის" ბენეფიციარი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. მარინა ბაკურაძის განცხადებით, მას შეხება ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნული კონტაქტის გამო, ის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს და ჩატარებული კვლევის შემდეგ, მას ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, თუმცა სისხლის ანალიზში მცირე რაოდენობის ანტისხეულები აღმოუჩინეს. ბაკურაძის განმარტებით, ანტისხეულები რამდენიმე წლის წინ ბოტკინის გადატანას უკავშირდება და არა COVID-19-ს. 

 

ევროპარლამენტარ კუბილიუსის განცხადება

COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაგეგმილი რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირი საქართველოსთვის  500 მილიონ ევროს გამოყოფს.  ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ ეს დახმარება საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

„ევროკავშირი საქართველოსთვის სოლიდარობის ნიშნად, შეთანხმებული ფინანსური დახმარების გარდა,  COVID-19-თან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად 500 მილიონ ევროზე მეტს უზრუნველყოფს. დახმარება რეფორმების პროგრესთან, კანონის უზენაესობასთან, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან არის დაკავშირებული," - ვკითხულობთ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაში.

 

სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში

გუშინ გვიან ღამით ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. დასუფთავდა გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური ხსნარებით, დედაქალაქის ქუჩების დეზინფექცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. 

თბილისის მერმა გუშინ კომენტარი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით განაახლებს. 

 

დისკუსია ქალთა შრომით უფლებებზე

რატომ არის ქალთა ანაზღაურება და ეკონომიკური აქტივობა დაბალი მამაკაცებთან შედარებით - შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობის შესახებ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი დღეს ონლაინ დისკუსიას გამართავს. 

საქართველოში 15 წელზე უფროსი ქალების თითქმის 45 პროცენტი ეკონომიკურად არააქტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ არიან დასაქმებულები და არც სამუშაოს ეძებენ, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი მამაკაცებში 20%-ით ნაკლებია. შრომის ბაზარზე ქალებისთვის არსებული ბარიერები კიდევ უფრო თვალსაჩინო პანდენიის პირობებში გახდა. 

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4 430 123 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 1 659 873 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას ამ დროისთვის 300 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.  ოფიციალური მონაცემებით,  46 000-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

პანდემიით დაღუპულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში აქ კოვიდინფექციით 1 772 ადამიანი გარდაიცვალა, რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 85 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1 მილიონ 430 ათასს აღწევს. 

COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება რუსეთში. გუშინ ქვეყანაში კორონავირუსი 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რითიც საერთო რიცხვმა 242 ათასს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კოვიდინფექციას 2 212 პაციენტი ემსხვერპლა, ხოლო 48 ათასზე მეტი შემთხვევა გამოჯანმრთელებით დასრულდა.

 

COVID-19-მა შესაძლოა უკან არასოდეს დაიხიოს - ჯანმო

ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა უკან არასოდეს დაიხიოს. ეს განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა გააკეთა. მისი განმარტებით შეუძლებელია, იმის პროგნოზირება როდის გაქრება  კორონავირუსი. რაიანი მიიჩნევს, რომ ვაქცინის გამოგონების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს მასშტაბით მისი ეფექტიანი დანერგვისთვის „მასიური ძალისხმევა" იქნება საჭირო. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის დირექტორიც და თქვა, რომ  პანდემიის შესაჩერებლად  ყველა ქვეყანამ საკუთარი  წვლილი უნდა შეიტანოს.

 

ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებმა იმატა - გაეროს კვლევა

 

პანდემიის გამო მსოფლიოში ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებმა იმატა, ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ჯანმრთელობის ექსპერტი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც მილიონობით ადამიანი ფატალური შემთხვევებისა და დაინფიცირების მოლოდინში იზოლაციაში იმყოფება ფსიქიკური აშლილობის შემთხვევები მსოფლიოში მომატებულია. გაეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრობლემა იზოლაციამ, შიშმა, გაურკვევლობამ და ეკონომიკურმა არამდგრადობამ გამოიწვია.


close დახურვა