logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 15.02.2020

15 თებ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
ium7sdy33emz2uv.jpg

ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას ახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ. ამ დღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ერთობლივად აფიქსირებენ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების ნაციონალურ და გლობალურ პრიორიტეტად აღიარების აუცილებლობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მოზარდებს შორის ონკოლოგიური დაავადების 300 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება - დღეში საშუალოდ 800. საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ბავშვთა გადარჩენის შანსი 80%-მდე აღწევს, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 20%-ია.

მსოფლიო ბავშვების 80% დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ცხოვრობს, მათ შორისაა საქართველოც. ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებებია: ლეიკემია, ლიმფომა და ტვინის/ნერვული სისტემის კიბო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური ინიციატივა 2030 წლისთვის კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის 60%-იანი გადარჩენის მაჩვენებლის მიღწევას გულისხმობს.

 

ბათუმში „რივიერას“ მშენებლობას გააპროტესტებენ

„არა ჩაბეტონებას“ - ამ ლოზუნგით „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი მოითხოვენ, რომ დაუყონებლივ შეწყდეს მშენებლობა ბათუმის კონცხზე და პროექტისთვის გამოინახოს ალტერნატიული ტერიტორია. მათი განცხადებით, კერძო ბიზნესინტერესებს არ უნდა შეეწიროს ქალაქის მომავალი და რეგიონის სტრატეგიული ინტერესები, რადგან პროექტი საფრთხეს უქმნის ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, ისტორიულად ჩამოყალიბებულ ხედებსა და სოციალურ ეკონომიკურ კონტექსტს.

მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, პროექტის განხორციელება საფრთხის შემცველია  ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კუთხით, რადგან ბათუმის კონცხის ნიადაგი პრობლემური ადგილია და ეს ასახულია არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დასკვნაში.

 

მოზარდის გატაცება მარნეულში

მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, 14 თებერვალს, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.

პოლიციამ გ.მ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავა, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

ასტეროიდი დედამიწას რამდენიმე მილიონ კილომეტრში აცდება

ასტეროიდი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მასშტაბური ნაგებობები, დედამიწას დღეს რამდენიმე მილიონი კილომეტრით აცდება - ინფორმაციას NASA ადასტურებს.

THE HILL-ის ცნობით, ასტეროიდი დედამიწისკენ 54 000 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს, ხოლო მისი დიამეტრი 990 მეტრამდეა. ასტეროიდს, რომელიც მზის გარშემო დედამიწის გზას გადაკვეთს, თავისი ზომიდან და მოცულობიდან გამომდინარე, მეცნიერები „პოტენციურად საშიშს“ უწოდებენ.

 

ამბოხებულებმა სირიაში სამთავრობო ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში, ალეპოსთან, ამბოხებულებმა სამთავრობო ძალების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ცეცხლი არმიის ვერტმფრენს თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა იმ დროს გაუხსნეს, როდესაც ის დასახლებას ბომბავდა. ეკიპაჟის ორივე წევრი ადგილზე დაიღუპა. ამბოხებულთა განცხადებით, ვერტმფრენი დასახლებების დაბომბვის საპასუხოდ ჩამოაგდეს. ბოლო ორი კვირაა სირიის ჩრდილოეთ რაიონებში საომარი მოქმედებები გააქტიურდა. სამთავრობო ძალები რუსების დახმარებით იდლიბის პროვინციის აღებას ცდილობენ, რომელიც ერთდერთი რაიონია, რომელსაც ოპოზიციის მებრძოლები აკონტროლებენ.

 

ახალი კორონავირუსი - განახლება

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო პეკინში ახალი რეგულაციები შემოიღო. დედაქალაქში სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულებს 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ. ბოლო მონაცემით, საშიში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1523-მდე გაიზარდა, აქედან 143 ადამიანი გასული 12 საათის განმავლობაში გარდაიცვალა. გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც; მათი რაოდენობა 66,500-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი დღეიდან ჩინელ კოლეგებთან ერთად ვირუსის გავრცელების მიზეზებს შეისწავლის. სპეციალისტები გამოიძიებენ მედ პერსონალის დაინფიცირების შემთხვევებსაც. ცნობილია, რომ კორონავირუსმა 6 ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ბაკურიანობა 2020

ბაკურიანობა, ტრადიციულად, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. დღეს ბაკურიანში სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა. მსურველები ერთმანეთს ოთხ სახეობაში შეეჯიბრებიან: სლალომი, ტრამპლინიდან ხტომა, თხილამურებით სირბილი და ჰოკეი. ბაკურიანობა ხვალაც გაგრძელდება. ხვალ შეჯიბრი მაღალი გამავლობის ავტომობილებს შორის გაიმართება რამდენიმე კატეგორიაში. სპორტული ღნისძიებების გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადასცემენ. სპეციალური თამაშები მოეწყობა ბავშვებისთვისაც. ორდღიანი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.


close დახურვა