ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 15 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
COVID-19 საქართველოში
671 ინფიცირებული, მათგან 393 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 3 873 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404.
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისში. ახალი ინფიცირებულებიდან 7 სოფელ მუშევანიდან, 8 კი სოფელ გეტადანაა. გუშინ გვიან ღამით სამი პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, პაციენტებს COVID-19 საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდათ და ისინი ახალ კლასტერს არ მიეკუთვნებიან.
სოფელი გეტა ჩაიკეტა
COVID-19-ის ახალი შემთხვევების გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცა. ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი FACEBOOK გვერდზე წერს და განმარტავს, რომ სოფელში დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები გატარდება. მისი მტკიცებით, მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სოფელ მუშევანს, აქ გამკაცრებული საკარანტინე ზომები 25 აპრილიდან მოქმედებს.
შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი
ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება. 18 მაისიდან მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები. ორშაბათიდან სპეციალური საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნება მარნეულის მუნიციპალიტეტში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დასაშვები იქნება 3 ადამიანზე მეტის შეკრება როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში, თუმცა ავტომობილით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. ჯერჯერობით უცნობია როდის გაუქმდება კომენდანტის საათი და როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
სახელმწიფოს შეზღუდვების მოხსნის პოლიტიკა გაუგებარია სპეციალისტებისთვის. ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კომენდანტის საათის ან სულაც ავტომობილებში მოქალაქეების რაოდენობის შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელებასთან კავშირში არ არის. სერგო ჩიხლაძის განმარტებით, მსგავსი სახის შეზღუდვების გაგრძელება, ხელისუფლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ემსახურება. ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობას ეს შეზღუდვები გარკვეული სახით ბარიერსაც კი უქმნის.
უსაფრთხო ტურისტული დერეფნები
მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე ისრაელთან, ავსტრალიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ასევე მიიღეს გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის სავალდებულო იქნება.
ადმინისტრაციის ცნობით, უკვე 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, რომ საქართველოში ფრენა 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.
სპეცრეისი ამსტერდამიდან
დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად ამსტერდამიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს 181 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.
სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:
-
18 მაისი: ლარნაკა - თბილისი
-
20 მაისი: ათენი - თბილისი
-
22 მაისი: რომი - თბილისი
COVID-19 ოკუპირებულ რეგიონებში
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 კოვიდინფიცირებულია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად.
ციხელაშვილის თქმით, სრულ მზადყოფნაშია საოკუპაციო ხაზთან განთავსებული რუხის კლინიკაც.დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავდებაზე მკურნალობს.
ევროპარლამენტარ კუბილიუსის მწვავე განცხადებები
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიას კუბილიუსი ხელისუფლებას 8 მარტს დადებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში" დიპლომატმა მწვავე განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ მმართველი გუნდი არადამაჯერებელია მაშინ, როდესაც ოპოზიციის დეპუტატს იჭერს და ამბობს, რომ ისინი კრიმინალები არიან.
მისი თქმით, უკრაინის ბედი, როდესაც იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჩასვა, საქართველომ არ უნდა გაიზიაროს. კუბილიუსის განმარტებით, არსებობს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა კონკრეტული სახელი და გვარები, რომელთაც ხელისუფლება სამართლებრივად დევნის. კუბილიუსი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს შესაძლოა საერთაშორისო ნდობა დაკარგოს, მმრათველ გუნდს კი 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
აშშ-მა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ COVID-19-თან ეფექტიანი ბრძოლისთვის 250 000 აშშ დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. აღჭურვილობა 2150 ფარს, 1500 ლიტრ სადეზინფექციო სითხეს, 12 260 რესპირატორს, 576 თრმომეტრსა და 12 260 ერთჯერადი სამოსს მოიცავს. აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებზე გადანწილდება.
COVID-19 მსოფლიოში
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 4 მილიონ 520 ათასზე მეტ ადამიანს, მათგან 1 705 678 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, 45 500-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
მსოფლიოში პანდემიის მთავარ ცხელ კერად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან 1 715 ადამიანი გარდაიცვალა. აქ ბოლო 24 საათში ვირუსი 27 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1 მილიონ 455 ათასს გადააჭარბა. პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დონალდ ტრამპი პირბადეების სადისტრიბუციო ცენტრს სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ესტუმრა, რის გამოც ამერიკულ მედიაში პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. მედიასაშუალებები წერდნენ, რომ თეთრი სახლის მიერ დაწესებული ნორმის ფარგლებში, რომელიც საჯარო სივრცეში პირბადის ტარებას მოითხოვს, ტრამპი არ ასრულებს.
ახალი კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ბრაზილიაშია, სადაც COVID-19-ისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფექციით 835 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აქ გარდაცვლილებს ვერტიკალურად მარხავენ.
COVID-19-ის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად უნდა ვიყოთ - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელის, მარიან ვან კერხოვეს თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევებმა იმატა და მსოფლიო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, კოვიდინფექციის ახალი შემთხვევები სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, სადაც ტესტირებას ყველა მაცხოვრებელს უტარებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თითოეული ქვეყნის გახსნამდე ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს.
იტალია ევროკავშირის დატოვებას განიხილავს
თუ ე.წ. მწვანე დერეფნის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანას არ სურს შეთანხმება, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის. კონტე მიიჩნევს, რომ ე.წ. დერეფნები ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განადგურებას ნიშნავს. „მწვანე დერეფანი“ საზღვრების სრულად გახსნამდე იმ ქვეყნებს აძლევს ტურიზმის აღდგენის საშუალებას, რომელთაც COVID-19-ის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ.