logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 16.03.2020

16 მარ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 
24ni24mbcwt2b9y.jpg

ონლაინ სწავლება უნივერსიტეტებში

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადის. უნივერსიტეტებმა სწავლების ამ მეთოდის გამოსაყენებლად სხვადასხვა სისტემა შეარჩიეს.

მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტის ყველა სკოლა დღეიდან პროგრამა "ზუმით" დაიწყებს დისტანციურ სწავლებას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ასევე, მოლაპარაკებები აქვს კომპანია "მაიკროსოფტთანაც".

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი დისტანციურ სწავლებაზე ეტაპობრივად, ფაკულტეტების მზაობიდან გამომდინარე გადავა.

სასწავლო პროცესზე ელექტრონულად ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც გადადის. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი დისტანციურ სწავლებას ილიაუნის ელეტრონული ბაზით, „არგუსითა" და „მუდლით" აპირებენ. საჭიროების შემთხვევაში კი ადმინისტრაცია სისტემაში ვიდეოლექციების დამატებასაც აპირებს.


საქართველოსა და რუსეთს შორის მიმოსვლა დროებით შეჩერდება

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დღეიდან მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება. მიზეზი კორონავირუსია. გადაწყვეტილება გუშინ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო. ექსპერტები ფიქრობენ, შეზღუდვები დაგვიანებულია.

სპეციალისტების თქმით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების კონტროლის არ არსებობის გამო, საფრთხე იმისა, რომ კორონავირუსი უფრო მასშტაბური გახდეს, დიდია. ფორმულასთან საუბრისას სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ რუსეთში გაცილებით მეტი დაინფიცირებულია, ვიდრე ამას ოფიციალურად ამბობენ. მისი თქმით, მთავრობას რუსეთთან საზღვრები COVID 19-ის დაფიქსირებისთანავე უნდა ჩაეკეტა.


გერმანიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

რეისების გაუქმების გამო გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი მათგანი ფორმულასთან საუბრისას ყვება, თუ რა ვითარებაში იმყოფება გერმანიაში. ირაკლი დემეტრაძე ამბობს, მას და საქართველოს სხვა მოქალაქეებს, საქართველოს საკონსულო გერმანიაში დახმარებას არ სთავაზობს. ფორმულას ინფორმაციით, გერმანიიდან გაუქმებული ფრენების გამო,  საქართველოს ათობით მოქალაქე ბერლინის აეროპორტში ჩარჩა.


აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს. ბათუმის ლაბორატორიის კვლევის საეჭვო პასუხებიდან გამომდინარე, საავადმყოფოდან მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს, საიდანაც კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მიიღეს. ამ დროისთვის აჭარის საკარანტინე სივრცეში 150, თვითიზოლაციაში კი 80-ზე მეტი ადამიანი რჩება.


კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც ცნობილია, გუშინ დადასტურებული 3 ახალი დაინფიცირებული კონტაქტში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან იყო. 33 ინფიცირებულიდან 2 უკვე გამოჯანმრთელების სტადიაზეა, მათი მეორადი ტესტირების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია 4 არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობაც. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მესამეული გადაცემა ჯერჯერობით საგანგაშო არაა, თუმცა მაინც არსებობს რისკი იმისა, რომ ვირუსი  უფრო მასშტაბური გახდეს. მედიკოსები მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.


კორონავირუსი მსოფლიოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში COVID 19-ს 368 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ამ მხრივ ლომბარდიაშია, სადაც ერთ დღეში პანდემიას 252 ადამიანი შეეწირა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,809 შეადგინა. იტალიაში გამოჯანმრთელებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი.

5 ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი გერმანიაში, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-ს შეადგენს.

128-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი საფრანგეთში.

28-მდე მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სომხეთში.

კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების მხრივ კლებაა სამხრეთ კორეაში, სადაც გასული დღე-ღამის გამავლობაში ინფიცირების 74 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით წინსვლაა ჩინეთშიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქ ვუჰანში კოვიდ-19-ით ინფიცირების მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის მასშტაბით მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 68 ათასამდე ადამიანი.

ამ დროისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 3 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 69-ს აღწევს.


ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე იმსჯელებენ ბუტა რობაქიძისა და 20 ივნისის საქმეზეც. "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ადვოკატი აცხადებს, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც ოქრუაშვილის მიმართ არსებობს, მის ბრალეულობას ვერ ამტკიცებს. მამუკა ჭაბაშვილს იმედი აქვს, რომ სასამართლოს მხრიდან განაჩენის გამოტანა დროულად მოხდება.

 


close დახურვა