logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 16.04.2020

16 აპრ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 
czoyqi65gbqk4hr.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოᲨვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 16 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

სააღდგომო ლიტურგიაში არაფერი იცვლება

საპატრქიარქო პოზიციას არ თმობს. სააღდგომო ლიტურგია ტრადიციული წესით აღევლინება. მრევლი ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე შევა, ხოლო ეკლესიას დილის 6 საათზე დატოვებს. საპატრიარქოსა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დიდ ტაძრებში ლიტურგიას მრევლი 2-მეტრიანი დისტანციით დაესწრება, მცირე ზომის ეკლესიებში კი მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. 

საპატრიარქოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს სასულიერო პირების ნაწილი.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია აცხადებს, რომ შეზღუდული სამედიცინო რესურსების პირობებში, საპატრიარქო სახელმწიფოს კრიზისისთვის იმეტებს. ის მთავრობის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არჩევნებში მხარდაჭერის დაკარგვის შიშით, მმართველი გუნდი შესაბამისი ზომების გატარებას ვერ ახერხებს.

პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა რომ, თუ ადამიანებს ეკლესიის გადარჩენა სურთ, სახლში უნდა დარჩნენ. იმ შემთხვევაში თუ აღდგომის ღამეს მრევლი ეკლესიებში შეიკრიბება, მედიკოსი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ვათარება იტალიის სცენარით განვითარდეს: "კუბოებს ვერ დავითვლით. ეს გინდათ?! დარჩით სახლში!"



COVID-19 საქართველოში

336 ინფიცირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს COVID-19 სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ.

via GIPHY

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკვეთრ მატებას ვარაუდობს, თუმცა მიიჩნევს, რომ დისტანციას ევროპის წამყვან ქვეყნებთან პიკის პერიოდშიც შევინარჩუნებთ. 



4 ქალაქი ჩაიკეტა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული წესები მოქმედებს. გუშინ 21 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ნებისმიერი სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ქალაქების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოეწყო, ტერიტორიებს სამართალდამცველები იცავენ. შეზღუდვა 25 აპრილამდე იქნება ძალაში. ამასთან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება. 

via GIPHY

ცნობილია, რომ ქალაქში შესვლა არ აეკრძალათ იმ ადამიანებს, რომელთა საცხოვრებელი მისამართებიც სწორედ ამ ქალაქებშია. ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დატოვონ ქალაქი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ. შეზღუდვები არ ეხება ადგილობრივი ტვირთების გადატანას. 

 

სპეცრეისი პარიზიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად პარიზიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. რეისს კვლავ ჯორჯიან ეარვეისი განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევროა. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.

via GIPHY

სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:

  • 18 აპრილი: თელავივი-თბილისი

  • 21 აპრილი: რომი-თბილისი

  • 24 აპრილი: ბარსელონა-თბილისი

  • 27 აპრილი: ვარშავა-თბილისი

  • 30 აპრილი: მადრიდი-თბილისი

  • 2 მაისი: პრაღა-თბილისი

 

COVID-19 მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 510 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 134 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ჯამში ვირუსი დაუდასტურდა 2 083 000-ზე მეტ ადამიანს. COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა 4%-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 2 482 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 28 500-ს გადააჭარბა. Მხოლოდ გუშინ ვირუსი 30 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 644 ათასს მიაღწია. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ღიად ამბობს რომ ქვეყანამ ეპიდემიის პიკი გადალახა. მან განმარტა, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკა მუშაობს და ქვეყანის გახსნის შესახებ ახალი გეგმა რამდენიმე საათში გასაჯაროვდება.

რთული ეპიდსიტუაციაა კვლავ საფრანგეთში, სადაც ბოლო 24 საათში COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი 1 438-ით გაიზარდა. ბოლო ერთ დღეში აქ გამოვლენილია დაინფიცირების 4 560 ახალი შემთხვევა. საფრანგეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდეობამ უკვე 30 ათასს გადააჭარბა.

შემთხვევების მატება ფიქსირდება ესპანეთშიც, სადაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 557 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვირუსი 6 599 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის უკვე 180 ათასს აჭარბებს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 70 ათასზე მეტი პაცენტი.

 

ნოტრ-დამის სოლიდარობა

პარიზის ღვთილმშობლის ტაძარის სამრეკლოში დიდი ზარი დარეკეს. ამ ფორმით ნოტრ-დამში ერთი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია გაიხსენეს და ამასთანავე პატივისცემა გამოხატეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც საფრანგეთში პანდემიას ებრძვიან. ზარის ხმა საფრანგეთის დედაქალაქში საღამოს 8 საათზე გაისმა, როდესაც რიგითი მოქალაქეები მედიკოსებს ავინებიდან მადლობის ნიშნად ტაშს უკრავდნენ. 

შეგახსენებთ, ნოტრ-დამს ცეცხლი 12 თვის წინ გაუჩნდა. შედეგად, ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებადე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა დაიწვა. ხანძარს არ დაუზიანებია ტაძრის წინა ნაწილში მდებარე მრგვალი სარკმელი, ორი მთავარი კოშკი და ფარდული.


close დახურვა