logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 16.05.2020

16 მაი 202010:41
3 წუთის საკითხავი
 
hq580jba951t0l0.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 16 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმრები

პოლიტპატიმრებმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო გუშინ ღამითვე დატოვეს. ისინი პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ. 

შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

უგულავამ განმარტა: „დღეს რურუას სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებდა, რადგან ის ჯერ ბრალდებულია და არა მსჯავრდებული, თუმცა, ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც არსებობს“.

 

 

უგულავას და ოქრუაშვილის პირველი განცხადებები 

 

პირველი ბიძგი ამ ქვეყანაში და პირველი სიტყვა ეკუთვნის ხალხს - უგულავა

გათავისუფლების შემდეგ, გიგი უგულავასთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ „ფორმულას“ ეთერში შედგა. მისი განცხადებით, პილიტპატიმრების გათავისუფლება საერთაშორისო გამოხმაურებებისა და ქართველი საზოგადოების დამსახურებაა. 

უგულავამ ასევე, აღნიშნა, რომ მისი დაპატირმრებაც და გათავისუფლებაც ბიძინა ივანიშვილისთვის თვითდაზიანების ტოლფასია.

„ამ ისტორიამ გამოაჩინა, რომ ჩვენ ქვეყანას მართავს კაცი, რომელიც თვითდაზიანების გზით დადის, ჩემი დაჭერაც მისთვის თვითდაზიანება იყო და ჩემი განთავისუფლებაც მისი თვითდაზიანებაა, უნდა წარმოვიდგინით, რომ თუ ადამიანი იმდენად გონს გასულია, რომ ამდენ თვითდაზიანებას იღებს,” - ამბობს უგულავა.

უგულავას თქმით, ქართული ოცნება უნდა მოემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად.

თბილისის ყოფილი მერი სასჯელს ბიუჯეტიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე იხდიდა. მას თავდაპირველად საქალაქო სასამართლომ ამ ბრალდებისთვის 1 წელი და 3 თვე მიუსაჯა, თუმცა, ის სხვა სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. Უგულავა ამავე საქმეზე,  უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ წლის 20 თებერვალს დააპატიმრეს, ვინაიდან სასამართლომ ამჯერად უფრო მეტი, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

 

ირაკლი ოქრუაშვილი:

გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ თავადაც და ყველა პირიც, ვინც 20-21 ივნისის საქმეზე ციხეში მოხვდა პოლიტიკური პატიმრები იყვნენ და ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიღებული იყო.

„ქვეყანაში გადაწყვეტილებას ყველა შტოში იღებს ბიძინა ივანიშვილი,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა „ფორმულას“ ეთერში. 

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა უმარტივესად შესასრულებელი დაპირებაც ვერ შეასრულა და ოპოზიციონერი ლიდერები საპატიმროში ვერ გამოკეტა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს.

 

საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება

 

გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკისადმი მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან - სენატორები

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ, რომელშიც საქართველოში ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

„განსაკუთრებით გვაწუხებს საქართველოს კავშირები ამერიკის მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ბიზნეს და სტრატეგიულ ინტერესებთან,” - ნათქვამია წერილში.

მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ბიზნესი უკვე წლებია გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს. ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ბრიფინგს შემდეგ საკითხებზე ითხოვენ: 

  • საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ მეთაურობით, გარეულია ამერიკული ბიზნესის ქვეყნიდან შევიწროებაში. 

  • მსგავსი აქტივობები მოტივირებულია გეოპოლიტიკური მიზნებით, მათ შორის „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებით რუსეთის მთავრობასთან.

 

სენატორები რიში და შაჰინი: ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში პოლიტპატიმრების შეწყალებას ეხმაურებიან

„ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც შეცვლის საქართველოს საარჩევნო სისტემას და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში... ასევე, ველით მედიასაშუალების მფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ცრუ ბრალდებით დააკავეს“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში

გვიან ღამითვე გამოეხმაურა პოლიტპატიმრების შეწყალებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმა.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას,” - წერს ფოტიგა ტვიტერზე.

 

პოლიტპატიმარი გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

ამ დრომდე საპატიმროში რჩება პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ოპოციური სპექტრი და საერთაშორისო პარტნიორთა ნაწილი ითხოვს. აღსანიშნავია, რომ მისი შეწყალება პრეზიდენტს არ შეუძლია, ვინაიდან იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საქმეზე განაჩენი გამოტანილი არ არის.

8 მარტის შეთანხმების საბოლოოდ შესასრულებლად და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერისთვის ოპოზიცია ახლა ერთადერთ პირობად სწორედ რურუას გათავისუფლებას ასახელებს. 

„ევროპული საქართველო“ ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საარჩევნო მოდელს ხმას იმ შემთხვევაში მისცემს თუ გიორგი რურუა პირველ მოსმენამდე იქნება გათავისუფლებული,” - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

 

ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „ოცნება” გაემიჯნა

სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალებას „ქართული ოცნების” ლიდერები გაემიჯნენ და ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მისი განცხადებიდან შეიტყვეს. 

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია [შეწყალებაზე] არ გვქონდა, - განაცხადა კახა კალაძემ.

„პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი, ვინაიდან საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე მძლავრი პოლიტიკური იარაღი ჰქონდა აღებული დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, მისი საქმეა და მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,” - მამუკა მდინარაძე.

„ამ ორი კრიმინალის შეწყალებისას სალომე ზურაბიშვილს სავარაუდოდ კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება, ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას,” - ირაკლი კობახიძე.

 

ოპოზიციის შეფასებები: 

„ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. მისი თქმით, მაშინ როდესაც პოლიტპატიმარი გიორგი რურუაც გათავისუფლდება, შეიძლება ითქვას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება.

„ეს არის ნორმალური ვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვსურს ამ პროცესის დასრულება. რურუას გამოშვებით დასრულდება ძალიან სარისკო პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის,” - გიგა ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებას დაგვიანებული უწოდა, რადგან მას აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. 

„ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ პოლიტპატიმრები გამოვუშვით, მაგრამ პოლიტპატიმრები არ არიანო. ცდილობენ რომ კატასავით ზურგზე არ დაეცნენ. დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის დასავლეთის, ოპოზიციური პარტიების, ერთობისა და სამოქალაქო აქტიურობის შედეგი,” - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

COVID-19 საქართველოში

677 ინფიცირებული, მათგან 419 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 3 873 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 393. 

via GIPHY


კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისში. ახალი ინფიცირებულებიდან 7 სოფელ მუშევანიდან, 8 კი სოფელ გეტადანაა. გუშინ გვიან ღამით სამი პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, პაციენტებს COVID-19 საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდათ და ისინი ახალ კლასტერს არ მიეკუთვნებიან. 

 

ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში კიდევ 180 მოქალაქე დაბრუნდა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნებისთანავე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი, სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ.

via GIPHY


უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 2-კვირიანი კარანტინის დროს 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 4,6 მილიონს გადააჭარბა

ოფიციალური მონაცემებით, დაავადებულ პაციენტებს შორის 45 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

ამ დროისთვის ინფექციას 308 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. Covid19-ით გარდაცვლილთა, გამოჯანმრთლებულთა და ინფიცირებულა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებია. Გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მას დიდი ბრიტანეთი მოსდევს 33 998 ფატალური შედეგით, მესამე ადგილზე კი იტალიაა, სადაც 31 600-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა. 

 

 


close დახურვა