ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 16 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.
ხანძარი ვარკეთილში
ვარკეთილში ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს გვიან ღამემდე აქრობდნენ. დამწვარია 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე 25 სახანძრო მანქანა მუშაობდა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მომხდარის შედეგად დაზარალებულ ყველა მოქალაქეს სახელმწიფო დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. საქმეზე გამოძიება - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძრის შედეგად შუახნის ქალი დაშავდა, რომელმაც უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება. მას ქვედა კიდურის მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სუს-მა „ფორმულას“ ინფორმაცია გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციაზე დაადასტურა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმის არსებობას ადასტურებს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ვასამბეგ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. საქმის გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება. მიმდინარეობდა ბრალდებულისა და მასთან დაკავშირებული პირების კონტროლი, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.
შეკვეთილი მკვლელობის სკანდალური დეტალები „ფორმულანიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სანდო წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციისას დაკავებული პირი, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაცია დაადასტურა მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმაც. ნიკა გვარამიამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში თქვა, რომ კონკრეტული ჯგუფი ჟურნალისტს უთვალთვალებდა მის გადაადგილების მარშრუტს არკვევდა. გვარამია ამბობს რომ მისი კოლეგების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
„სირცხვიალიას” აქტივისტები დააჯარიმეს
„გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" - თბილისის ქუჩებში ამ სიტყვების დაწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს. სამართალდამცველებმა აქტივისტთა ნაწილს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა, ნაწილს კი დედაქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ფულადი ჯარიმა დააკისრა.
აქტივისტთა ნაწილი სტენსილს პეკინის ქუჩაზე, სამშენებლო ღობეზე წერდა, რის გამოც მათ 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, ნაწილმა კი წარწერა პანორამას სამშენებლო დროებით ღობეზე დაწერა. დაჯარიმებამ აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია.
სტუდენტების აქცია
სტუდენტები განათლების სამინისტროსთან დღეს აქციას გამართავენ. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები სამინისტროსგან მოითხოვენ, სწავლის გადასახადის პირობები გადაიხედოს, რადგან პანდემიის გამო სტუდენტები შესაბამის საჭიროებებს ვერ იღებდნენ. თანხის გადაუხდელობის გამო ასობით სტუდენტს სწავლის სტატუსის შეჩერება ემუქრება.
„ოცნების“ დეპუტატი სუს-ში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რასობრივი დისკრიმინაციის საქმეზე „ქართული ოცნების" დეპუტატი ნავერიანი დაიკითხა, დღეს კი მესამე სექტორს გამოკითხავენ. საქმე ქართველებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას გულისხმობს.
თამაზ ნავერიანის გარდა, სუს-ში გამოკითხვაზე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ. ყველა მათგანი კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებენ, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვთ დადებული.
საკონსტიტუციო ცვლილებები
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კომიტეტებში მიმდინარე კვირიდან დაიწყება. ოპოზიციური პარტიები განხილვებში მონაწილეობის მიღებას კვლავ არ აპირებენ. მათი მოთხოვნა უცვლელია - შესრულდეს 8 მარტის ხელშეკრულების ორივე პუნქტი. ოპოზიციონერი დეპუტატები მონაწილეობას მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებენ. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ განხილვებში მონაწილეობისგან თავის შეკავება პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლობის გამოვლინებაა.
მესამე სექტორის მიმართვა ანა დოლიძეს
არასამთავრობო ორგანიზაციები ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზაციების განმარტებით, დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დაფუძნება და პოლიტიკურ საკითხებში ჩართვა მის დაკავებულ პოსტთან შეუთავსებელია. ანა დოლიძე არასამთავრობოების ამ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის შემთხვევაში, საბჭოს არამოსამართლე წევრის პოზიციას საკუთარი ნებით დატოვებს.
დაპირისპირება რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
სროლის ხმა ისმოდა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, დერბენტის რაიონში, სადაც აზერბაიჯანის მოქალაქეები და დაღესტნის პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი, COVID-19-ის გამო, ორ ქვეყანას შორის, საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ფეხით ცდილობდნენ. მათ პოლიციის მანქანები დაარბიეს. ქვები დაუშინეს სამართალდამცველებსაც, რის გამოც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში საკარანტინე წესები გაამკაცრეს. მუშაობა შეაჩერეს დაწესებულებებმა, ტრანსპორტმა და სავაჭრო ობიექტებმა.
პლაქვენილი VS კორონავირუსი
შეერთებულ შტატებში, კოვიდ 19-ის მკურნალობისთვის საგანგებო შემთხვევებში „ჰიდროქსიქლოროქინისა" და „ქლოროქინის" გამოყენების ნებართვა გააუქმეს. გადაწყვეტილება ქვეყნის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ მიიღო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კვლევების განახლებული მონაცემები არ ამტკიცებს, რომ ეს მედიკამენტები ახალი კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანია.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
879 ინფიცირებული, მათგან 704 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 267 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2710 პირი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8.1 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 439 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ეპიდვითარება უარესდება ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი 23 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. COVID-19 აქ ჯამში 890 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 44 ათასს აჭარბებს, მათგან ბოლო 24 საათში 729 ადამიანი დაიღუპა.