logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.01.2020

17 იან 202010:13
3 წუთის საკითხავი
 
fl8ma305ojo48md.jpg

პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში

  • გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესი;

  • გირჩის ბორდის წევრის, იმედა კლდიაშვილის პროცესი;

  • პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი;

  • 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული დანარჩენი პირების პროცესი;

  • თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური პლატფორმის მთავარი თემების მორიგ პრეზენტაციას გამართავს და პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდება.

 

აქცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან

მოძრაობა "გაბედეს" წევრები დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ საპროკურორო საბჭოსთვის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გააპროტესტებენ. შოთაძე უკვე იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს, თუმცა აღნიშნული თანამდებობა ხორავას ტრაგედიის შემდეგ მას შემდეგ დატოვა, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ არაერთი კითხვის ნიშანი გაჩნდა.

 

გარდაბნის თბოელექტტოსადგური 2-ის გახსნა

დღეს გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიმართავს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საპარტნიორო ფონდის, თანაინვესტირების ფონდის, "თბილისი ენერჯის", ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების, ბანკების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

 

მთავრობა და პარლამენტი

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა, ხოლო პარლამენტში - ბიუროს სხდომა და რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

 

სოცმუშაკები პარლამენტში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, დღეს, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართება, რომლებსაც სპეციალური ტრენინგ-კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

შეხვედრას დაესწრებიან: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარე სოფო კილაძე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ფელიქს ჰეტი.

 

ელისაშვილის შეხვედრა მსმენელთან

ტფილისის "ჰამქარის" დამფუძნებელი და "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი დღეს შეხვედრას გამართავს მსმენელთან. დედაქალაქის საკრებულოს ყოფიოი დეპუტატი ისაუბრებს ქუჩის პროტესტზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და, ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

 

ექსპერტები აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე დღეს ისაუბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუზე ქართულ მედიასთან, განცხადებაზე ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ და სერგეი შამბას განცხადებაზე. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე დღეს, ასევე, ისაუბრებენ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე და "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის საპროტესტო აქციების შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო. მას, ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც მარტში უნდა ჩატარდეს, ასლან ბჟანია ცვლის.

 

პრესკონფერენციები და ბრიფინგები

  • საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე განცხადებას გააკეთებს.

  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის (თდასუ) სტუდენტური თვითმმართვობა პრესკონფერენციას გამართავს. თდასუ-ს სტუდენტური თვითმმართვობა მანიფესტს იწყებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების კულტურისა და მეცნიერებათა სამინისტროს წინააღმდეგ.

  • ქართული ოცნების მხარდამჭერი კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა NDI-კვლევებზე განცხადებას გააკეთებს.

 

დისკუსია შეწყალების წესზე

ადმიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შეწყალების წესის შესახებ დისკუსიას გამართავს.

 

ავსტრალიაში იწვიმა

ავსტრალიაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ხანძარი მნიშვნელოვნად შეასუსტა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ავსტრალიის სამ შტატში, რომლებიც ტყის ხანძრისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, წვიმა კიდევ 2-3 დღეს გაგრძელდება. ავსტრალიაში ხანძარს 6 თვეზე მეტია რაც ებრძვიან. სტიქიას 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.


close დახურვა