logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.02.2020

17 თებ 202009:43
3 წუთის საკითხავი
 
rysli7knvqp2auz.jpg

შოთაძის მოსმენა პარლამენტში

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, შოთაძის კანდიდატურის წამოყენება ასახავს რეალობას, თუ როგორ არაფრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების აზრს. ნაციონუალური მოძროაბის წევრი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ დღეს კომიტეტისა და ხვალისთვის დანიშნულ პლენარულ სხდომებზე რამდენიმე დეპუტატი შევიდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ პროტესტი პარლამენტის შიგნითაც იგრძნობოდეს.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ გენერალური პროკურორის შესარჩევი პროცესი თავიდანვე ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან შოთაძის კანდიდატურის გამოჩენისთანავე მმართველი გუნდის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულებები გაჟღერდა. გურამ იმნაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ირაკლი შოთაძის პროკურორობის დროს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ბევრი საქმე დარჩა გამოუძიებელი, მისი გენერალურ პროკურორად დანიშვნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ეჭქვეშ დააყენებს.

 

ქართული NGO-ების შეხვედრა ევროპარლამენტარებთან

მართლმსაჯულება, კორუფციისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული ვითარება საქართველოში - ეს ის საკითხებია, რომელზე სასაუბროდაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ბრიუსელში გაემგზავრნენ. მათ ევროპარლამენტის, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისა და ევროკავშირში აკრედიტებული წევრი ქვეყნების მისიების წარმომადგენლებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინონ და მონიტორინგის შედეგები გააცნონ.

ვიზიტისას საუბარი შეეხება არჩევნების თემასაც. ბრიუსელში გამართულ ვიზიტს ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებით ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრება. დისკუსიის მთავარი მომხსენებელი კი, ევროპარლამეტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრეს კუბილიუსი იქნება.

 

ოპოზიციის პასუხი ხელისუფლებას

„ის, რომ 2020 -ის მერე ყველა არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, კონსტიტუციური ვალდებულებაა და არა თალაკვაძის შემოთავაზება", - ასე ეხმაურებიან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ოპოზიციაში. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, მმართველმა გუნდმა არაერთ შეთავაზებაზე ისაუბრა, თუმცა ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აღარ აპირებს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ 2020-ის არჩევნები 100/50-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარდება და შემდეგი საარჩევნო წლიდან სრულად პროპორციულად, ოპოზიცია აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

 

აქცია: სოლიდარობა აჭარა TV-ის ჟურნალისტებს

პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიისადმი სოლიდარობის გამომხატველ აქციას გამართავს. ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტელევიზია უკვე რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, მათ შორისაა ნათია ზოიძე, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა.

როგორც ჟურნლაისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მგელაძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში" სტუმრობისას აღნიშნა, აჭარის ტელევიზიამ კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ, ხასიათი გამოავლინა, რადგან მათ აჩვენეს, როგორ არ უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მაწუყებელი ხელისუფლებას და როგორ არ უნდა ეწეოდეს ტელევიზია ხელისუფლების პროპაგანდას.

 

ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დღეს ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაპარტიელის კოტე კემულარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სხვა გამოსავალი აღარ აქვს, პოლიტიკურ ოპონენტებს პატიმრობაში ტოვებს და ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით დაშინების მეთოდს იყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბუტა რობაქიძის საქმე პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა, ოქრუაშვილს ამ საქმეზე ბრალი 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა. „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს რობაქიძისა და მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად პატიმრობაშია.

 

ნიკა გვარამიას პროცესი

საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" დირექტორის საქმეზეც იმსჯელებენ. საუბარია ნიკა გვარამიას, „რუსთავი ორ"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის პროცესზე. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

გვარამიას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენება დაცვის მხარის პოზიციებს გაამყარებს. საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ ნიკა გვარამიას პროცესები ინტენსიურად დღე გამოშვებით ჩანიშნა და ამას უფლებადამცველი საქმის პრიორიტეტულობით განმარტავს. საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო არ უნდა ანიჭებდეს საქმეს პრიორიტეტს იმის მიხედვით, თუ ვინ არის ბრალდებული და უნდა იხილავდეს საქმეებს როგორც დამოუკიდებელი არბიტრი.

 

გიორგი რურუას პროცესი

"მთავარი არხის" დირექტორის გარდა დღესვე საქალაქო სასამართლოში ტელევიზიის მეწილის პროცესიც გაიმართება. გიორგი რურუას სხდომაზე პროკურატურამ შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვას. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ მათი მხრიდან შესავალი სიტყვის წარმოთქმა დროის სიმწირის გამო ვერ მოესწრება. რურუას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, გიორგი რურუა სისტემის მსხვერპლია და ამას საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის საპატიმროდან გავრცელებული ვიდეოკადრები ადასტურებს.

 

სამოქალაქო აქტივისტების პროცესი

პოლიტიკოსებისა და მედია წარმომადგენლების პროცესების პარალელურად საქალაქო სასამართლოში „გაბედეს" აქტივისტების სასამართლო სხდომაც გაიმართება. უწყებაში ბექა ნათელაშვილის, თორნიკე ჯავახიშვილის, ნიკა და ბექა პეტრიაშვილიებისა და ოთარ ბექაურის ბრალეულობაზე იმსჯელებენ. სხდომაზე მხარეების მტკიცებულებების გამოკკვლევა დაიწყება, ასევე მხარეები ახსნა-განმარტებას წარმოადგენენ. ბექა ნათელაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს, მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ აქვს, რასაც გაბედეს წევრი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებად აფასებს.

 

ახალი კორონავირუსი - განახლება

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით 100 ადამიანი დაიღუპა. ეპიდემიამ ჩინეთში მთლიანობაში 1 775 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირების 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტებიდან თითქმის 11 ათასი მკურნალობის შემდეგ სახლში გაწერეს. კორონავირუსით მთლიანობაში 71 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

იაპონიაში, საკრუიზო გემზე მყოფი მყოფი 400 ამერიკელიდან ორმოცს კორონავირუსი აღმოაჩნდა. 2 თვითმფრინავის შეერთებულ შტატებში დაშვების შემდეგ ბორტზე მყოფ მგზავრებს განმეორებითი კარანტინი ელით. საკრუიზო ლაინერი, რომელზეც 4 ათასამდე ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფებოდა. კორონავირუსის შემთხვევების 90%-ზე მეტი ჰუბეის პროვინციაზე მოდის.

 

ირანი VS აშშ

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას ზეწოლის ქვეშ არასოდეს გამართავს. განცხადება ჰასან რუჰანიმ მედიასთან გამართული პრესკონფერენციისას გააკეთა. ქვეყნის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ირანი შეერთებული შტატების ზეწოლას არ დაემორჩილება და სუსტის პოზიციიდან დიალოგზე არ წავა. მისი თქმით, თეირანის მიმართ ვაშინგტონის ზეწოლა მარცხისთვის არის განწირული.

რუჰანის განმარტებით, შეერთებულ შტატებთან დათმობაზე ირანი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ვაშინგტონი თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეამცირებს. როგორც ჰასან რუჰანიმ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსთის ყურეში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ირანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც წერტილოვანი დარტყმით შეერთებულმა შტატებმა ირანელი გენერალი მოკლა.

 

ავარია კონგოში

14 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. უბედური შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ გადატვირთულ გზაჯვარედინზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო რამდენიმე მანქანასა და ხალხს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სატვირთოს მძღოლმა კონტროლი სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო დაკარგა. ექიმები დაღუპულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.

 

ელტონ ჯონმა კონცერტზე ხმა დაკარგა

ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში გამართულ კონცრტზე ხმა დაკარგა, რის გამოც 72 წლის მომღერალი იძულებული გახდა კონცერტი ჩაეშალა. „ხმა მლიანად დავკარგე, ვერ ვმღერი, უნდა წავიდე, ვწუხვარ" - ამ სიტყვებით ბრიტანელმა მომღერალმა ოკლენდში, კონცერტზე შეკრებილებს მიმართა. გულშემატკივრებმა არტისტი სცენიდან ოვაციებით გააცილეს. მან სცენა რამდენიმე ასისტენტის დახმარებით დატოვა. ელტონ ჯონს რამდენიმე დღის წინ პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა.

 

ძაღლების კარნავალი რიოში

რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სადღესასწაულო მსვლელობა შინაურმა ცხოველებმა მოაწყეს. ფესტივალზე ადამიანის ოთხფეხა მეგობრებმა კოსტიუმებში გამოწყობილებმა ჩაიარეს. შინაური ცხოველების კარნავალი ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.

პარალელურად რიო-დე-ჟანეიროში მასშტაბური კარნავალისთვის ემზადებიან. მსოფლიოში ყველაზე დიდი სადღესასწაულო მსვლელობისთვის ნიღბებსა და კოსტიუმებს, ასევე მოძრავ სცენებს ამზადებენ. ღონისძიება, რომელიც რიოს ქუჩებში მილიონობით სტუმარს ყოველწლიურად იზიდავს, 21თ თებერვალს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.


close დახურვა