logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.03.2020

17 მარ 202009:16
3 წუთის საკითხავი
clock 707
y6267f6fkil3ddk.jpg

მეორე გამოჯანმრთელებულ პაციენტს სავარაუდოდ დღეს გაწერენ

საქართველოში კარანტინში მოთავსებულთა რაოდენობამ 1008 ადამინს მიაღწია, კორონავირუსით კი ისევ 33-ია ინფიცირებული. ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ ერთი განკურნებული პაციენტი უკვე გაეწერა, სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას მეორე გამოჯანმრთელებული მოქალაქე. პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, საქართველოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეორე ადამიანი ეყოლება. ბოლო მონაცემებით, საქართველოში სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64 ადამიანი იმყოფება.


შეამოწმეთ კორონავირუსის ყველა საეჭვო შემთხვევა - ჯანმო ყველა ქვეყანას 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს შესაძლო ინფიცირების თითოეული შემთხვევის შემოწმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით პანდემიის შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები ტესტირების ორგანიზება, ინფიცირებულების იზოლაცია და კონტაქტების დროული დადგენაა, თუმცა ეს ქმედებები რიგ ქვეყნებში ოპერატიულად არ ტარდება. მისი თქმით პირადი ქცევების შესახებ მითითებების დაცვა არ არის საკმარისი პანდემიის შესაჩერებლად. ტედროს გებრეიესუსის განმარტებით, აუცილებელია კორონავირუსის ინფექციის ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება და პაციენტების იზოლაციის უზრუნველყოფა მაშინაც კი, როდესაც დაავადების სიმპტომები მარტივი  ფორმით ვლინდება.

„დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად და სიცოცხლის გადარჩენის ყველაზე ეფექტური გზა ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტაა. ამის გასაკეთებლად საჭიროა ტესტირება და იზოლირება. ჩვენ ვერ შევძლებთ შევაჩეროთ ეს პანდემია, თუ არ ვიცით ვინ არის ინფიცირებული. ჩვენი მოწოდება ყველა ქვეყნისთვის მარტივია: ჩაატარეთ ტესტირებები. შეამოწმეთ ყველა საეჭვო შემთხვევა. თუ ვარაუდი დადასტურდა, მოახდინეთ პაციენტის იზოლირება. დაადგინეთ ყველა პირის ვინაობა, ვინც ბოლო ორი დღის განმავლობაში მასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა და შეამოწმეთ ისინი პირველი სიმტპმების გამოვლენამდე.

საქართველოს საზღვრები ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ჩაიკეტა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2 კვირით ვერცერთი ქვეყნის მოქალაქე ვერ შემოვა. მსოფლიოში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ტალღა მომდევნო 2 კვირაში იქნება. ხელისუფლების გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ფორმულა ნიუსის კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა ევროპის ქვეყნებში დარჩენილ მოქალაქეებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ შენგენის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ 3 თვიანი ვადის გადაცილების შემთხვევა საპატიოდ ჩაითვალოს. ალექსანდრე ღვთისიშვილი ევროპაში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ფრენებს თვალი ადევნონ. საჭიროების შემთხვევაში კი კომპანია აირზენა მზადაა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განახორციელოს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს - ეროვნული უსაფრთხოების სხდომა

ეროვნული საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს დაეთმო. ამასთანავე, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ხელისუფლება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას პირველივე დღიდან მიჰყვება და გადაწყვეტილებასაც მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს.

კვების ობიექტებს დისტანციურ მომსახურებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიებს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გააცნეს, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება. თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეუფერხებლად შეძლებენ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას. შეხვედრაში 15-მდე კომპანია მონაწილეობდა.

ჟენევის მოლაპარაკებები კორონავირუსის გამო გადაიდო

კორონავირუსის გამო  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, მორიგი რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ეუთოს ვებ-გვერდზე სპეციალური განცხადებაც გამოქვეყნდა.

„თანათავმჯდომარეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი და ჩართულობა მოლაპარაკებების მონაწილეებთან ყველა არსებული საშუალების გამოყენებით. რათა მოხდეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების, ასევე ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა პრობლემების ადეკვატურად გადაჭრა." - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი 31 მარტს და პირველ აპრილს უნდა ჩატარებულიყო. გადადებული რაუნდის გამართვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ვარშავადან საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობა მოქალაქეებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ მოუწოდებს. 14 მარტს ავიაკომპანია ვიზეარმა პოლონეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილი ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ეს მეორე რეისია, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, პირველი ფრენა 15 მარტს შესრულდა.

სასამართლო პროცესები გადაიდო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო შეზღუდვებს აწესებს. დღეიდან, პროცესების უმეტესობა გადაიდება და ტერიტორიაზე შეიზღუდება მედიასაშუალებების გადაადგილება. სასამართლო მხოლოდ იმ საქმეებზე იმსჯელებს, რომლებსაც განხილვის შემჭიდროებული ვადები აქვს. ამასთან, შენობაში შესვლისას მოქალაქეებს ტემპერატურას შეუმოწმებენ. სასამართლოში შეიზღუდება საჯარო ღონისძიებები, შეხვედრები, მივლინებები, თანამშრომლების ნაწილი კი დისტანციურ მუშაობაზე გადავა.

ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსს, 2 158 ადამიანი ემსხვერპლა. გამოვლინდა დაინფიცირების 3 233 ახალი ფაქტი. სულ ქვეყნაში კორონავირუსის 27 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. 45-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში. თურქეთში კორონა ვირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. რუსეთში კი ოფიციალური მონაცემებით კოვიდ 19 - 93 ადამიანს დაუდგინდა. ხვალიდან ოკუპანტ ქვეყანაში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შესვლა იკრძალება. პანდემიის გამო უპრეცედენტო ზომებს იღებს გერმანია. ხელისუფლება მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება მაღაზიები, ბარები და რესტორნები, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებები. დონალდ ტრამპი კი მოსახლეობას მომავალი 15 დღის განმავლობაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, შეერთებული შტატებს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება

კორონავირუსი და მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 182 700-ს შეადგენს. დაღუპულია 7 173 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 79,883.

Worldometer-ის ცნობით, ახალი კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 152 ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ინფიცირების ყველაზე მეტი 27 980 შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული.

ახალი კორონავირუსი ოქროს გლობუსის მფლობელ მსახიობ იდრის ელბას დაუდგინდა. მსახიობმა ინფომაცია გუშინ გაავრცელა. იდრის ელბა სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერს. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ვირუსის სიმპტომები ჯერჯერობით არ გამოვლენილა და ამჟმად იზოლაციაში იმყოფება.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის სახალხო განხილვები შესაძლოა დისტანციურად გაიმართოს

ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს. იმისათვის, რომ საყოველთაო განხილვები შედგეს, კომისიის შექმნაა საჭირო. კომისია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაკომპლექტდება. სწორედ მისი წევრები გადაწყვეტენ, რა ფორმით წარიმართოს განხილვები. „ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის შექმნას პარტია მხარს აუცილებლად დაუჭერს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულება, მათ შორის პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება აუცილებელია. კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ქართული ოცნების" წევრი, დიმიტრი ხუნდაძეც. საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად კი ბიუროს სხდომაზე პარლამენტის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლაზეც იმსჯელებენ.

ნინო ქადაგიძეს პარლამენტში მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს, მიაჩნია, რომ ქადაგიძის პოსტზე წარდგენით ე.წ. კლანი სასამართლოში პოზიციების გამაგრებას აგრძელებს. „კოალიცია მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე კი ფიქრობს, რომ პოზიციაზე ნინო ქადაგიძიე არ უნდა დაინიშნოს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე დღეს იმსჯელებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელზე დღეს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმსჯელებენ. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. დეკანოზის უფლებადამცველი, იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დეკანოზის სასჯელის გადავადების მომხრეა საქართველოს საპატრიარქო.


close დახურვა