logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.04.2020

17 აპრ 202010:34
3 წუთის საკითხავი
clock 1443
id14wsxjp597e1t.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 17 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.

 

ახალი შეზღუდვები

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან  21 აპრილის ჩათვლით საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ტვირთის გადაზიდვას, დისტრიბუციის მანქანებს და ადგილზე მიტანის სერვისს.

ასევე, დღეიდან სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება. დარღვევის შემთხვევაში იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. გარდა ამისა, დღეიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც. თუ, მოსახლეობა დაწესებულ შეზღუდვებს არ დაიცავს, უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ზომებს კიდევ უფრო გაამკაცრებს და ქვეყანაში სრულ კარანტინს გამოაცხადებს.

 

წითელი პარასკევი - 2 დღე აღდგომამდე

დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ ტარდება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან დასახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება, რომელსაც სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს. სამებაში იქნებიან სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიც. მსახურება 2 საათზე დაიწყება. არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის განმარტებთ, დისტანციები, რომელიც, სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკლესიებში შეიქმნა, მკაცრად გაკონტროლდება.

საგანგაშო განცხადებებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები და მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებენ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან და არ წავიდნენ ეკლესიებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითავისონ პასუხისმგებლობა და დაიცვან რეკომენდაციები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გუშინ ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეები განსაკუთრებით კრიტიკული იქნება, რადგან საქართველოში COVID19-ის ისეთი შემთხვევები არსებობს, რომლებიც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის, რის გამოც ნებისმიერი შეკრება საფრთხეს წარმოადგენს. 

სააღდგომოდ მსახურებასთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს მართლმადიდებელი ეკლესიის 13 სასულიერო პირი და 16 თეოლოგი. ისინი მრევლს უხსნიან, რომ ღმერთთან ურთიერთობა და მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. „სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში," - წერია წერილში.

 

COVID19 საქართველოში

370 ინფიცირებული, მათგან 77 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. Მხოლოდ 1 დღეში ახალი კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა.


წყნეთი კარანტინში?

წყნეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქალს, რომელიც საპატრიარქოს თანამშრომელია, გუშინ COVID19 დაუდგინდა. სრულ იზოლაციაშია ის მონასტერი, რომლის აქტიური მრევლიც ინფიცირებული იყო. ასევე, იზოლაციაში იმყოფებიან საპარტიარქოს თანმშრომლის დედა და შვილიც. კორონავირუსით დაავადებული ქალი ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

via GIPHY

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება შეიზღუდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების შესასვლელებსა და გასასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში გააკონტოროლებენ.

 

დაკითხვა სუს-ში

შეიხი მირტაგი ასადოვი და მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს დამფუძნებლები დღეს სუსში არიან დაბარებულები. ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურ პროტესტზე ასეთი პასუხი პრობლემურია. EMC-ში განმარტავენ, რომ ბოლნისსა და მარნეულში მოსახლეობას საბაზისო რესურსებზე წვდომა არ აქვთ და სახელმწიფოს საგანგებო რესურსი საკარანტინო სივრცეებში მცხოვრები მოსახლეობისთვის არ დაუხარჯავს.

მარნეულში ბოლო რამდნიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში გამოუსვლელად, მუნიციპალიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს აპროტესტებს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარებას და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელ ზრდას უკავშირდება.

 

COVID19 მსოფლიოში

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 2.1 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 146 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 547 ათასზე მეტია. ოფიციალური ცნობებით, ვირუსით დაინფიცირებულთა 56 500-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

COVID19-ით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობით აშშ კვლავ ლიდერი ქვეყანაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ინფექცია 30 ათასამდე პირს დაუდგინდა, ჯამში კი დაავადებულთა რიცხვი 677 ათასს გასცდა. აქ COVID 19-ს გუშინ 2 174 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს  გადააჭარბა. ახალი კორონავირუსისგან ქვეყანაში 57 ათასზე მეტი ადამიანი უკვე განიკურნა. შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა უკვე წარადგინა. პროტოკოლის მიხედვით, პირველ ფაზაში მუშაობის განახლება კინოთეატრებს, რესტორნებს, სპორტულ დაწესებულებებსა და სალოცავ ადგილებს შეეძლებათ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფიზიკური დისტანცირებისა და სანიტარულ წესებს დაიცავენ. 

რთული ეპიდსიტუაცია რჩება საფრანგეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 753 ადამიანი დაიღუპა. რეკორდულად მაღალია ამ ქვეყნისთვის ვირუსის დადასტურების ახალი შემთხვევები. საფრანგეთში გუშინ კორონავირუსი 17 164 ადამიანს დაუდგინდა, რითაც დაინფიცირების საერთო რაოდენობამ 165 ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის საფრანგეთში COVID-19 უკვე დამარცხებული აქვს 33 ათასამდე პაციენტს.

გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა გუშინ დიდი ბრიტანეთი. გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათში ვირუსს 861 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ვირუსი სულ დადასტურებული აქვს 103 ათასზე მეტ ადამიანს.


close დახურვა