logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 17.06.2020

17 ივნ 202009:17
3 წუთის საკითხავი
 
ccvgaimjpdfhrqs.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 17 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

კადიროვი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვას უარყოფს

რამზან კადიროვი მისი ბრძანებით ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ განცხადებებს სულელურს უწოდებს. „თუ ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის შეასრულებს ამ დავალებას. თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, და მით უმეტეს, თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ.”

„გიორგი გაბუნიამ უმჯობესია დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს, მოიხადოს ბოდიში მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქე. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახალ აღზრდას," - წერს კადიროვი თავის Telegram- ის გვერდზე.

 

ვინ დაგეგმა გაბუნიას მკვლელობა 

გიორგი გაბუნიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაული აღკვეთა ახლა კი, - მთავრობის უპირველესი მოვალეობა დანაშაულის მაქსიმალურად სწრაფად გამოძიებაა. პრემიერის თქმით, ასეთ მძიმე დანაშაულს შესაძლოა უამრავი პოლიტიკური სპეკულირება მოყვეს.

თავად გიორგი გაბუნია კი სახელმწიფოს მხრიდან თავს დაცულად ვერ გრძნობს და არ გამორიცხავს რომ ხელისუფლებამ მისი ლიკვიდაციის მცდელობა მიხეილ სააკაშვილს მიაწეროს. ჟურნალისტის განცხადებით ხელისუფლება ფრთხილობს და ჩრდილოელი მეგობრის ხსენებას ერიდება.

 

საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-9 სართულიდან ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ლიფტში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მამა-შვილი, მათი მეზობელი და მისი მეგობარი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა. ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ,რომ ბოლო პერიოდში ლიფტი დაზიანებული იყო, თუმცა მერიას ის არ შეუცვლია.

დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები აღენიშნება. ასევე სტაბილურია არასრულწლოვანის მდგომარეობაც. 

 

დაზარალებული მოვაჭრეების ბედი

ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები თითო კვადრატულ მეტრზე 500 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ ცნობილი, გუშინ ბაზრობის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გახდა. დირექტორმა დაზარალებულებთან შეხვედრა არ ისურვა და ბაზრობის ტერიტორიაზე მხოლოდ მოვაჭრეების ნაწილს შეხვდა. 

მოვაჭრეები შეკრებას დღესაც აპირებენ ისინი ზარალის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა. ამ დრომდე უცნობია მომხდარის გამომწვევი მიზეზებიც. 

 

ოპოზიციის შეთანხმება

გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარების კანდიდატებს 2 დღეში წარადგენს. ოპოზიციის თქმით, შეთანხმებები კანდიდატებთან დაკავშირებით უკვე არსებობს, თუმცა კონკრეტულ პირებს გაერთიანებაში არ ასახელებენ. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ გაიმარჯვებენ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ ხელისუფლების ოპონენტები საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების პირველივე ტურს ქართული ოცნება მოიგებს. 


საოკუპაციო რეჟიმის განცხადება

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ჩორჩანასთან ქართული მხარის დამატებითი საპოლიციო პუნქტის გახსნის შესახებ იუწყება. მათი ინფორმაციით, ახალი პუნქტი ჩორჩანასთან მდებარეობს და აქ სულ მცირე, ხუთი პოლიციელია დაფიქსირებული. 

via GIPHY

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ ბროლოსანი-ჩორჩანას გზის მშენებლობა, ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დამატებითი ძალებისა და საშუალებების დისლოცირება. ე.წ უშიშროების კომიტეტი ახალგორთან ახლოს ქართული თვითმფრინავის სადაზვერვო ფრენის შესახებაც იუწყება და აცხადებს, რომ მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა ე.წ.-ლ საზღვარზე დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს.

 

როდის დატოვებს თანამდებობას ანა დოლიძე?

ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას არასამთავრობო სექტორის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც აკრიტიკებს. ის დოლიძეს არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წევრს პარალელურად მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობის უფლება აქვს.

 

დაპირისპირება კორეის ნახევარკუნძულზე

კვლავ დაძაბული ვითარებაა კორეის ნახევარკუნძულზე. ოფიციალურმა ფხენიანმა უარი განაცხადა სამხრეთ კორეელი ელჩების მიღებაზე, რომლებიც ესკალაციის შესამსუბუქებლად ორმხრივ მოლაპარაკებებში ჩაერთვებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დანაყოფები უკვე საზღვრისპირა რეგიონებში იმყოფებიან. 

ქვეყნის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს ინფორმაციით, ფხენიანი საზღვრისპირა რეგიონებში ყველა სახის რეგულარულ წვრთნებს განაახლებს. ასევე მოხდება დემილიტარიზებულ ზონაში სასაზღვრო პუნქტების დაბრუნება. ჩრდილოეთ კორეის ჯარები ამ ტერიტორიიდან 2018 წლის შეთანხმების საფუძველზე გაიყვანეს. ქალაქ კესონში მდებარე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამოკავშირეო ოფისი ​ფხენიანის გადაწყვეტილებით გუშინ ​ააფეთქეს.

 

ტრამპმა პოლიციის რეფორმა დაიწყო

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების პოლიციის რეფორმის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ, ტამპმა პოლიციის დეპარტამენტებს, პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტები დამკვიდრებისკენ მოუწოდა. მან პოლიციის ძალადობის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და სამართლიანობის აღდგენის პირობა დადო. 

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

888 ინფიცირებული, მათგან 731 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 267 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2710 პირი.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8.2 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსი 4.3 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 446 ათასს აღემატება. ამ დროისთვის 54 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

ეპიდვითარება ყოველდღიურად უარესდება ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსი 37 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. COVID-19 აქ ჯამში 930 ათასამდე ადამიანს უდასტურდება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 45 ათასს აჭარბებს, მათგან ბოლო 24 საათში 1338 ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა