logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 18.01.2020

18 იან 202010:08
3 წუთის საკითხავი
 
sv7e5yd688lce6l.jpg

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღეს მცირე ნალექია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ტემპერატურა დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში -8 გრადუსამდე დაეცემა. რაც შეეხება თბილისს, სააფენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი: დღისით 7 გრადუსი, ხოლო ღამით -4 გრადუსი იქნება.

 

აქცია პროკურატურასთან

ზვიად კუორავას ორგანიზებით, დღეს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გაიმართება, სადაც გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გააპროტესტებენ. შოთაძე უკვე იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს, თუმცა აღნიშნული თანამდებობა ხორავას ტრაგედიის შემდეგ დატოვა.

 

გამოფენა "პერმანენტული რეკრეაცია"

ლიტერატურის მუზეუმში დღეს გამოფენა სახელად "პერმანენტული რეკრეცია" გაიმართება, რომელიც იკვლევს საბჭოთა კავშირის განაპირების რეკრეაციული და სპა არქიტექტურის აქამდე უცნობ მემკვიდრეობას. ის თვალს მიადევნებს ამ მემკვიდრეობის პოსტ-ტრავმატული გარდაქმნის პროცესებს, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობდა.

კოლექტიური რეკრეაციის იდეა, რომელიც სპა არქიტექტურაშია განსხეულებელი, სოციალისტური საზოგადოების იდეალებს ერთიანად წარმოადგენს. საქართველო, სამკურნალო მინერალური წყლებით მდიდარი ქვეყანა, ჩეხოსლოვაკეთთან ერთად კომუნისტური ბლოკის ერთ-ერთი უმთავრესი რეკრეაციული რეგიონი იყო. არაერთი ადგილობრივი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის გეგმა შეიმუშავა პროექტმა „კურორტმა“, დაპროექტების სპეციალიზებულმა ინსტიტუტმა და ეს ცენტრები გვიანი მოდერნისტული არქიტექტურული მემკვიდრეობის ნიმუშებია.

ამის მიუხედავად, ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური,  ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს სპა არქიტექტურამ მასშტაბური და ძლიერ ტრავმატული ტრანსფორმაცია გაიარა.

 

„წლის სპორტსმენი“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ გაიმართება, სადაც გამოვლინდება წლის საუკეთესო სპორტსმენი. ასევე, დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

 

SpaceX და ნასა Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემას გამოცდიან

SpaceX და ნასა დღეს Crew Dragon-ის საბოლოოდ გამოცდიან. წარმატების შემთხვევაში ნასას კომერციული პილოტირებული ფრენების პროგრამის ფარგლებში SpaceX-ის ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები გაემგზავრებიან.

აქამდე Space X-ის საეკიპაჟო ხომალდმა (Crew Dragon) და რაკეტა Falcon 9-მ არაერთი სტატიკური ტესტი გაიარა, დღეს კი საბოლოო გამოცდაა დანიშნული. ნასას და Space X-ის მეცნიერები შეამოწმებენ, რამდენად კარგად მუშაობს Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემა. უსაფრთხოების ტესტის მსვლელობისას აფრენიდან 30 წამში Falcon 9-ის საევაკუაციო სისტემა განზრახ ჩაირთვება, რაც გამოიწვევს საეკიპაჟო ხომალდის რაკეტისგან განცალკევებას. ეს ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაირკვევა, რამდენად სანდოა ნასას აღნიშნული ხომალდი პილოტირებული ფრენებისთვის, Space X კი დაამტკიცებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების უსაფრთხო ტრანსპორტირება შეუძლია.


close დახურვა