logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 18.02.2020

18 თებ 202009:35
3 წუთის საკითხავი
 
r944ka3q4d6nb6a.jpg

Აქცია-პიკეტი პარლამენტთან

Ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფანს მოაწყობენ. Ისინი, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, ირაკლი შოთაძის დანიშვნას აპროტესტებენ. ოპოზიციონერი ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ პლენარულ სხდომაზე შევიდნენ და საკუთარი პროტესტი პერფორმანსის სახით გამოხატონ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, რომელიც პროტესტის ფონზე იმართებოდა, მთავრობის რჩეულ გენერელური პროკურორობის კანდიდატს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, დღეს კი საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი შოთაძის გენპროკურორად დანიშვნას კენჭს უყრის. მომავალმა გენერალურმა პროკურორმა მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მის წასვლასა და შემდგომ დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მის გარდა სხვას არ მიუღია. შოთაძის თქმით, ივანიშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არასდროს ჰქონია. მან, ასევე, ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი წასვლა დროული და სამართლიანი იყო, რადგან ამით საზოგადოებას დაანახა, რომ მას არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნდა ამ საქმესთან დაკავშირებით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა. გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. ამის შემდეგ ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

რატომ აპროტესტებენ შოთაძის გენპროკურორად დანიშვნას

ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, ოლიგარქი ყველა უწყებას დაიმორჩილებს. მათი თქმით, შოთაძის მიერ გამოუძიებელი საქმეები იმის დამადასტურებელია, რომ ის პოლიტიკურად დამოუკიდებელი არ არის. დღევანდელ სესიაზე შოთაძის კანდიდატურაზე კენჭისყრის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც უნდა წარადგინოს.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პიკეტირებაში მონაწილეობას მიიღებენ, თვლიან, რომ ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად გამოიყენებს. „სირცხვილიას" აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, დღევანდელი აქცია იმ მიზანს ემსახურება, რომ „ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტის ხმა გაიგოს. მოძრაობა „შეცვალეში" კი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის საუკეთესო მონად მოიხსენიებენ და ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას, აქცია-პერფორმანსით შეუერთდებიან.

 

ივანიშვილის დაბადების დღე

ქართული ოცნების ლიდერის დაბადების დღის აღსანიშნავად მოძრაობა 20/30-იანელები რუსთაველის თეატრის წინ მის ვარსკვლავს გახსნიან. ბიძინა ივანიშვილს დღეს 64 წელი შეუსრულდა.

 

მთავრობის ლობისტები

სახელმწიფოს მხრიდან ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილ თვეში 500 000 ლარს წყალში გადაყრილ თანხას უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების ამოცანა არა ნატოში გაწევრიანების საკითხი, არამედ მასთან პარტნიორობაა.

„ქართულ ოცნებაში" ევროკავშირისა და ამერიკისგან წამოსული კრიტიკით დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ლობისტების გზით ცდილობენ. ახალი ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდანაა გამოყოფილი. ლობისტური კომპანიის მთავარი ფოკუსი ქართული ოცნების კრიტიკის შერბილებაა.


მოსამზადებელი სხდომა ნენსკრა ჰესის საქმეზე 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნენსკრა ჰესის საქმეზე მოსამზედებელი სხდომა გაიმართება. სასამართლოში მოსახლეობის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მწვანე ალტერნატივა წარმოადგენენ.

სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, EMC და მწვანე ალტერნატივა ითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ნენსკრა ჰესის განახლებული პროექტი, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმოს 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას ტერიტორიებზე. პროექტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ვიზიტი ბრიუსელში

18-21 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ.

ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუსელში ადვოკატირების ვიზიტზე მიემგზავრება. ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 6 წლის წინ მოეწერა. მას შემდეგ ღია საზოგადოების ფონდი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება და ამზადებს ალტერნატიულ ანგარიშს დღის წესრიგის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ. მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ყოველ წელს ტარდება საქართველოში და ბრიუსელში.

ვიზიტში მონაწილეობას, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის, მწვანე ალტერნატივას, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლები მიიღებენ.

 

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

ონლაინ გამოცემა „ბელინგკეტი“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილება „ვიმპელი“ დგას. გამოცემების - ბელინგკეტის, ინსაიდერისა და შპიგელის ერთობლივი გამოძიების მიხედვით, საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ოპერაციისთვის აუცილებელი მხარდაჭერა უშუალოდ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა.

ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვადიმ სოკოლოვის, იგივე ვადიმ კრასიკოვის მობილური ტელეფონის ანალიზის საფუძველზე გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ის მუდმივად ესაუბრებოდა ეფ-ეს-ბე-ს სპეციალური დანიშნულების ცენტრის „ვიმპელის“ დეპარტამენტის 8 ოფიცერს. ის, ასევე, არაერთხელ იმყოფებოდა რუსული სპეცსამსახურების სასწავლო ბაზებსა და სხვა შენობებში. „ჰიპოთეზა, რომელიც უკავშირდება მკვლელობის კავშირს დანაშაულებრივ ჯგუფებთან, ჩეჩნეთის მმართველ რამზან კადიროვთან, ან თუნდაც უსაფრთხოების ყოფილი და ამჟამინდელი ოფიცრების მიერ პირად ანგარიშწორებასთან, უნდა გამოირიცხოს“ - წერია გავლენიანი საგამოძიებუ ჯგუფის ანგარიშში.“


დამწვარი ცხედარი ყარაჯალას ტყეში

ყარაჯალას ტყეში სამართალდამცველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი დამწვარ ტაქსიში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ ტაქსის მძღოლი იყო.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. დააკავა. მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს - 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


Პრესკონფერენციები და განცხადებები:

  • ოციალური მუშაკები განცხადებას გააკეთებენ და პარლამენტს მიმართავენ. 

  • საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი, რუსეთთან პირდაპირ დიალოგთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს. 

  • პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა“ და საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები ბრიფინგს გამართავენ.

  • „მოძრაობა მომავლისთვის“ და მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. Ასევე, საზღვრისპირა სოფლების დაცვისა და კონფლიქტის რეგიონში ადამიანების გატაცების წინააღმდეგ მიმართული პროექტის წარადგენენ

 

Სასამართლო თემები:

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის სერგეი ბოკარევის საექსტრადიციო საქმის განხილვა გაიმართება, რომელსაც ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი დაესწრება;

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება;

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ილია გამგებლის, დავით ქოქიაშვილისა და ლევან ქარდავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

Პრეზიდენტი ემიგრანტებთან შეხვედრებს იწყებს

18 თებერვლიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. ა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

„უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან. ასევე, 18 თებერვალს პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტების და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის” - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში, კორონავირუსის (კოვიდ-19) შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1,868-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, საშიშ ვირუსს 98 პაციენტი ემსხვერპლა. აქედან უმეტესობა დაავადების გავრცელების ეპიცენტრში, პროვინცია ხუბეიში დაიღუპა. ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით,  ვირუსით გამოწვეული პნევმონიით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობამ 72-თ ათასს გადააჭარბა. სრულიად გამოჯანმრთელდა 1,700-ზე მეტი ადამიანი. ისინი  სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს.  კორონავირუსი დაუდასტურდა საკრუიზო გემიდან ევაკუირებულ ამერიკის 14-ტ მოქალაქეს.  ლაინერი, რომლის ბორტზეც 454-ი დაინფიცირებული იმყოფება, იაპონიის ქალაქ იოკაგამას პორტში კარანტინში 19 თებერვლამდე დარჩება.

 

საბრძოლო მოქმედებები იდლიბში

საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, სირიის ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით არმია ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეტევას ქვეყნის სრულ გათავისუფლებამდე გააგრძელებს. გაეროს მონაცემებით, ბოლო იდლიბის პროვინციაში გააქტიურებულ საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად, საცხოვრებელი სახლების დატოვება 900-ს ათასზე მეტ ადგილობრივს მოუწია. დევნილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. გაერო მხარეებს სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწესებიკენ მოუწოდებს.

 

ბეზოსის 10 მილიარდი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი, კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად 10-თ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ მან  საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე დაწერა. ამაზონის დამფუძნებელი და ფორბსის სიაში პირველი ადგილის მფლობელი, „ბეზოსის დედამიწის ფონდის“ შექმნას გეგმავს. ფონდის  მიზანი ბუნების დაცვისკენ მიმართული ყველა ქმედების, ასევე კლიმატის ცვლილების კუთხით მომუშავე მეცნიერებისა და აქტივისტების დაფინანსება იქნება. ბეზოსის ფონდი გრანტების გაცემას ზაფხულში დაიწყებს. 


close დახურვა