logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 19.05.2020

19 მაი 202009:52
3 წუთის საკითხავი
 
qcywrlr98rlulsb.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 19 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


ევროპარლამენტის ანგარიში

დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმ პრობლემურ საკითხებს განიხილავენ, რომლის გამოც მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარებისგან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო. 

პოლიტიკოსების დაპატიმრება, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება, 8 მარტის შეთანხმების შესრულება, მოსამართლეთა დანიშვნა - ეს საკითხები ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიმართულებით მკაცრი კრიტიკა და მოწოდებები კვლავ იქნება. 


ველი შეთანხმების შესრულებას - კინზინგერი

ადამ კინზინგერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება. ინფორმაცია „ამერიკის ხმის" ქართულენოვანი ბიუროს კითხვის პასუხად ამერიკელი კონგრესმენის ოფისმა გაავრცელა. „კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მილოცვას ჩვენ საელჩოს, შეთანხმების განხორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის", - აცხადებენ კონგრესმენის ოფისში. 


ზურაბიშვილის პასუხი ევროპარლამენტარ ფოტიგას

საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე სალომე ზურაბიშვილი კვლავ არ აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები შეიწყალა. ქვეყნის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ ტვიტერში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას იმ განცხადებას, ეხმაურება სადაც ის წერს, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებით, კერძოდ პოლიტპატიმრების შეწყალებით კმაყოფილია. ზურაბიშვილი ევროდეპუტატს სთხოვს, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე კომენტირებისას კონკრეტული გარემოებები გაითვალისწინოს, კერძოდ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. 


მთავრობის ახალი ბერკეტი

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დიმიტრი ხუნდაძე საკუთარ ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც მმართველ გუნდს ქვეყანაში შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. ინიციატივა „საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და მისი დამტკიცების შემთხვევაში ხელისუფლება აქციების ან გადაადგილების აკრძალვას საჭიროების მიხედვით შეძლებს. 

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი კანონის ინიცირებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები კანონის ინიცირებას მხარს არ დაუჭერენ. მათ მსგავსი ცვლილების განხორციელება არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ.


COVID-19 საქართველოში

702 ინფიცირებული, მათგან 456 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3787 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 337. 

via GIPHY


დამოუკიდებელი დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრთან ქვეყნის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და მას პარლამენტში იბარებენ. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ, მაშინ როცა ქვეყანა კრიტიკულ წერტილს უახლოვდება, მნიშვნელოვანია მინისტრმა ახსნას, რამდენად არის მზად ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა.


ბოლნისის სოფლებში კარანტინი უქმდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები იხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან კარანტინის რეჟიმი უქმდება ნახიდურში, ფარიზში, ცურტავში, დაბა თამარისში, ხიდისყურში, მუხრანაში, ბალახაურსა და მწყნეთში. ამ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს.


ჩაიკეტება თუ არა ზუგდიდი?

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს რომ გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინფექცია ფართო მასშტაბით გავრცელდება. ამ დროისთვის ზუგდიდში 70-მდე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან, მათგან 8 ინფიცირებული მძღოლის კონტაქტებია. რაც შეეხება, უკვე დადასტურებულ შემთხვევებს, ტრაილერის მძღოლის ჩათვლით ამ კლასტერში COVID-19 სულ 7 პაციენტს უდასტურდება. 


ოპოზიციის გეგმები

დაახლოებით 2 თვეში გაირკვევა, თუ რომელ ლიდერს წარადგენს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატად კონკრეტულ საარჩევნო ოლქზე. გიგი უგულავა აცხადებს, რომ კანდიდატების წარდგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. ირაკლი ოქრუაშვილი კი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიების ყველა ლიდერი უნდა წარდგეს. 

გაერთიანებული ოპოზიცია შეხვედრას ამჯერად ახალი საქართველოს ოფისში გამართავს. შეხვედრაზე მმართველი გუნდის ოპონენტები საარჩევნო სტრატეგიას და მაჟორიტარულ კანდიდატებს განიხილავენ. გარდა ამისა შეიმუშავებენ ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის სამოქმედო გეგმასაც 


კრიტიკულ მედიასთან ბრძოლა გრძელდება 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდეგ, მთავრობა რეგიონის კიდევ ერთ არხს არ წყალობს. TV25-ში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ტელევიზიას ბოიკოტს უცხადებენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი მინისტრებსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს მათთან ურთიერთობას უკრძალავს. რატომ ამბობენ უარს TV25-ის გადაცემაში მონაწილეობაზე მინისტრები თუ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა ვერც პრესცენტრებიდან მიიღეს.


COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 320 ათასს გადააჭარბა. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 4 მილიონ 890 ათასზე მეტ ადამიანს, მათგან 1 908 064 კი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, 45 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY


მსოფლიოში პანდემიის მთავარ ცხელ კერად კვლავ შეერთებული შტატები რჩება, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსისგან 1 003 ადამიანი გარდაიცვალა. აქ ბოლო 24 საათში ვირუსი 22 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რითიც ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1 მილიონ 550 ათასს გადააჭარბა. 


WHO ჩინეთის მარიონეტია - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია. დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მათ უამრავი ცუდი რჩევა მისცა და ყოველთვის ჩინეთის მხარეს იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ ორგანიზაციისთვის დაფინანსების ორმოც მილიონამდე შემცირების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მალე გამოაცხადებს. 

 

 


close დახურვა