logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 20.02.2020

20 თებ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 
434qb1f3xaq6g6i.jpg

ვანო მერაბიშვილი თავისუფალია

ვანო მერაბიშვილმა უკვე დატოვა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან სამარტოო საკნიდან გამოსულ ყოფილ მაღალჩინოსანთან შესახვედრად პოლიტიკოსები და ახლობლები დახვდნენ.

ვანო მერაბიშვილი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის. მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის საქმეებზე. მერაბიშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პატიმარია. ის არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილს ბრალი კვლავ წაუყენონ.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების კვლავ დაწყებას არც ოპოზიციაში გამორიცხავენ. პარტიების ლიდერები ყოფილ მაღალჩინოსანს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევენ. გააგრძელებს თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას, ან ითანამშრომლებს თუ არა სასჯელის მოხდის შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, უცნობია. "ევროპული საქართველოს" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის განცხადებას ელოდებიან.

 

უგულავა ციხეში მეუფე მელქისედეკმა მოინახულა

მეათე დღე საპატიმროში - თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსოვის ციხეში მეუფე მელქისედეკ დიაკონიძემ მოინახულა. როგორც მეუფემ განაცხადა გიგი უგულავა თავს კარგად გრძნობს. სასულიერო პირის განმარტებით მას და უგულავას პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ ჰქონიათ. უგულავა უკვე მესამედ, 10 თებერვალს დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ ის თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 

აშშ-ის სენატის წარმომადგენლის შეხვედრები თბილისში

პოლიტიკური დევნა და პროპორციული საარჩევნო სისტემა - ეს ის ორი მთავარი საკითხია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა თბილისში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრისას განიხილა. "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება აღებულ კურსს განაგრძობს, ის დასავლელი პარტნიორების უფრო მძაფრ შეფასებებს უნდა ელოდოს.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გასაცნობად კრის სოჩა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მან საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე ისაუბრა და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება.

 

რომელი პარტია (არ) თანხმდება "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს

„ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით განცხადებას საკუთარ ტვიტერზე აკეთებს. განცხადებას ოპოზიცური პარტიების ლიდერები უარყოფითად ეხმაურებიან. მათი პოზიცია კვლავ უცვლელია, - გიგი უგულავას დაკავების გამო, ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის შეხვედრები აღარ გაიმართება. ოპოზიციაში ქართული ოცნების ახალ შეთავაზებასაც აკრიტიკებენ. შეთავაზების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან ახლა უკვე ცალ-ცალკე იწვევს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ბრძოლაში ერთადერთი იარაღი ერთიანობაა და ხელისუფლების ახალ ხრიკზე არ წამოეგებიან.

იაგო ხვიჩია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში"მან აღნიშნა, რომ შეხვედრას კიდევ ერთი ოპოზიციონერი ესწრებოდა. „გირჩის" წევრი მის ვინაობას არ ასახელებს. შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის გზებზე იყო, რაზეც არჩილ თალაკვაძემ ხვიჩიასგან საპასუხოდ მიიღო, რომ პოლიტიკური ტემპერატურის დასაწევად პოლიტმატიმრების გამოშვება და დაპირებული პროპორციული არჩევნების შესრულებაა საჭირო. როგორც ცნობილია, „გირჩი" არ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელთანაც ხელისუფლებას კომუნიკაცია ჰქონდა.

 

ვინ უმართავს აქციას ხოშტარიას

გავრილოვის პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ჩაჯდომით არ გაღიზიანდნენ, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერის მიერ მოწყობილმა აქცია პერფორმანსმა მათში აგრესია გამოიწვია - ქართული ოცნების პარტაქტივი უკვე მეორე დღეა რაც ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აქციებს მართავს.

„როდესაც ხელისუფლება კონტრაქციებით ესაუბრება ოპოზიციას, მისი წასვლა მოახლოებულია", - ასე აფასებენ „ევროპულ საქართველოში" პარტიის ოფისთან განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ოფისთან გამართული აქციების უკან „ქართული ოცნება" დგას. ირაკლი კიკნაველიძე იმასაც ამბობს, რომ აქციის დაწყებამდე ოფისებთან სამთავრობო ტელევიზიების ჩნდებიან.

 

თავდასხმა „ევროპული საქართველოს" რეგიონულ ოფისზე

„ევროპული საქართველოს" ოფისს არა მხოლოდ თბილისში, არამედ უკვე რეგიონებშიც ესხმიან თავს. იმ ფონზე, როდესაც მთავარ ოფისთან "ოცნების" პარტაქტივის აქცია მიმდინარეობდა, ახალგაზრდების ჯგუფმა პარტიის ბაღდათის ოფისშიც სცადეს შეჭრა. პარტიის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს წევრი, შალვა დათუაძე ოფისის დარბევაში „ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. მისი თქმით, ახალგაზრდები ოფისში შესვლას მაშინ ცდილობდნენ, როცა იქ აღარავინ იყო. მათ რკინის კარის შემტვრევა ვერ შეძლეს, რის გამოც ოფისის სააგიტაციო მასალები და გარე აბრები ჩამოხიეს.

 

დაპირისპირება მოზარდებს შორის

სამტრედიაში მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა მათგანმა გონება დაკარგა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვა. როგორც მეთერთტეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. მისი ინფორმაციით, სამმა უცნობმა ბიჭმა მის შვილს სახლში მოაკითხეს და სალაპარაკოდ გაიყვანეს. უცნობებმა მას შეყვარებულთან დაშორება მოსთხოვეს. ემოციურ ნიადაგზე მოზარდი შეუძლოდ გახდა.

მადლენა რამიშვილის მტკიცებით ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მისი შვილი კლინიკაში გულის წასვლის გამო გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, მისი შვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა და მას უკვე ექსპერტიზა ჩაუტარდა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითთაა აღძრული.

 

სროლა გერმანიაში - დაიღუპა 8 ადამიანი

გერმანიის ქალაქ ჰანაუში შეიარაღებულმა პირებმა ცეცლი ორი რესტორნის სტუმრებს გაუხსნეს. ორივე დაწესებულება ეგრეთ წოდებული ჩილიმ ბარია.  სროლის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი. თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ათამდე გასროლა განახორციელეს.. სროლის შემდეგ შეიარაღებული პირები, რომელთა რაოდენობა და ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, დანაშაულის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ. ქალაქ ჰანაუსა და მის შემოგარენში სამძებრო ოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმები და ავიაცია ახორციელებს.  თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

 

კორონავირუსის შედეგები - განახლება

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 108  ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულების საერთო რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით  2029-მდე გაიზარდა.  ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით,  დაავადებულთა რაოდენობამ 6-ს ათასს მიაღწია.  10-ი ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და მათ სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს.

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგიონში დამატებით სამედიცინო პერსონალს გაგზავნიან. პირველად  კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა ირანში. ​იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა ცოტახნის წინ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფი საკრუიზო გემიზე კოროვირუსისგან ორი მგზავრი გარდაიცვალა. დაავადება გემზე კიდევ 79-ტ მგზავრს გამოუვლინდა. პარალელურად მიმდინარეობს იმ პირების ევაკუაცია, ვისაც საშიში დაავადება არ დაუდგინდა.

 

 

ტრამპმა ასანჟს შეწყალება შესთავაზა - ადვოკატი

დონალდ ტრამპმა ჟულიან ასანჟს შეწყალება შესთავაზა,  თუ ის განაცხადებდა რომ რუსეთი,  დემოკრატიული პარტიის სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ინფორმაციას  ამის შესახებ ბრიტანული მედია, ასანჟის იურისტის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველის თქმით,  ეს შეთავაზება ,,ვიკი ლიკსის'' დამფუძნებელს  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გაუკეთა და განუცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდა. თავად კონგრესმენმა უკვე  უარყო  ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტრამპთან ასანჟის შესახებ არასდროს უსაუბრია. ჰაკერული თავდასხმა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ სისტემაზე 2016 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელდა, რის შემდეგაც ვიკი-ლიკს-მა დემოკრატების ათასობით წერილი გაასაჯაროვა.  ამერიკულმა დაზვერვამ კიბერ-თავდასხმაში მონაწილეობაში რუსეთი  დაადანაშაულა.


close დახურვა