ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 20 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
სასაფლაოები დაკეტილია
დღეს აღდგომის მეორე დღეა. საქართველოში მოსახლეობა ამ დღეს ტრადიციულად სასაფლაოებზე მიდის, თუმცა წელს ეს აკრძალულია. უკვე მეოთხე დღეა ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები დაკეტილია. მისასვლელ გზებს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სამართალდამცველები ტერიტორიაზე არავის უშვებენ.
გურიის რეგიონში სასაფლაოებს პოლიციასთან ერთად სამხედოებიც გააკონტროლებენ. რეგიონის რწმუნებულის ინფორმაციით, ზედამხედველობაში მერიის წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან. ზურაბ ნასარიძის თქმით, ჯარისა და სხვა პირების დახმარება სასაფლაოების სიმრავლემ და რესურსების უკმარისობამ გამოიწვია.
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ სამების ტაძარში წირვა უცვლელად ჩატარდება. სურვილის შემთხვევაში, მრევლს მიცვალებულთათვის პანაშვიდსაც გადაუხდიან. არქიმანდრიტის თქმით, მიცვალებულთა დღე შემდეგ სამშაბათსაა, შესაბამისად ერთ კვირაში გახდება ცნობილი რა ფორმით ჩატარდება საეკლესიო რიტუალი და მივა თუ არა მოსახლეობა სასაფლაოებზე.
საქართველოში კორონავირუსისგან 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა
ზუდგიდის ინფექციურ სააავადმყოფოში გალის რაიონიდან გადაყვანილი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის ორ კვირას ანაკლიის საკარანტინო ზონაში გაატარებს. სამეგრელოში კორონავირუსი არცერთ ადამიანს აღარ აქვს. Covid 19 ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთმა, ბათუმში კი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა.
COVID19 საქართველოში
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით 399 ინფიცირებული, მათგან 93 გამოჯანმრთელებული და 4 გარდაცვლილია.
ქვეყანა პანდემიის პიკის მოლოდინშია. ინფექციონისტები კორონავირუსის შემთხვევების მატებას ათ დღეში ელოდებიან. სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო რიტუალებმა შესაძლოა ქვეყანაში ინფიცირებულთა მატება გამოიწვიოს.
ოპოზიციაში შეზღუდვების გაგრძელება აუცილებლად მიაჩნიათ, თუმცა ანტიკრიზისული გეგმის არსებობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება, ხელისუფლების მიერ მიღებულმა არასაკმარისმა ზომებმა გამოიწვია. ოპოზიციის წევრების თქმით, შეზღუდვები მხოლოდ მოსახლეობის ნაწილზე არ უნდა ვრცელდებოდეს.
აღდგომის დღეს საგანგებო მდგომარეობის წესები რამდენიმე უბანში დაირღვა
საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული შეზღუდვების მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი გარკვეულ წესებს მაინც არღვევს. ვარკეთილში მოქალაქეთა ჯგუფი აღდგომის დღესასწაულს ერთ-ერთ სკვერში, აღნიშნავდა, რა დროსაც ტერიტორიაზეე პატრული გამოჩნდა. შეკრებილებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ორი მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსით, 4 კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. დაკავებულებიდან ნაწილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი ჯარიმა დაეკისრება.
ხალხმრავლობა იყო გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონშიც. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდები საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არიან თავმოყრილი. სამართალდამცავების გამოჩენის შემდეგ, კი ხალხმა შეკრების ადგილი დატოვა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე სროლას ქალი ემსხვერპლა
გავრცელებული ცნობით, შუა ხნის ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე, სხვა კორპუსიდან გასროლილი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ გასროლა შსს თანამშრომლებმა მოახდინეს.
როგორც ოპოზიციონერი განმარტავს, წყარო, რომელმაც მკვლელობის შესახებ შეატყობინა, ამბობს, რომ რამდენიმე პოლიციელი კომენდატის საათის დროს ისროდა.
ვარკეთილში ცივი იარაღით შუახნის კაცი მოკლეს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 1998 წელს დაბადებული გ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისსავე უბანში მცხოვრებ მამაკაცს - 1973 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ა.ა. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩხოროწყუში პირმა და, და მეგობარი დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ვ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დააკავეს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია. გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიხელ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი დაკავებულმა ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვის დროს გააჩინა. შემთხვევის შედეგად 15 კვადრატულ მეტრზე განლაგებული საოფისე ინვენტარი დაიწვა.
COVID19 მსოფლიოში
მსოფლიოში COVID19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 165 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 2.4 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 625 ათასზე მეტია. ოფიციალური ცნობებით, ვირუსით დაინფიცირებულთა 54 211-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 1 561 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაინფიცირების 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. ინფიცირების 765 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ ნიუ იორკის შტატში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 507 ადამიანი გარდაიცვალა. შტატის გუბერნატორის თქმით, შემცირებულია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. ენდრიუ კუომო ამბობს, რომ პანდემიასთან ბრძოლა ჯერ მოგებული არ არის, თუმცა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ დინამიკის გაანალიზების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ვაშინგოტნში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. კაპიტოლიუმის შენობასთან შეკრებილმა 2,000-მდე ადამიანმა სახლში დარჩენის ბრძანება ერთხმად დაგმო. შეკრებილები აცხადებდენ,რომ მათ სოციალური დისტანცირებისა და ნიღბების გამოყენებით გადაადგილება სურთ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ეკონომიკური პროცესების აღდგენასაც. აქციას შეუერთდნენ მიჩიგანში, მინესოტასა და ვირჯინიაში. მსგავსი აქცია გაიმართა ბრაზილიაშიც, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი Covid 19-თან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციას შეუერთდა.
თელ-ავივში დისტანციის დაცვით აქცია გაიმართა
ისრაელის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე 2 000-ზე მეტმა ადამიანმა კორონავირუსის ფონზე პრემიერ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებები და დემოკრატიის შესუსტება გაპროტესტა.
პროტესტი პანდემიისას მიღებულ ზომებს ეწინააღმდეგება, რომელთა შორის ტელეფონების გამოყენებით მოქალაქეების გადაადგილების შემოწმებაც არის. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ორმეტრიანი დისტანციით მოუნიშნა ადგილები, ორგანიზატორებმა კი შეკრებილები ნიღბებით მოამარაგეს.