logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 20.05.2020

20 მაი 202010:30
3 წუთის საკითხავი
 
7rkofckcce9aia9.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 20 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


დისტანციური ბოლო ზარი

დღეს სასწავლო პროცესს ასრულებენ მე-12 კლასის მოსწავლეები. მათთვის ბოლო ზარი დისტანციურად დაირეკება, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლის შენობებში 2 მარტს შეწყვეტილი სწავლა ამ დრომდე არ განახლებულა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურ გაკვეთილებს აბიტურიენტებს ტელესკოლა 15 ივნისამდე მაინც შესთავაზებს.

სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებს განათლების მინისტრმა მიულოცა. მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათ შეძლეს გამკლავებოდნენ ჯერ არნახულ გამოწვევებს და სკოლა გამარჯვებულებს დაემთავრებინათ.

 

შეზღუდვების შემსუფუბუქების ახალი ეტაპი

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს სამკურნალოდ თურქეთში წასვლა შეეძლებათ. შეზღუდვები მსუბუქდება პენიტენციურ დაწესებულებებში. საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა იქნება შესაძლებელი. 

ასევე, დღეიდან სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელებაც იწყება. ფერმერებისთვის ფასდაკლების ბარათები ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ასევე „ლიბერთი ბანკის" ფილიალებში.


რურუას პროცესი

დღეს საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას საქმეზე მსჯელობა გაგრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. რურუას ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით წინა სხდომებზე ბრალდების მხარის მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, რაც რურუას პოლიტიკური მოტივით დაკავებას ამტკიცებს.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.


პრეზიდენტის ინტერვიუ

სალომე ზურაბიშვილი სენატორებთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეუფერებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას იმ სენატორებთან, რომლებმაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ განცხადებები გააკეთეს, პირადი კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა, აპირებს რომ თავშეკავება ყველას კატეგორიულად მოსთხოვოს.

სალომე ზურაბიშვლმა ინტერვიუში ასევე განმარტა, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიასა და არჩილ თალაკვაძეს წინასწარ შეატყობინა. ოპოზიციაში ახლა უკვე სწორედ ამ განცხადების საფუძველზე ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს პოლიტპატიმრების შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

 

კრიტიკული განცხადებები ევროპარლამენტში

უკანონო ბორდერიზაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლა იყო განხილვის ერთ-ერთი თემა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ევროპარლამენტარებმა  მწვავე განცხადებები გააკეთეს. ყველაზე. მკაფიო ანა ფოტიგას განცხადება იყო, რომელმაც საქართველოში ბორდერიზაციის თემა წამოჭრა და ამ მხრივ არასახარბიელო სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება. ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც. მან ევროკავშირის მიერ მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის მნიშვნელობასა და როლზე  გაამახვილა ყურადღება.

 

COVID-19 საქართველოში

713 ინფიცირებული, მათგან 475 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 351. 

via GIPHY

 

საჩხერეში პაციენტს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა

საჩხერეში პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინდა, ინფიცირებული აქამდე გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა. კლინიკის განამრტებით, პაციენტი ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემდეგ გაეწერა და თვითიიზოლაციაში იმყოფებოდა, რამდენიმე დღეში კი სიმპტომები გვლავ გამოუვლინდა და ისევ საჩხერის კლინიკაში მოათავსეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


გადავადდება თუ არა არჩევნები?

„დამოუკიდებელი დეპუტატები" მთავრობას არჩევნების გადავადებისკენ მოუწოდებენ. მარიამ ჯაშის თქმით, თუკი მომდევნო თვეების განმავლობაში იმდენად არასტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უნდა იყოს, რომ შეზღუდვების შესახებ კანონის მიღება ხდება საჭირო, ხელისუფლებამ არჩევნების გადავადებაზე უნდა იფიქროს. 

მარიამ ჯაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც გაატაროს, მხარს არ უჭერს. „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კანონპროექტი საზოგადოებაში ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს.


სპეცრეისი ათენიდან

დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად ათენიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს 180-მდე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდება. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.

via GIPHY

 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი 22 მაისს უკვე რომიდან შესრულდება.

 

ამსტერდამის აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები

არასწორი ინფორმირების გამო უკვე მეხუთე დღეა საქართველოს მოქალაქე, ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ამსტერდამის აეროპორტში იმყოფება. ირმა სახვაძე ფორმულანიუსთან საუბრისას ყვება, რომ მან მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ეპიდემიის გამო შექმნილი მდგოამრეობიდან გამომდინარე ტრანზიტული ფრენით ამერიკაში ჩასვლა სცადა. შესაბამის უწყებებში საქართველოს მოქალაქეს განუცხადეს, რომ ტრანზიტული მგზავრობით ის ოჯახთან ერთად შეზღუდვების მიუხედავად ამერიკაში ჩასვლას შეძლებდა. 

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება. ვირუსი ოფიციალურად დადასტურებული აქვს 4 მილიონ 988 ათასზე მეტ ადამიანს. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი უკვე 324 ათასს გადააჭარბა. ამ დროისთვის, 45 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

 

ბრაზილიაში,კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 1,179 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსანარუ COVID-19-ის რისკებს ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც არსებულ ვითარებაზეც აისახება. მსოფლიოში ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყანაში COVID-19-ით მთლიანობაში 18 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი. 


მაკრონის პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა

ენამუელ მაკრონის პოლიტიკურმა გაერთიანებამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა. მიზეზი პრეზიდენტის რამდენიმე თანაგულნელის გადაწყვეტილება გახდა, რომლებმაც ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. 577-ადგილიან ქვედა პალატაში მაკრონის პარტიას 288 მანდატი აქვს, უმრავლესობის ფორმირებისთვის კი ერთი მანდატი აკლდება. პარტიიდან „წინ რესპუბლიკა" წასული დეპუტატები სოციალური უთანასწორობისა და ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობის გააქტიურებას აპირებენ.

 

 


close დახურვა