ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 21 აპრილის მნიᲨვნელოვან მოვლენებს.
1 თვე საგანგებო მდგომარეობაში
დღეს 1 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 30 დღეა, რაც ქვეყანაში საპეციალური შეზღუდვები მოქმედებს, რომელიც დღეს ღამემდეა ძალაში. ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე ცნობილია, რასაც, დიდი ალბათობით, პრეზიდენტიც ეთანხმება - საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.
საკანონმდებლო ორგანიში ხვალ ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, თუ მმართველი გუნდი ვერ მოახერხებს ოპონენტების დარწმუნებას და დასაბუთებას, რა შედეგი გამოიღო სპეციალური ზომების მიღებამ ქვეყანაში, ოპოზიციური სპექტრი უპირობო მხარდაჭერას აღარ აპირებს. კონკრეტული გეგმის გაცხადებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას მესამე სექტორის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, დღეს საავტომობილო გადაადგილებაზე აკრძალვის ბოლო დღეც არის. თუმცა, არ არის გამორიცხული, შეზღუდვა გაგრძელდეს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ოპოზიციაში შეზღუდვების გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავენ. მათი თქმით, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა სააღდგომო დღესასწაულების დროს ეკლესიაში ხალხმრავლობის შემცირებას ემსახურებოდა და შესაბამისად ახლა, მისი გაგრძელების აუცილებლობა არ არის. ოპოზიციის წევრები მმართველ გუნდს მოუწოდებენ მიზანმიმართული გადაწყვეტილებები მიიღონ.
COVID19 VS საქართველო
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გაადააჭარბა და ამ დროისთვის უკვე 408-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, ინფექციის დამარცხება უკვე შეძლო 95-მა პაციენტმა, ხოლო ლეტალურად 4 შემთხვევა დასრულდა.
კორონავირუსით გამოწვეულ პიკს სპეციალისტები, დაახლოებით, 10 დღეში ელოდებიან. ინფექციონისტების განცხადებით, პანდემიის პიკის დაწყებას ბევრი გართულება მოყვება. მათი თქმით, პაციენტების რაოდენობას კლინიკები ვეღარ დაიტევს და ექიმები იძულებულები გახდებიან, პაციენტების გადარჩევა დაიწყონ.
სპეცრეისი რომიდან
დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად რომიდან შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.
სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:
-
24 აპრილი: ბარსელონა-თბილისი
-
27 აპრილი: ვარშავა-თბილისი
-
30 აპრილი: მადრიდი-თბილისი
-
2 მაისი: პრაღა-თბილისი
მკვლელობა მესტიაში
სისხლიანი დაპირისპირება მოხდა გუშინ მესტიაში. სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა მეორეს ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, შემთხვევამდე მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სსამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
COVID19 VS მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 650 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 170 ათასზე მეტი ადამიანი. ჯამში ვირუსი დაუდასტურდა 2 481 000-ზე მეტ ადამიანს. Ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულ 57 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 1 939 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 42 500-ს გადააჭარბა. მხოლოდ გუშინ ვირუსი 28 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 790 ათასს მიაღწია. პანდემიის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები იმიგრანტების მიღებას დროებით წყვეტს. ტრამპის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უხილავი მტრის შემოტევისა და ამერიკელთა სამუშაო ადგილების დაცვის მიზნით მიიღო.
ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება ევროპაში. გერმანიამ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ნელ-ნელა დაიწყო. აქ ბოლო დღე ღამეში ინფექცია მხოლოდ 1 323 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაიცვალა 220 პაციენტი.
ახალი შემთხვევეის რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული ესპანეთშიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 536 ინფიცირებული გამოვლინდა. აქ დაღუპულთა რაოდენობა 399-ით გაიზარდა, რითიც საერთო რაოდენობამ 20 500-ს გადააჭარბა.
ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმზეა
ნავთობის ფასმა რეკორდული ვარდნა განიცადა. 1 ბარელის ფასი 0 დოლარს ჩამოსცდა და ნეგატიური გახდა. ეს მოვლენა ისტორიაში პირველად დაფიქსირდა - „შავი ოქრო“ ბაზარზე მინუს ნიშნით ივაჭრება.
როგორც BBC წერს, ამ შემთხვევაში ნავთობის მწარმოებლები თანხას მყიდველებს უხდიან, რათა გაყიდონ ნავთობი. ისინი ამით ცდილობენ, არ გადაიტვირთოს მათი საცავები, რისი საფრთხეც ნავთობზე დაბალი მოთხოვნის გამო მაისშია მოსალოდნელი.
კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაშია
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას „სი-ენ-ენი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენს ინს გულის ოპერაცია 12 აპრილს გაუკეთდა. ამის მიზეზი თამბაქოს ხშირი მოხმარება და ჭარბი წონა გახდა. როგორც უცხოური პრესა წერს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 15 აპრილს ბაბუის იუბილეს არ დასწრებია.