“გავრილოვის ღამეს” დაკავებულთა პროცესი
დილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების, მათ შორის, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის პროცესი გაიმართება.
20 ივნისის საქმეზე, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე. მედიის წარმომადგენლების გარდა, დაზარალებულად ამ დრომდე არ უცვნიათ მაკო გომური და გიორგი სულაშვილი, რომელთაც აქციის დარბევისას თვალი დაკარგეს.
ხაზარაძის ადვოკატებს “მუქარის წერილი” პროკურატურაში შეაქვთ
მამუკა ხაზარაძის ადვოკატები თიბისი ბანკის დამფუძნებლის სახელზე შედგენილ “მუქარის წერილის” დედანს დღეს გენერალურ პროკურატურას გადასცემენ, ხოლო მანამდე უფლებადამცველები ზვიად კორძაძე და ეკა ეგუტია გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც მედიას ამ დოკუმენტის დედანს გააცნობენ.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ იმდროინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდში მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის ასლი მან გამოძიებას სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა, ხოლო დედანის ექსპერტიზა ლონდონში ჩატარდა. წერილის მიხედვით, რომელიც პროკურატურამ თავად გაასაჯაროვა, ხაზარაძისგან TV პირველსა და არტარეაში პროსახელისუფლებო პოლიტიკის გატარებას, ასევე, ენმ-ს გაკრიტიკებას მოითხოვდნენ.
ზალკალიანი გაერთიანებულ სამეფოში
გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივან დომინიკ რააბთან ერთად, ხელს მოაწერს “საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას”, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტი თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. საგარეოს ცნობით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოსთან გაფორმებული ეს შეთანხმება, გახლავთ რეგიონში პირველი შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს.
ანტისანიტარია მარნეულში
მარნეულში დაბინძურებულ ე.წ. შავი არხის გაწმენდას მელიორაციის სამსახური დღეს გეგმავს. რადიო მარნეულის მიხედვით, ჟორდანიას ქუჩაზე ადვილად შესამჩნევია წყალში მოტივტივე პლასტმასის ბოთლები და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ადგილობრივი გამოცემის კადრების მიხედვით, დაბინძურებულია არხის მიმდებარე ტერიტორიაც, ხოლო ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნი მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც რადიო მარნეული წერს, არხისა და ტერიტორიის გაწმენდა ქვემო ქართლის რეგიონული სასმახურის უფროსმა მას შემდეგ დააანონსა, რაც პირადად დაუკავშირდნენ და პასუხი მოსთხოვეს ჟორდანიას ქუჩის ანტისანიტარიაზე.
საპროტესტო გამოსვლები ჩილეში
ჩილეში მიმდინარე აქციების დაშაშლელად პოლიცია წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოთხოვნა, რომელიც დემოსტრანტებს ჰქონდათ მეტროთი მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, თუმცა ატივისტები დაშლას არ აპირებენ. ამ დრომდე გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები. აქციების დაწყებიდან დღემდე - დაშავდა 150 ადამიანი, დაკავებულია 300-ზე მეტი დემონსტრანტი.
მსხვერპლი მოჰყვა სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის ერთ-ერთ დაპირისპირებასაც. პრეზიდენტმა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უკმაყოფილო მოქალაქეებმა დაარბიეს ავტოსადგურები და გადაწვეს რამდენიმე მაღაზია, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
ანტისამთავრობო აქციები ლიბანში
ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ლიბანში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტების პროტესტი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, დააწესონ თვიური გადასახადები WhatsApp-სა და სხვა საკომუნიკაციო პროგრამებზე, რომლითაც შესაძლებელია ზარების განხორციელება. ლიბანის პოლიციის ცნობით, დემონსტრაციების მიმდინარეობისას 70-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ლიბანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერი ხასან ნასრალა და ხელისუფლებას პოლიტიკური ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდა. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ლიბანის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი სიღატაკეში ცხოვრობს.
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება
ათობით ათასი ჰონგ-კონგელი აშშ-ს ჰონგ-კონგის ძირითადი თავისუფლებების კანონპროექტის მიღებას სთხოვს, რადგან ჰონგ-კონგის მთვარობამ სისტემის ცვლილებისთვის ყველა გზა გადაკეტა. აშშ-ის კონგრესი კენჭს უყრის აღნიშნულ კანონპროექტს.
ასი ათასობით ჰონგ-კონგის მაცხოვრებელმა აშშ-ს მათთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის აქტის მიღება 14 ოქტომბერს სთხოვა.
არეულობა ბარსელონაში
ბარსელონაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის პრემიერის თქმით, მოლაპარაკება იქამდე არ გაიმართება, სანამ კატალონიის ლიდერები ბარსელონაში მიმდინარე არეულობას არ დაგმობენ. დღესვე უნდა გაირკვეს, როდის გაიმართება არეულობის გამო გადადებული ელ-კლასიკო; მადრიდის რეალსა და ბარსას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სწორედ ორშაბათამდე მისცა ვადა, შეეთანხმებინათ თარიღი.
პარალელურად, სიმშვიდისკენ მოუწოდებს დემონსტრანტებს ბარსელონის მერი. მისი თქმით, აქციებისას მიყენებული ზარალი ორ-ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს. არეულობის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 152-მდე გაიზარდა.
გამოსვლები კატალონიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. დემონსტრანტები დაკავებულების გათავისუფლებასა და კატალონიის დამოუკიდებლობას ითხოვენ.
ბრიტანეთის მთავრობა ბრექსიტზე
ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას 31 ოქტომბერს აპირებს. მიუხედავად ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირისთვის მიწერილი წერილისა, ბრიტანეთი ევროკავშირს მაინც 31 ოქტომბერს დატოვებს, ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის განცხადების შესახებ BBC ავრცელებს.
ევროკავშირთან ახალმა შეთანხმებამ თემთა პალატაში მხარდაჭერა ვერ მიიღო, რის გამოც ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრექსიტის გადადება ეთხოვა.