logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 21.12.2019

21 დეკ 201909:55
3 წუთის საკითხავი
 
tsc12umqqgwuxrb.jpg

15 წლის ლუკას დაკრძალვა

15 წლის ლუკა სირაძეს დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილს 09:00 საათზე დიდუბის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი ჩატარდება.  მოზარდმა თავი მოიკლა, რასაც წინ უძღოდა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო ბავშვის თითქმის 6-საათიანი დაკითხვა პოლიციაში და მისგან ჩვენების იძულებით მიღება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადასტურა, რომ გამომძიებელმა პოლიციის განყოფილებაში მოზარდები ერთმანეთს დააპირისპირა და მათზე ფსიქოლოგიურად იძალადა. საქმეზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირია დაკავებული - გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ კიდევ რამდენიმე პოლიციელის ბრალეულობა იკვეთება საქმეში. საია შსს მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვს, ნაწილი კი განათლების სამინისტროსაც აკისრებს მომხდარზე პასუხისმგებლობას.

 

დაიხარჯა თუ არა მილიონამდე ლარი ტროლებზე ბიუჯეტიდან?

ფეისბუკის მიერ გაუქმებულ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ოფისში გიგა ბოკერიას ბრიფინგი გაიმართება. ფეისბუკმა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში) გააუქმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული. გვერდების მართვაში ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ დროს ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „პანდა“ იყო ჩართული, რომელიც შემდეგ სარეკლამო კომპანიად გადაკეთდა. გაუქმებული ფეისბუკისა და ინსტაგრამის ანგარიშებით სხვადასხვა სახის დასპონსორებულ პროსახელისუფლებო პოსტებში, ჯამში, $316 000 დაიხარჯა. ფეისბუკთან ერთად პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ანგარიშებს ორგანიზაცია DFRLab-იც იკვლევდა.

 

"გაბედეს" აქცია კანცელარიასთან მოზარდის გარდაცვალების გამო

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან "გებედე" საპროტესტო აქციას გამართავს. მოძრაობის განცხადებით, ერთობლივი ძალებით უსამართლო, ძალადობრივ, პოლიციურ რეჟიმს შეცვლიან. მათი განცხადებით, ლუკა სირაძე უნდა იყოს სისტემის უკანასკნელი მსხვერპლი. მოძრაობის წევრების თქმით, ქვეყანაში დამყარებულია პოლიციური რეჟიმი, ხოლო ამ სისტემას ემსხვერპლა მორიგი ბავშვის სიცოცხლე, ამჯერად - არასრულწლოვანი, 15 წლის ლუკა სირაძე.

 

ჟურნალისტები ჟურნალისტებისთვის! - აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება. მედიის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში მომრავლებულ ხელშეშლის ფაქტებსა და ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმას გააპროტესტებენ, კერძოდ: 20 ივნისის ღამეს მედიის 40-მდე წარმომადგენლის დაშავებას, ქუჩის აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების ლანძღვის და თავდასხმების ფაქტებს, პარლამენტის კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევებას; აგრეთვე, აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ყველა იმ პრობლემას, რომელსაც მედიის წარმომადგენლები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას აწყდებიან.

 

წლის შემაჯამებელი ღონისძიებები და პრეზენტაციები

  • დღეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მე-11 საერთო კრება ჩატარდება. განვლილი წლის საქმიანობის შეჯამებისა და საბჭოს ახალი წევრების არჩევის გარდა, დღეს ქარტიის სხვადასხვა საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დაასახელებენ.

  • დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საერთო კრება - გაიმართება. წლიურ ანგარიშს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი წარადგენს. იგი, ასევე, ისაუბრებს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, ადვოკატთა კორპუსის როლზე მართლმსაჯულების სისტემაში და იურიდიული პროფესიის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. გარდა ამისა, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართება ასოციაციის ეთიკის კომისიის ერთი ადვოკატი წევრისა და სარევიზიო კომისიის ერთი წევრის არჩევნები.

  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია "სოციალური საწარმო ბაბალეს" ახალი პროექტის და ახალი სივრცის პრეზენტაციას გამართავს.

 

მესტიაში კურორტი ჰაწვალი იხსნება

დღეს, მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსი ოფიციალურად იხსნება. კურორტი სეზონის ბოლომდე ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ადგილზე ორი საბაგიროა - ღია სავარძლის ტიპის და 7-კილომეტრიანი 5 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან.

 

დონალდ ტრამპმა რუსულ გაზსადენზე სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

კანონპროექტის თანახმად, სანქციები დაუწესდება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც „გაზპრომს“ ნორდ სტრიმი-2-ის მილსადენის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება.  დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1,225 კილომეტრის სიგრძის მილსადენი, რომელიც „გაზპრომს“ ეკუთვნის და რომლის საშუალებითაც რუსეთი გერმანიაში გაზის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის, გერმანიას „რუსეთის ტყვედ“ აქცევს. აშშ-ის სანქციების გამო უკმაყოფილება გამოხატეს რუსეთმა და ევროკავშირმა. ევროკავშირის განცხადებით, ორგანიზაციას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საკუთარი ენერგოპოლიტიკა თავად განსაზღვროს.

 



close დახურვა