უმწვავესი გზავნილი ვაშინგტონიდან საქართველოს მთავრობას
22 იანვარს ცნობილი გახდა ოთხი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი. გზავნილში საუბარია პოლიტიკურ დევნასა და ეკონომიკურ რეგრესზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხის პოლიტიზირებაზე, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების” მხრიდან დანაპირების არშესრულებაზე, ფეიბუკის მიერ სამთავრობო ყალბი ანგარიშების გაუქმებასა და ევროპული ინვესტიციების შემცირების ტენდენციაზე, რაც კონგრესმენების განცხადებით, „აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში”.
კონგრესმენები პრემიერ-მინისტრს ასევე წერენ, რომ კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა დემოკრატიის მთავარი საფუძველია.
ვაშინგტონიდან გამოგზავნილ წერილში კონგრესმენები წუხილს გამოხატავენ ყოველივე ჩამოთვლილ პრობლემებთან დაკავშირებით და იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან: „რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ საქართველომ შეძლოს მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელდება. ველოდებით თქვენს პასუხს”, - წერია გიორგი გახარიას მისამართით გაგზავნილ წერილში.
წერილს უმრავლესობის რამდენიმე წევრი გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საჭიროა საარჩევნო საკითხების მცოდნე მაღალი დონის დელეგაციის ჩასვლა აშშ-ში, რათა პირადად მათგან მიიღონ კონგრესმენებმა ინფორმაცია.
კორონავირუსის საფრთხეებზე ჯანდაცვის სამინისტროში იმსჯელებენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეხვედრას გამართავს ჯანდაცვის სამინისტროში. ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ელოდენიან რეკომენდაციებს, რის შემდეგაც მოსახლეობას შესაბამის რჩევებს მისცემენ. კონსულტაციები სამინისტროსთან სწორედ ამ მიზნით გაიმართება.
კორონავირუსის ახალი სახეობის მსხვერპლის რიცხვი ჩინეთში 17-მდე გაიზარდა. ქვეყანაში დაავადების 440 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საშიშმა ვირუსმა შესაძლოა მუტაცია განიცადოს და უფრო სწრაფად გავრცელდეს.
ეპიდემიის წყარო ზღვის პროდუქტების ბაზარი გახდა. ვირუსი ქალაქ უჰანიდან ჯერ ჩინეთის პროვინციებში, შემდეგ ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში გავრცელდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებშიც. ჩინეთის ხელისუფლებამ პრევენციისა და კონტროლის ეგრეთ წოდებული ა-კლასის ზომები აამოქმედა, რომელსაც ზოგადად შავი ჭირისა და ქოლერის პანდემიის დროს მიმართავენ.
განცხადებები და ბრიფინგები
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ანგარიშის „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაციას გამართავს.
- საქართველოს პარლამენტის წევრი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე„ მედიაცენტრ მთავარში“ 30 იანვარს დაგეგმილ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე განცხადებას გააკეთებს.
- პრესკლუბში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძე პრესკონფერენციას გამართავს და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურა ხუციშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს. ადვოკატები გიორგი ჩერქეზია და სალომე აბესლამიძე პრესკონფერენციას გამართავენ. ადვოკატების ინფორმაციით, აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები.
- საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართება , რომელზეც ახალგაზრდებში სუიციდის, აზარტული თამაშებისა და ნარკომანიის პრევენციის, ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და სიჯანსაღის, განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების ინიციატივა განიხილება. შეხვედრას ორგანიზაციის ექსპერტებთან ერთად დაესწრებიან ამ სფეროში მოღვაწე ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და იურისტები.
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური ქსელის კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) 2019 წლის რეიტინგებში საქართველოს შედეგები გასაჯაროვდება.
სასამართლო თემები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და თემურ გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილისა და მათთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საპროტესტო აქცია შვეიცარიაში
შვეიცარიაში, საპროტესტო აქციაზე, სადაც დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს აპროტესტებდნენ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. „როიტერსის“ ინფორმაციით, პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი, ხოლო, შეტაკებების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო, მომიტინგეები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლებს აპროტესტებდნენ. გარდა ამის, ისინი მათ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისკენაც მოუწოდებდნენ.