logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 23.05.2020

23 მაი 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
hnjs83fxseo07p4.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 23 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

ქვეყანაში 63-დღიანი საგანგებო მდგომარეობა დასრულდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი უკვე რამდენიმე საათია გაუქმდა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში ნელ-ნელა შერბილდა და ამიერიდან ქუჩაში გადაადგილება დაჯარიმების შიშის გარეშე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგეძლებათ. 

დღეიდან 3 000 ლარის გადახდა ასევე აღარ მოგიწევთ, თუ საკუთარი ავტომობილით ოჯახის 4 წევრი ერთად მოისურვებთ გადაადგილებას. თუმცა, კვლავ ძალაშია 3-ზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა ტაქსების საშუალებით, ამიტომ 4-წევრიან ოჯახს, რომელსაც მანქანა არ ჰყავს, გადასაადგილებლად 2 ტაქსი დასჭირდება.

კომენდანტის საათის გაუქმება გუშინ ღამით მთელ საქართველოში იგრძნობოდა. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის დასრულება ფოირვერკებითაც კი აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ კომენდანტის საათის მოხსნას არ ჩაუვლია ავტოსაგზაო შემთხვევის გარეშე. 23 მაისის პირველივე საათებში თამარაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. 

21 მარტს გამოცხადებული ყაზარმული მდგომარეობა  დღეიდან გაუქმდა საქართველოს თავდაცვის ძალებშიც. მიუხედავად ამისა, სამინისტროს ინფორმაციით ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

 

რა რეგულაციები რჩება ძალაში?

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებას ყველა შეზღუდვის მოხსნა არ მოჰყოლია. ამ ეტაპზე კვლავ შენარჩუნებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა და ჯერჯერობით ისიც უცნობია როდის როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კვლავ დახურული რჩება კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი დიდი სავაჭრო ცენტრები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. ამ დრომდე ვერ შეძლებთ ვარჯიშს ფიტნეს დარბაზებში. ივნისის დასაწყისში იგეგმება რესტორნების ნაწილის გახსნა, თუმცა მათ მხოლოდ ღია სივრცეში შეეძლებათ სტუმრების მიღება.

ამასთანავე, ჯერ კიდევ რთული ეპიდსიტუაციის გამო სპეციალური საკარანტინე შეზღუდვებია შენარჩუნებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში

 

„ტყის მცველები“

79 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყის ფლობის უფლებას აძლევს, პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. 

მიღებულ კანონს დადებითად აფასებენ სასულიერო პირები. მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფიქრობს, რომ ტყის მასივები ეკლესიის დაქვემდებარებაში უფრო დაცული იქნება და ამით ისინი ტყის მცველის ფუნქციასაც შეითავსებენ. 

 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება სხვა რელიგიური ორგანიზაციების უფლებებს არღვევს. 

„აშკარაა, რომ სახელმწიფო მხოლოდ დომინანტურ ეკლესიას გამოარჩევს და სხვა რელიგიურ ჯგუფებს უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს,“ - განაცხადა EMC-ის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.

 

COVID-19 საქართველოში

728 ინფიცირებული, მათგან 509 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. 

via GIPHY


სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 323 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3259 პირი. შედარებით მძიმეა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

რომი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში კიდევ 180 მოქალაქე დაბრუნდა

მორიგი სპეცრეისით დაბრუნებულმა მოქალაქეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. 

via GIPHY

 

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 2-კვირიანი კარანტინის დროს 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.

 

COVID-19 მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5.3 მილიონს გააჭარბა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 2,1 მილიონზე მეტი პაციენტი. კოვიდინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა 340 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 44 500-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

via GIPHY

 

COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებლით კვლავ შეერთებულ შტატები ლიდერობს. გასული დღის განმავლობაში ვირუსს აქ 1 293 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის შტატებში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1.6 მილიონზე მეტია. მაღალია განკურნებულთა რაოდენობაც. აშშ-ში ვირუსი უკვე 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაამარცხა.

via GIPHY

 

კორონავირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრად ჯანმომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტი და კერძოდ ბრაზილია გამოაცხადა. მსოფლიოში ეს ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე მეორე ადგილს იკავებს. აქ ვირუსი დადასტურებული აქვს 330 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 21 ათასს აჭარბებს.

 


close დახურვა