logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 23.12.2019

23 დეკ 201910:54
3 წუთის საკითხავი
 
i9tw8tflkx125jp.png

შმაქსისტების აქცია


შმაქსისტები ვარკეთილში, შს სამინისტროსთან აქციას გამართავენ და შმაქსის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლას გააპროტესტებენ. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრებმა და შმაქსების მძღოლებმა საპროტესტო აქციები აქამდე ორჯერ უკვე გამართეს და ტაქსების რეგულაციის ამოქმედების წინააღმდეგ გამოვიდნენ.  მათი მთავარი მოთხოვნებია: „შმაქსს“ თავი დაანებოს საპატრულო პოლიციამ; ყველა ჯარიმა, რომელიც გამოწერეს პირველი ოქტომბრიდან, გაუქმდეს; გაუქმდეს ტაქსის რეფორმა. 


მინიმალურ ხელფასზე კანონპროექტის განხილვა


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელებენ. საუბარია, პარლამენტის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრას გულისხმობს.


სექსუალური შევიწროებაზე კვლევის პრეზენტაცია გორში


დღეს, კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრში, გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. კვლევა, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ მოქალაქეთა მოსაზრებების გამოვლენას ისახავდა მიზნად, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის განმარტებით, კვლევაში სხვადასხვა ასაკის 100-მდე გოგონამ/ქალმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სპეციალურად შედგენილი კითხვარი ანონიმურად შეავსეს.


ბრიფინგები და პრესკონფერენციები


  • საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომლიც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩავიდა, განცხადებას გააკეთებს.

    ცნობილ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც 9 ნოემბრიდან ოკუპირებულ ცხინველში უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ 20 დეკემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა. აშშ-ის მთავრობამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა.


  • თბილისის საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ფეისბუკზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს აგინა, კრიტიკის შემდეგ კი “ექიმის დახსნაში წვლილის შესატანად ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას ცდილობდა”, განცხადებას გააკეთებს. დღეს საღამოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა" ერეკლე კუხიანიძის სახლთან აქცია-პერფორმანსს გამართავს.


  • ანა დოლიძე და კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ჯანდაცვის სამინისტროსთან ბრიფინგს გამართავენ.


  • დღეს, პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი მედიას საყოველთაო გამოკითხვის შედეგებს გააცნობს, რომელიც მისმა პარტიამ ჩაატარა.



სასამართლო პროცესები


  • თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ფინანსური დირექტორის კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.


  • პარალელურად, საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება. მათ ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

  • გიგი უგულავას ბრალდება ამავე საქმეში „სითი პარკის“ ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.


სამთავრობო ამბები


  • თბილისში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქრთველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. რიგით მე-8 მინისტრელიალზე 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდება.

  • იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჯარო რეესტრის ახალი ოფისის მშენებლობას დაათვალიერებს.

  • სახელმწიფო ელექტროსისტემა, თელასი და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აეროპორტის უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტს წარადგენენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და თელასის გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.



ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


ხორვატიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი და მოქმედი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი დაუპირისპირდებიან.

 

პირველ ტურში ხმების დათვლის შემდეგ, „სოციალისტ-დემოკრატების“ კანდიდატმა, მილანოვიჩმა 29,5% პროცენტი მოიპოვა, ხოლო, მმართველი პარტიის კანდიდატმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა 26,7%, მესამე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა 24,4%-ით.

 

 

არჩევნების მეორე ტური ხორვატიაში 5 იანვარს გაიმართება.


close დახურვა