ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 24 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.
COVID19 საქართველოში
431 ინფიცირებული, მათგან 114 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი აცხადებს, რომ მოსახლეობას კორონავირუსთან კოჰაბიტაცია მოუწოვს - თეგნიზ ცერცვაძის თქმით, COVID19 არსად გაქრება და ქვეყანა მუდმივ საგანგებო რეჟიმში ვერ იცხოვრებს. ამისთვის კი გარკვეული პერიოდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებაა საჭირო.
ინფიცირებული მედპერსონალი
სასწრაფო დახმარების 7 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. შესაბამისი კვლევის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან გუშინ გვიან ღამით მიიღეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იმ დაწესებულებაში მუშაობდნენ, სადაც ერთ ექიმს კორონავირუსი გამოუვლინდა. უკვე 2 დღეა რაც სასწრაფო დახმარების პერსონალის სისტემური ტესტირება დაიწყო, ვინაიდან, ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ამ დროისთვის, კოვიდინფიცირებული 20 მედპრესონალიდან 18 სასწრაფო დახმარების თანამშრომელია.
მთავრობის გენგეგმა
მმართველი გუნდი დღეს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. როგორც ცნობილია დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება და ეკონომიკის გახსნის გეგმა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დაგვიანებულია. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ ანტიკრიზისულ გეგმას მმართველ გუნდს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
ოპოზიციის მსგავსად, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას დაგვიანებულად მიიჩნევენ ეკონომისტები. მათი განმარტებით, დოკუმენტი უნდა მოიცავდეს როგორც კრიზისის დროს სამოქმედო ნაბიჯებს, ასევე, კრიზისიდან გამოსვლის გეგმას. ასევე მათი თქმით, გეგმა უნდა იყოს მასშტაბური, კონკრეტული და არაპოპულისტური.
სპეცრეისი ბარელონადან
დღეს მორიგი სპეცრეისი ამჯერად ბარსელონადან შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. რეისს მთავრობის განკარგულებით კვლავ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს, ბილეთის ღირებულება კი 199 ევრო იქნება. ჩამოსვლისთანავე მგზავრებს იზოლაციაში მოათავსებენ.
სპეცრეისები სხვა ქალაქებიდან:
-
27 აპრილი: ვარშავა-თბილისი
-
30 აპრილი: მადრიდი-თბილისი
-
2 მაისი: პრაღა-თბილისი
აშშ რუსულ ბორდერიზაციაზე
შეერთებული შტატები საოკუპაციო ხაზზე ,,ბორდერიზაციის” განახლების პროცესს გმობს. მწვავე კრიტიკა რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მისამართით ამჯერად ეუთოს მუდმივი საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე გაისმა. ეუთოში ამერიკის ელჩის, ჯეიმს გილმორის განცხადებით, შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული სოფელ ტახტისძირთან ახლოს ინტენსიური ბორდერიზაციის პროცესის განახლების გამო. მისი თქმით, ე.წ "სასაზღვრო" ნიშნების განთავსება არარსებულ საზღვარზე, ზრდის დაძაბულობას და ყურადღება გადააქვს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიდან.
COVID19 მსოფლიოში
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონ 700 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 190 ათასზე მეტი ადამიანი. ჯამში ვირუსი დაამარცხა 745 ათასზე მეტმა ადამიანმა. ოფიციალური მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირებულ 58 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.
დიდი ბრიტანეთი ქვეყანაში ეპიდემიის სწრაფი გავრცელების ფონზე ტესტირების მასშტაბებს ზრდის. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უკვე არსებობს დღეში 51,000 ტესტის ჩატარების შესაძლებლობა. თვის ბოლომდე კი დღიური ტესტირების რიცხვის გაზრდა 100 ათასამდე იგეგმება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა უკვე დაიწყო. ბოლო ცნობებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი 138 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 18 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა, მათ შორის 638 პაციენტი ბოლო 24 სააათში.
ყველაზე რთული ეპიდსიტუაცია კვლავ შეერთებულ შტატებშია, სადაც დღის განმავლობაში ინფექციით 2 342 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 50 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსი სულ დადასტურებული აქვს 886 ათასზე მეტ პაციენტს, ვირუსი დამარცხება კი 86 ათასამზე ინფიცირებულმა შეძლო.
ისლამური სამყარო რამადანს აღნიშნავს
ისლამური სამყარო რამადანის წმინდა თვის დასაწყისს აღნიშნავს. კორონავირუსის ფონზე , წელს რამადანი განსხვავებულად აღინიშნება. მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში დახურულია სალოცავები.
ისლამური წმინდა ადგილები, მათ შორის საუდის არაბეთში მდებარე ქალაქები მექა და მედინა, პილიგრიმებისთვის დახურული რჩება. ლოცვებს აქ მხოლოდ სალოცავის პერსონალი დაესწრო. ისრაელის ხელისუფლების მერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ცარიელი ინება იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთიც. რამადანის აღნიშნვა 23 მაისს დასრულდება.