აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან
სამოქალაქო აქტივისტები 12 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ. აქტივისტები facebook-ის ოფიციალურ განცხადებასა და "ქართული ოცნების" გამოხმაურებას შეაფასებენ.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების მიმართ და სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლება უზრუნველყოს, - ამის შესახებ განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
შეერთებული შტატების საგარეო უწყების პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაში ასევე წერია, რომ ვაშინგტონი მიესალმება საქართველოში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის შედეგად მიღწეულ პროგრესს და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს.
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააძლიეროს ვალდებულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, ქვეყნის სასამართლოსა და პროკურატურის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლების უზრუნველყოფით. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებს'',- წერია განცხადებაში.
პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში
ომბუდსმენის აპარატმა სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.
სასამართლო პროცესები
- თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში "გამარჯვებული საქართველოს" წევრის, გურამ ჩალაგაშვილის მიმართ ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში კინოთეატრ "ამირანთან" ანა სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალდებული შალვა შევარდნაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
ბრიფინგები და პრესკონფერენციები
- ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმისთვის დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე განცხადებას გააკეთებს.
- გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე პრესკონფერენციას გამართავს.
- ანალიტიკოსი გია აბაშიძე განცხადებას გააკეთებს, Facebook -ის ადმინისტრაციის მიერ ქართული გვერდების წაშლისა და არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ.
ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კვლევის პრეზენტაცია
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში საქართველოს 9 რეგიონში 2014-2018 წლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
რუსეთი აშშ-ის სანზციებზე: „ეს კატასტროფა არაა“
რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ „ნორდ სტრიმი 2-ის“ მილსადენის პროექტის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს პასუხობს და აცხადებს, რომ ეს „კატასტროფა არაა“ და მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც „გაზპრომს“ ნორდ სტრიმი-2-ის მილსადენის მშენებლობის დასრულებაში დაეხმარება.