logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 25.03.2020

25 მარ 202009:54
3 წუთის საკითხავი
 
g0k13cgjjp3j6ij.jpg

საკარანტინო ზონა ფართოვდება?

მარნეულისა და ბოლნისის შემდეგ, საკარანტინო ზონად შესაძლოა ნინოწმინდა და ახალქალაქი გამოცხადდეს. უკვე ათი დღეა, რაც რაიონში სომხეთიდან 500-ზე მეტი სტუდენტი დაბრუნდა. თვითიზოლაციისკენ მოწოდება კი მათ მხოლოდ რეკომენდაციის სახით მიიღეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონებში სტუდენტების სავალდებულო განაწილება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა.

უცნობია, სად იყვნენ ამ ხნის მანძილზე ახალგაზრდები ან იცავდნენ თუ არა თვითიზოლაციის წესებს. ამ თემაზე ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი განმარტებას არ აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის მელიქ რაისიანი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ზომები დაგვიანებით მიიღო.

 

via GIPHY

 

მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინის მესამე დღეა. მუნიციპალიტეტის გამშვებ პუნქტზე გადაადგილება კიდევ უფრო გამკაცრდა. გუშინ გვიან ღამით, ბლოკ-პოსტთან ბეტონის ბარიკადები დადგეს. ტერიტორიაზე შესვლისას ადამიანებს ID ბარათებს უმოწმებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს მუნიციპალიტეტში უშვებენ, თუმცა ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამხედრო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული. საკვები ობიექტებისა და სააფთიაქო ქსელების გარდა დაიხურა ყველა სავაჭრო სივრცე. მარნეულის რადიოს თანამშრომელი ფორმულანიუსთან საუბრისას მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე დეფიციტი არ არის, თუმცა მათი ფასი გაორმაგებულია.

 

წირვა-ლოცვა ეკლესიებში

უნდა გაგრძელდეს თუ არა წირვა-ლოცვები ეკლესიაში? - ამ საკითხზე ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავარმა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ისაუბრა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ საეკლესიო პირები გაცემულ რეკომენდაციებს უნდა დაემორჩილონ და ეკლესიაში მსახურება დროებით შეწყვიტონ. მისი თქმით, კორონავირუსით მისი ეპარქიის ერთ-ერთი სტიქაროსანიც დაავადდა, რის გამოც ეპარქიამ მსახურება შეწყვიტა.

 

COVID-19-ისგან განკურნებულები

კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ, შესაძლოა გამოჯანმრთელებულთა სიას შეუერთდნენ. მათ მალე ტესტი ჩაუტარდებათ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, პაციენტები კლინიკას დატოვებენ. შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული სულ 70 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 9 კი უკვე გამოჯანმრთელდა.


სწრაფი ტესტები

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში სავარაუდოდ დღეს ჩამოვა. დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი არსებობა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ტესტები კორონავირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის. ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ამ კუთხით ნელა მოქმედებს.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, სწრაფი ტესტები სახელმწიფომ პირველ რიგში რისკ ჯგუფებს უნდა მოახმაროს, მათ შორის, მარნეულის მოსახლეობას, სამედიცინო პერსონალს, ჯარისკაცებსა და პოლიციას. სწრაფი ტესტები საქართველოში 4 ეტაპად ჩამოვა. მეოთხე ეტაპზე კი მათი რაოდენობა 200 000 იქნება.

 

საზღვარგარეთ ჩარჩენილები

საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ისევ ვერ ახერხებენ . გერმანიიდან რეისს 400 ადამიანი ელოდება. ნაწილმა ბილეთების შეძენა ვერ მოასწრო, რადგან მათ ფრენების შესძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით არ იცოდნენ, ნაწილს კი, რომლებმაც ბილეთების შეძენა მოახერხა, ფრენა გაუუქმდა. საქართველოს მოქალაქეების თქმით, საკონსულოში ვერ ეუბნებიან, როდის შეძლებენ ისინი სამშობლოში დაბრუნებას.

 

ლარის ანტირეკორდი

ეროვნულმა ვალუტამ დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ახალი ოფიციალური კურსით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 3 ლარი და 44 თეთრია, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი დოლარი 3 ლარი და 65 თეთრიც კი ღირს.

კორონავირუსის დადასტურებიდან დღემდე ქვეყანაში 100 დოლარი მინიმუმ 70 ლარით გაძვირდა. სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის დევალვაცია ექსპერტებს ამის თქმა უჭირთ. დღეს ეროვნული ბანკი ლარის სტიმულირებისთვის აუქციონზე კიდევ 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის.

 

ქუჩების დეზინფექცია თბილისში

თბილისის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. ღამის განმავლობაში დეზინფექცია ჩაუტარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მათ შორის გაჩერებებსა და მეტროსადგურის ამოსასვლელებს. სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდა.

როგორც მერიაში განმარტავენ, სპეციალური ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის. ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას ისახავს მიზნად.

 

მთელი ინდოეთი კარანტინშია

კორონავირუსის გამო ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ ქვეყნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო - 21 დღიანი კარანტინით 1.4 მილიარდ ადამიანს გადაადგილება შეეზღუდება. ჩაკეტვის ბრძანება უკვე მოქმედებდა დიდ ქალაქებში, თუმცა ამიერიდან ის სოფლებსა და პატარა ქალაქებზეც გავრცელდება. ინდოეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 562 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 11 ლეტალურად დასრულდა.

via GIPHY

 

კორონავირუსი მსოფლიოში

COVID 19-ით ინფიცირებულთა მასშტაბი დღითიდღე იზრდება. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 420 ათასს გადააჭარბა.

ინფიცირებულთა რიცხვით კვლავ ჩინეთი ლიდერობს, თუმცა გარდაცვლილთა ოდენობა 2-ჯერ მეტია იტალიაში. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფექციას იტალიაში 743 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის მკვეთრი მატებაა აშშ-ც. აქ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 54 ათასს.

via GIPHY


close დახურვა