logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 26 ოქტომბერი, 2019

26 ოქტ 201910:12
3 წუთის საკითხავი
 
0akt7yddubqiueh.jpg

გიორგი ანწუხელიძის სახელობის კვირეული ალვანში


ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, 26-27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის კვირეული გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი თუშეთის განვითარების ფონდია. კვირეულს დღეს ქვემო ალვანის სპორტულ მოედანზე ანსამბლი „კესელო“ გახსნის. დღესვე გაიმართება ტურნირები ფეხბურთსა და კიკბოქსში, ხოლო 12:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში შესრულდება თუშური ტრადიციული დატირება, ე.წ. „დალაობა“. მსვლელობა დაიწყება ქვემო ალვანის ცენტრიდან და დასრულდება კვირაცხოვლის ეკლესიაში. 14:00 საათზე, ალაზნის პირას არსებულ სადოღე ტრასაზე გაიმართება დოღი. როგორც „რეგინფო“ წერს, სპორტული და კულტურული ღონისძიებები ხვალ გაგრძელდება.

 

"დაბნეულობა კონტი ჯგუფში"

 

Conti International-ის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ "ანაკლის კონსორციუმის" განცხადება, თითქოს "კონტი ჯგუფი" კონსორციუმის წევრად რჩებოდა, დაბნეულობით იყო გამოწვეული. მისი თქმით, პრესრელიზი, რომელიც გუშინ "კონტი ჯგუფმა" გაავრცელა, "ამ დაბნეულობის განმარტებისკენ იყო მიმართული".

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის რელიზზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის თანახმად, ტრანზაქცია, რომლითაც პროექტიდან "კონტი ჯგუფი" უნდა გასულიყო, არ განხორციელდა, რის გამოც კომპანია აქციონერად დარჩა. კონსორციუმის გუშინდელი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ "კონტი ჯგუფს" ჰქონდა პროექტიდან გასვლის სურვილი, მსგავსი ტრანაქცია უახლოეს მომავალში არ იგეგმება.

BMG-მ გამოაქვეყნა “კონტი ჯგუფისგან” მიღებული წერილი, რომელშიც ამერიკული კომპანია ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის დატოვებას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით, წილის გასხვისებამდე, პროექტში რჩება.

 

აქცია ხადის ხეობაში


დღეს ხადაში ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას გააპროტესტებენ, რომელიც, მათი თქმით, მოსახლეობას და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს უქმნის.


"და ჩვენ ვცეკვავთ" ნიუ-იორკში

 

დღეს ქართულ-შვედური ფილმის ჩვენება ნიუ-იორკში გაიმართება. ფილმი ნიუ-იორკის ლგბტქ კინო ფესტივალზე NewFest-ზე საერთაშორისო სექციაშია წარდგენილი. „ამერიკის ხმის“  ინფორმაციით, ლგბტქ კინო ფესტივალის გარდა, ფილმს შვედეთის გენერალური საკონსულო სკანდინავიურ სახლშიც წარადგენს. წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი ოსკარზე სწორედ შვედეთის სახელით წარდგება.

 

ქარათველი ძიუდოისტები აბუ-დაბის გრან-პრიზე

 

დღეს აბუ-დაბის გრან-პრის ტატამზე ქართველი ძიუდოისტები: გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) გავლენ. გუშინ ამავე ტურნირზე 21 წლის ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

 

კულინარიის ფესტივალი გურჯაანში


გურჯაანში, ახტალის პარკში, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებუთ მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. ღონისძიებას Bocuse d’Or ფინალისტების კულინარიული შოუ დაასრულებს.


ღონისძიებები საქართველის რეგიონებში


გარდა ამისა, დღეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები, მათ შორის: ოზურგეთში - ოზურგეთობა 2019, ჭიათურაში - ჭიათურობა 2019 და ზესტაფონში - ზესტაფონობა 2019. დღესვე დაგეგმილი იყო კასპობა 2019, თუმცა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ეს ღონისძიება მერიამ უკვე მესამედ გადადო, ხოლო ღონისძიების ჩატარების თარიღად 2 ნოემბერი დაასახელა.


გამოფენა და დისკუსია საბჭოთა ტერორზე


დღეს გამოფენის - "კონფლიქტის დერეფნებში, აფხაზეთი 1989-1995" - ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე - "კონფლიქტთან დაკავშირებული საარქივო მასალების წვდომის შესაძლებლობები და გამოწვევები". დისკუსიის მომხსენებელია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის არქივარიუსი ირაკლი ხვადაგიანი.


აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულების პრევენცია - მედიაშეხვედრა


ფრონტლაინ კლუბში დღეს ჩატარდება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულების პრევენციის საკომუნიკაციო სტრატეგიები/სამოქმედო გეგმები, ასევე, ამ თემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ქვეყანაში არსებული სერვისები განიხილება.


რუსი ჯაშუშის დეპორტაცია ამერიკიდან

 

ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი მარია ბუტინა ფლორიდის ციხიდან დეპორტაციის მიზნით გაათავისუფლეს. დაკავებული საიმიგრაციო სამსახურს უკვე გადასცეს. ბუტინა მოსკოვში სავარუდოდ დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა.

მარია ბუტინა 2018 წლის 15 ივლისს ვაშინგტონში დააკავეს. მას ბრალად აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ საქმიანობა ედებოდა. ბუტინამ ბრალი აღიარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა.


close დახურვა