logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 27.01.2020

27 იან 202010:25
3 წუთის საკითხავი
 
r0u6pvf01n6ryf0.jpg

კობი ბრაიანტი დაიღუპა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი  კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ვერტმფრენში კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის  ქალიშვილიც იმყოფებოდა.  სულ ბორტზე 9 მგზავრი იყო. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა.

ჯერჯერობით, უცნობია ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი. თვითმხილველთა ინფორმაციით, ვერტმფრენი დაბალ სიმაღლეზე  მიფრინავდა, მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

41 წლის კობი ბრაიანტი მთელი თავისი 20 წლიანი კარიერის განმავლობაში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში" თამაშობდა. ბრაიანტმა NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი ხუთჯერ მოიპოვა.

 

კიდევ ერთი მწვავე წერილი ხელისუფლებას

წერილიდან, რომელსაც გახარიას ადმინისტრაცია თვეზე მეტ ხანს მალავდა, ირკვევა, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ დეკემბერში ნდობის დაკარგვის შესახებ აფრთხილებდა. კონგრესმენების წერილების მთელ სერიამდე, სენატორმა როჯერ ვიკერმა 19 დეკემბერს გახარიას მისწერა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. რესპუბლიკელი სენატორი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე უარი თქვა.

ვიკერი გახარიას სწერს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში დროის გატარებით ემუქრება და ამის პარალელურად, სასამართლო განხილვები ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას წინააღმდეგ ახლდება.

ეკონომიკურ სანქციებს პროგნოზირებენ ექსპერტები. მათი განცხადებით, დასავლეთი საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად ყველა ბერკეტს გამოიყენებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  ბოლო რამდენიმე თვეში, რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისგან არაერთი მწვავე წერილი მიიღო.


კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის აეროპორტი საგანგებო რეჟიმშია

სააგენტოს ცნობით, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 30 პროცენტით - 2,744-მდე - მოიმატა.

ჰონგ-კონგში ვირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა და დღეიდან იქ იმ ადამიანების შესვლა აიკრძალა, რომლებიც ბოლო 14 წლის მანძილზე ჰუბეის პროვინციაში არიან ნამყოფები, თუმცა აკრძალვა ჰონგ-კონგის მცხოვრებლებს არ ეხებათ.

ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების პროცედურა დაიწყეს საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კონტროლის საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ეპიდემელოგები მეორე დღეა, ტრანზიტული რეისებით ჩამოსულ მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ. Ასევე, ანალოგიური რეჟიმი ამოქმედსა ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებსა და სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზეც.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

 

„ფრონტერას” თანამშრომლები შრომით უფლებებზე ბრიფინგს გამართავენ

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი და კომპანია "ფრონტერას" დასაქმებულები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ და მედიის წარმომადგენლებს ბრიფინგზე მშრომელთა მოთხოვნებს გააცნობენ. ბრიფინგზე ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებას ასევე გააცნობს წერილს, რომლითაც ის აშშ-ის სენატსა და კონგრესს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, ამერიკული კომპანია "ფრონტერასთან" დაკავშირებით მიმართავს.

„სოლიდარობის ქსელის” ინფორმაციით, 17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის  ამერიკულმა კომპანიამ, “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” დედოფლისწყაროში დასაქმებული 80-ზე მეტი თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა.

დასაქმებულების მიერ გამოხატული საჯარო პროტესტის  მიუხედავად კი, კომპანიამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა: „მეტიც, წინასაახალწლოდ 80-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. ამასთანავე, გათავისუფლებული მშრომელებისთვის კომპანიას ბოლო სამი თვის ხელფასი ანაზღაურებული არ ჰქონია”.

 

სასამართლო თემები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში  ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ქარდავას, ილია გამგებლის და დავით ქოქიაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

 

 

პრესკონფერენციები და აქციები

  • ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე განცხადებას გააკეთებს და ისაუბრებს ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკაზე; ავარიების გამომწვევ ყველაზე ხშირ, სავარაუდო მიზეზებსა და რეკომენდაციებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ამავე თემაზე შეხვდება ჟურნალისტებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილიც.
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია პრესკონფერენციას გამართავს. თოფურია ისაუბრებს დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე.
  • საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი გაიმართება.
  • გენერალურ პროკურატურასთან ადამიანის უფლებათა ცენტრი საპროტესტო აქციას გამართავს.

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა