ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 27 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს:
საქართველოში შეზღუდვების მოხსნის I ეტაპი იწყება
დღეს დილიდან უკვე დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ავტომობილებით გაადაადგილება აკრძალულია მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტებში და ადმინისტრაციულ ერთეულებიში, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული. ასევე ე.წ. კომენდანტის საათის დროს, რომელიც კვლავ ძალაშია. მიმოსვლა 2 დღით აღდგება საქართველოს 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.
იხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრებიც. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, ბაზარში მისული მოაქლაქეებისთვის კი პირბადის ტარება. ბაზრების ამუშავება ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპია. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი ობიექტები განაახლებენ მუშაობას თბილისში.
რაც შეეხება რეგიონებს, ბათუმში ღია აგრარულ ბაზართან ერთად, თევზის ბაზრებიც ამუშავდება. ქუთაისში კი ე.წ. მწვანე ბაზარი გაიხსნება. ვაჭრობა უახლოეს დღეებში შესაძლებელი გახდება ნიკეას ბაზარშიც, სადაც ამ დროისთვის საბითუმო ვაჭრობა მიმდინარეობს. ბაზრებში რეკომენდაციების შესრულებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკონტროლებს.
COVID-19 საქართველოში
თეთრიწყაროში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა
რეგიონში COVID-19-ის 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 12 თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. უკვე მეორე დღეა მუნიციპალური ცენტრი ჩაკეტილია. ქალაქში შესვლა-გამოსვლა 4 ბლოკ-პოსტის მეშვეობით კონტროლდება. ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული თეთრიწყაროს საავადმყოფოში, სადაც ექთანს COVID-19 დაუდასტურდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაწესებულ შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, გააკონტროლებენ.
კორონავირუსი რეგიონებში
ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისსოფელში დადასტურებული შემთხვევის მჭიდრო კონტაქტია.
ქუთაისის ინექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული დატოვებს. კლინიკაში სულ 14 გამოჯანმრთელებული ჰყავთ, მკურნალობას კი 23 პაციენტი განაგრძობს.
7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან ბათუმის კლინიკა „მედალფაში". მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვთ და პროტოკოლით დადგენილი ანალიზები ჩაუტარდებათ, რის შემგდეგაც, შესაძლოა კლინიკა დატოვონ.
ფოთის ცხელების ცენტრში კი 11 პაციენტის ბიოლოგიური მასალის კვლევის პასუხებს ელოდებიან. მათგან 7 სამედიცინო პერსონალია.
საზღვარგარეთ საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა
აშშ-სა და ლატვიაში COVID-19-ით საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცი COVID-19-ის დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ვირუსის მიერ გამოწვეულ გართულებებთან ერთად, მას დიაბეტიც ჰქონდა.
ლატვიაში 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ოჯახი უკვე დაუკავშირდა ლატვიაში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამ დროისთვის ცხედრის გადმოსვენების დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.
ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში კარანტინი დასრულდა
ქართულ-ჰოლანდიურმა კლინიკამ მუშაობა განაახლა. მედიკოსები ამბობენ, რომ განმეორებითი ტესტირების შედეგად მათ თანამშრომლებს COVID-19 არ დაუდასტურდათ.
ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოთავსებულ პაციენტს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურა, რის გამოც 12 აპრილს კლინიკა დროებით დაიხურა.
საქართველოში კორონავირუსის ტესტების მარაგები შეივსება
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრი ავრცელებს. ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის კორონავირუსზე ტესტი 11 504 ადამიანს ჩაუტარდა.
ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანაში ტესტების დეფიციტი იქნება, მოიმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. ოპოზიციისთვის კი ხელისუფლების ნაბიჯები დაგვინაბეულია. ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ტესტირების ნაკლებობამ იმ რეგიონების ჩაკეტვა გამოიწვია, რომლებიც დღემდე კარანტინის რეჟიმშია.
„ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ ის ექიმები, რომლებიც ტესტირებებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ „ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ არიან.
COVID-19 მსოფლიოში
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს უახლოვდება. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 207 ათასს აღწევს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 870 ათასზე მეტია.
ევროპის ქვეყნებში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. იტალიაში ბოლო 24 საათში 260 ადამიანი გარდაიცვალა. შემცირებულია ინფიცირებულთა ახალი შემთხვევების რაოდენობაც.
მსგავსი ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც COVID-19-ის შედეგად დღის განმავლობაში 288 ადამიანი დაიღუპა. რაც დაახლოებით ერთი მეოთხედით ნაკლებია, ვიდრე წინა დღის მაჩვენებელი.
მარტის შემდეგ COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების ყველაზე მცირე რიცხვი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთშიც. ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 413 ადამიანი ემსხვერპლა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოსახლეობას სოციალური დისტანციის ზომების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. დღეიდან მუშაობას შეუდგება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. 55 წლის ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი მარტში დაუდგინდა და მძიმე სიმპტომების გამოვლენის გამო, მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.
აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 მილიონს უახლოვდება
ბოლო მონაცემებით, დღის განმავლობაში COVID-19-ის შედეგად 1 157 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 55 ათასს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათს განმავლობაში, დაღუპულების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენდა. დღის განმავლობაში ნიუ–იორკში ვირუსს 367 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორმა ყოველდღიურ ბრიფინგზე შტატის ეტაპობრივი გახსნის შესახებ ისაუბრა და ბიზნესებს შესთავაზა, თავად წარმოადგინონ დასაბუთებული გეგმა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მათი ბიზნესის გახსნა და რამდენად უსაფრთხოდ შეძლებენ ისინი საქმიანობის წარმართვას.
კორონავირუსით რუსეთში ეპისკოპოსი გარდაიცვალა
რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, ჟელეზნო-გორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსი ბენიამინი, ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. 55 წლის ეპისკოპოსი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა. რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე კი, რომლებმაც მონაწილეობა სამხედრო აღლუმის რეპეტიციაში მიიღეს, კარანტინში იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 66 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად დაღუპულთა რიცხვი 767-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 90 თასს აღწევს.
ბათუმში სპეცოპერაცია ჩატარდა
2 მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს სამართალდამცველებმა ბათუმში. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ, ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ საქართველოში ჰეროინი უკანონოდ მარტში შემოიტანა. ისინი ნარკოტიკის ევროპაში გატანას გეგმავდნენ.
კორონავირუსის პანდემიამ სამშენებლო სექტორი დააზარალა
თბილისის მერი აცხადებს, რომ ეპიდემიისგან გამოწვეულმა კრიზისმა გავლენა მშენებლობებზეც იქონია. კახა კალაძის თქმით, ასეთ სიტუაციაში სამშენებლო სექტორს მხარი ბანკებმა უნდა დაუჭირონ და იპოთეკები გასცენ. კალაძემ ჟურნალისტებთან თბილისში მიმდინარე თუ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით ტენდერები ჯერჯერობით არ შეჩერებულა, მუნიციპალიტეტში მოვლენების განვითარებას ელოდებიან. დედაქალაქსი მერმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაც დააანონოსა, რომელსაც სამშენებლო სექტორთან ერთად ეროვნული ბანკისა და კერძო ბანკების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მსოფლიო ინტერნეტის თანამგზავრები საქართველოს ცაზე
საქართველოს ცაზე ღამით ათობით მანათობელი ობიექტი გამოჩნდა. ერთ რიგად მოძრავი მანათობელი წერტილები ილონ მასკის კომპანია Space X-ის თანამგზავრებია. პროექტ Starlink-ის მიზანია დედამიწის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით მთელი პლანეტის დაფარავა.
ბოლო მონაცემებით, Space X-ს დედამიწის ორბიტაზე 360 თანამგზავრი ჰყავს გაშვებული და ეტაპობრივად კიდევ 40 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.