ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთში
მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალებას ორი ქართველი ემსხვერპლა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა. პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 7 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.უბედური შემთხვევა ლიპეცსკის ოლქში გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. ადგილობრივი მთავრობის თქმით, სატრანსპორტო საშუალება კერძო პირს ეკუთვნის და ის საქართველოშია რეგისტრირებული. საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ტელეკომპანიების წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან
"ტვ პირველისა" და ტელეკომპანია "კავკასიის" წარმომადგენლები დღეს ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან. მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ფინანსთა მინისტრი შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობს. იქამდე, სანამ ტელევიზიების მენეჯერები ფინანსთა მინისტრს შეხვდებიან და კონკრეტულ შედეგამდე მივლენ, მინისტრის მოადგილე განცხადებას ავრცელებს და გადასახადების არ გადახდას ლაშა ხუციშვილი ძველ ტრადიციას უწოდებს. რამდენიმე დღის წინ, „ტვ პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაედო, რის გამოც ტელევიზიებთან გუშინ, სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები გამართეს.
გრიპი და ვაქცინა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესკონფერენცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე გრიპსა და ვაქცინაციის საკითხზე ისაუბრებს. 26 ნოემბერს ცენტრმა ვირუსით გარდაცვლილ ორ ადამიანზე გაავრცელა ინფორმაცია. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ გარდაცვლილებს H1N1 ვირუსი ჰქონდათ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში მკურნალობა დაგვიანებული იყო.
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრესკონფერენციას გამართავს
ოკუპირებული ცხინვალის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი და შვილი, თათა გაფრინდაშვილი განცხადებას გააკეთებენ. ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, პატიმრობაშია. Დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ხანძარი ატენის ხეობაში
ატენის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 5 კერიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია დარჩენილი, რომელიც რთული რელიეფით ხასიათდება. სახანძრო სამაშველო ეკიპაჟებმა გზის გაჭრის შემდეგ, უშუალოდ კერამდე მისვლა შეძლეს. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში ჩაერთვებიან ვერტმფრენებიც. შეგახსენებთ, რომ ხანძარს ატენის ხეობაში, უკვე, რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მიუდგომელი რელიეფის გამო, განსაკუთრებით გართულდა
დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოში თბილისის მერი, კახა კალაძე წარადგენს. სხდომას შესაძლოა, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწროს. თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.
რა იწვევს ავტოავარიებს საქართველოში
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ავარიებისა და უბედური შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრებს. „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, 2018 წელს სულ 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. 2018 წელს დაიღუპა 16 წლამდე 21 მოზარდი, მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი. თბილისში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილი იყო - საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით.
„ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ გაიხსნება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა „ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ გაიხსნება. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ასევე გამოფენისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.