logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 28.04.2020

28 აპრ 202010:07
3 წუთის საკითხავი
 
sj4kv1ltceomv6p.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 28 აპრილის მნიშვნელოვან მოვლენებს.

 

COVID19 საქართველოში

511 ინფიცირებული, მათგან 156 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი - ასეთია ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი.

via GIPHY

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირებების გაფართოებას აანონსებს. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ საკარანტინე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, შესაძლოა კოვიდინფიცირებულთა რიცხვა იმატოს. ამ შემთხვევაში კი ჩატარებული ტესტების სიმრავლე და ჯანდაცვის სიძლიერეა საჭირო. 

 

ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკა

მთავრობის მიერ შემუშავებულ მოქალაქეთა დახმარების პაკეტს აკრიტიკებენ არასამთავრობო სექტორში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში ფიქრობენ, რომ  სოციალური დახმარების პაკეტი პროცედურულ ბარიერებს შეიცავს და მიაჩნიათ, რომ შემუშავებული მოდელი მეტად მოქნილი უნდა იყოს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მოწყვლადი ჯგუფი დახმარების გარეშე რჩება. 

მესამე სექტორში ფიქრობენ რომ, ანტიკრიზისულ გეგმაში სათანადოდ არ აისახა მაგალითად დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები. კვლევები მოწმობს, რომ წლების შემდეგ, ისინი კვლავ მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან, რის გამოც ეს ჯგუფი პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს.

 

ოკუპირებულ ცხინვალს „სტალინირს“ არქმევენ

ოკუპირებულ ცხინვალს დეფაქტო პრეზიდენტმა მეორე სახელად „სტალინირი" უწოდა. ბიბილოვიის გამარტებით, ეს გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღო. 

via GIPHY

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში აღნიშნავს, რომ ბრძანება, რომელიც რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა გამოსცა, ღიად წარმოაჩენს ოკუპანტის სახეს. ქეთევან ციხელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ტრაგიკული იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც უკვე წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად, გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ, ახლა კი საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებენ.

 

მარნეული FOXNEWS-ზე

Fox News-ის საინფორმაციო გამოშვებაში მარნეული შეცდომით ჯორჯიის შტატს მიაკუთვნეს - გადაცემაში აშშ-ში გამართულ აქციებზე იყო საუბარი და ერთ-ერთ კადრად მარნეულში ჩატარებული აქციის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა.

via GIPHY

რუკაზე მარნეული ვერმონტის შტატის ქალაქ მონპელიეს, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდისა და ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოლბანის გვერდით აჩვენეს, როგორც ჯორჯიის შტატის ერთ-ერთი დასახლება.

 

COVID19 მსოფლიოში

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ინფექციამ უკვე იმსხვერპლა 211 ათასზე მეტი ადამიანი. ჯამში ვირუსი დაამარცხა 922 ათასზე მეტმა პაციენტმა. ოფიციალური მონაცემებით, COVID19-ით ინფიცირებულ ადამიანთა 3%-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

via GIPHY

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. ამერიკაში COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევების გლობალური მაჩვენებლის უკვე ერთი მესამედია დაფიქსირებული. დღის განმავლობაში საშიშ ვირუსს აქ 1 384 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 56 797-მდე გაიზარდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ტესტირება უკვე ჩაუტარდა 54 მილიონზე მეტ ადმიანს, ​ქვეყანაში COVID19-ით ინფიცირების შემთხვევები კი მცირდება და უფრო სტაბილური ხდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბიზნეს საქმიანობის აღდგენაზეც ისაუბრა და ეკონომიკის ჯანმრთელობის დაცვას ქვეყნისთვის გადამწყვეტი უწოდა. 

იტალიაში გასული დღის განმავლობაში  COVID19-ით ინფიცირების 1 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 10 მარტის შემდეგ  ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.  ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაავადებული მხოლოდ 333 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდსიტუაცია მშვიდდება ესპანეთშიც. აქ ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 2 793 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 331 გარდაიცალა. ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 229 ათასზე მეტია, მათ შორის გამოჯანმრთელებული კი უკვე 120 ათასამდე პაციენტია.

 

ჯანმოს განცხადება

“პანდემიის დასრულებამდე ჯერ შორია” - ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა , ჟენევაში, COVID19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ტედროს გებრეისუსის თქმით,  შეშფოთებას იწვევს  აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების მზარდი ტენდენციები. მისი განმარტებით,  ტესტირების მცირე მოცულობის გამო ამ რეგიონების ქვეყნებში არ არის გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებისა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა.



close დახურვა