logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 3.03.2020

03 მარ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 
tilwly4bk1wci24.jpg

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა პაციენტი ახალგაზრდაა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

 

საქართველოში სომხეთის პრემიერი ჩამოვიდა

სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთის პრემიერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

 

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში ახალი კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC შტატის ჯანდაცვის სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექვსი გარდაცვლილიდან ოთხი ასაკოვანი იყო, ან თანმხლები დაავადება ჰქონდა.

ვაშინგტონის შტატში რამდენიმე დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

 

გაუქმებული ფრენები იტალიის მიმართულებით

კორონავირუსის გამო ავიაკომპანია „რაიან ეარ“-მა ასობით რეისი გააუქმა. როგორც ფორმულა ნიუსს ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს, 11 აპრილამდე გაუქმებულია რეისების ბოლონიის მიმართულებით. „რაიან ეარის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქმეყნებული ინფორმაციით, საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 17 მარტიდან 8 აპრილამდე იტალიაში დაგეგმილი ფრენების 25% აღარ შესრულდება. განცხადების თანახმად მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მოითხოვონ თანხის დაბრუნება და მოგზაურობის სხვა დროისთვის გადატანა. რეისების დიდი რაოდენობა გააუქმეს ასევე ავიაკომპანიებმა „იზი ჯერმა“ და „ბრითიშ აივეისმა“.

 

რეისი იტალიიდან საქართველოში

იქამდე, სანამ ფრენები გაუქმდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან მორიგი რეისი განხორციელდა. მგზავრები თბილისში ქალაქ მილანიდან ჩამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ სამედიცინო შემოწმება როგორც მილანში, ისე საქართველოში გაიარეს. იტალიასთან ერთად მგზავრები სხვა რეისებიდანაც შეამოწმეს. ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს აეროპორტში სამედიცინო კონტროლის დროს ტემპერეტურა დაუფიქსირდათ.

 

ვითარება საქართველოს ინფექციურ კლინიკებში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 25 პაციენტია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 8 პაციენტზე ტესტის პასუხები მიიღეს და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ. 11 პაციენტის ანალიზის პასუხები, შესაძლო კორონავირუსთან დაკავშირებით კი დღეს გახდება ცნობილი. არ დაუდგინდა ვირუსი ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ შუახნის მამაკაცსაც და მან დაწესებულება უკვე დატოვა.

დღესვე გახდება ცნობილი კიდევ ერთი პაციენტის ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ასევე ბათუმის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხაშურის კლინიკიდან კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს. ორი მათგანი ირანის, ორი კი მათთან კონტაქტში მყოფი საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთი ტაქსის მძღოლია, რომელმაც ირანის მოქალაქეები გადაიყვანა. ტურისტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე 10 დღეა იმყოფებიან.

 

საკარანტინო სივრცე

ტუბერკულიოზისა და ბოლნისის საკარანტინო სივრცეში ამ დრომდე 41 პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა ავალიანის თქმით, კარანტინში მოთავსებული ადამიანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი 10 დღის მანძილზე დატოვებენ საკარანტინო სივრცეს. მისივე თქმით, რამოდენიმე მათგანზე გაჩნდა ეჭვი ახალი კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა ანალიზებმა უარყოფითი შეგედი აჩვენა. თბილისში ახალი საკარანტინო სივრცე რესპუბლიკურ კლინიკაში გაიხსნა. ამჟამად იქ 18 პაციენტი იმყოფება.

 

ქუთაისის ინფექციურში 10 ადამიანია მოთავსებული

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ათი ადამიანია მოთავსებული. პაციენტებს შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელი, ერთი მესაზღვრე და ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული დედა-შვილი არიან. ათიდან ექვს მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ოთხის პასუხებს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბიქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.

 

საჩხერის კარანტინში 26 ადამიანი იმყოფება

საჩხერის კარანტინი კიდევ 5 მა მოქლაქემ დატოვა. ყველა მათგანი საკუთარ სახლებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადავიდნენ. კარანტინში ამ დროისთვის 26 ადამიანია რჩება. ექიმის განცხადებით ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ვირუსისთვის დამახსიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

 

კარანტინი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ახალგორის მაცხოვრებლებს კარანტინში მოათავსებენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მოქალაქეების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნება, ე.წ. გამშვებ პუნქტის „რაზდახანის" გავლით, სპეციალური სიების მიხედვით მოხდება.

ოკუპირებულ ცხინვალში აცხადებენ, რომ 14-დღიან კარანტინში ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული პირებიც მოხვდებიან. გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი 60 ქვეყნისთვის დახურა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ სიაში რუსეთს არ შედის. 

 

კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოში

შეერთებულ შტატებში ახალი კორნავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით გამოწვეული პნევმონიით ვაშინგტონის შტატში 4 ადამიანი გარდაიცვალა. დონალდ ტრამპმა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგნელებს  ვაქცინის შექმნის დაჩქარება სთხოვა.იტალიაში კი დაღუპულთა რაოდენობა ერთ დღეში 34 – დან 52 – მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 2 ათასს გადააჭარბა. ახალი ტიპის კორონავირუსით მესამე ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს საფრანგეთშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მეტად შემაშფოთებელია ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაინფიცირების  9-ჯერ უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ვიდრე ჩინეთის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის მსოფლიოს 70 ქვეყანაში „კოვიდ 19"-ით 90 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 ათასს აღემატება. ახალი ვირუსისგან მთელ მსოფლიოში 45 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.

 

ზვიად კუპრავა შესაძლოა დაზარალებულად ცნონ

ზვიად კუპრავას დღეს სავარაუდოდ დაზარალებულის სტატუს მიანიჭებენ. აქტივისტი გლდანი-ნაძალადევის სამმართველოშია დაბარებული. კუპრავას თქმით, მისთვის იმ ადამიანების დაკავებაა მთავარი, რომლებიც მას თავს დაესხნენ. კუპრავა გია ვოლსკის დაკითხვას მოითხოვს, ვინაიდან როგორც "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ამბობს, თავდამსხმელების შესახებ ინფორმაციას სწორედ ვოლსკი ფლობს. ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ორი უცნობი თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული.

 

ბოკერიამ უგულავა საპატიმროში მოინახულა

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია გიგი უგულავას გუშინ მატროსოვის ციხეში ესტუმრა. ბოკერიას თქმით, უგულავა თავს კარგად გრძნობს და ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას ციხიდან აგრძელებს. კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს გიგი უგულავას 40%-იან ბარიერთან დაკავშრებით, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ის და მისი თანაგუნდელი თანამოაზრეები არიან.

 

აქცია-პერფორმანსი კანცელარიასთან

მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“, ანა დოლიძესთან და „აზატრული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენელთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

 

„ლელოს“ ახალი წევრების წარდგენა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პარტიის ოფისში ქალთა კვირეულის ფარგლებში 12 ახალ წევრ ქალს წარადგენს

 

არჩევნები ისრაელში

ისრაელში ბოლო 11 თვის განმავლობაში მესამე არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგების მიხდევით, მემარჯვენე ბლოკმა, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, 120-ადგილიან პარლამენტში 59 მანდატი მოიპოვა. უმრავლესობისთვის კი სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.

არჩევნების მესამედ ჩატარება იმიტომ გახდა საჭირო, რომ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა.

 

„ტვიტერი“ თანამშრომლებს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდებს 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, “ტვიტერი“ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჰონგ-კონგში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობა სავალდებულოა.

გარდა ამისა, “ტვიტერმა“ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში დასაქმებულ 5,000-მდე თანამშრომელს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა. კომპანიის განმარტებით, მათი მიზანია, ამ ნაბიჯით კომპანიასა და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობა შეამცირონ.

 

პრესკონფერენციები და განცხადებები:

 

  • სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა შეეხება სმენის მსოფლიო დღეს, სმენადაქვეითებული ბავშვების საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებს.

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი ახალი კორონავირუსისა და ორსულობის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

  • ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პროფესორი მაია გიგაური, ახალი კორონავირუსის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.

  •  „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, იუსტიციის სახლში დაწყებული პოლიტიკური დევნის შესახებ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

  • პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებას მიმართავს.


close დახურვა