„გაერთიანებული ოპოზიციის" ერთობლივი განცხადება
დღეს ოპოზიციის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. განცხადება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ეუთო/ოდირისთვის გასაგზავნ წინადადებასთან დაკავშირებით გაკეთდება.
აქცია მცხეთაში
მცხეთაში, სვეტიცხოველთან, მშვიდობიანი აქცია გაიმართება, სადაც მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მცხეთაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.
გუშინ, მცხეთაში, აქტივისტებსა და „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი, არიან დაშავებულებიც.
„ჩააგდე სია" - ანა დოლიძის ბრიფინგი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, პარლამენტის შესასვლელთან, ბრიფინგს „ჩააგდე სია" გამართავს.
მოძრაობა „ლელოს" განცხადება
„ლელოს" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ, ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ, რაც საზოგადოების დაპირისპირებისა და ვითარების ესკალაციას იწვევს.
სტუდენტების პროტესტი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.
სტუდენტების პროტესტის მიზეზი, რეზიდენტურის გამოცდის საფასურია. მათი თქმით, გამოცდა აქამდე იყო უფასო, ახლა კი 80 ლარი გახდა. სტუდენტების განცხადებით, ამ ცვლილების შესახებ გამოცდამდე, მხოლოდ ორი დღით ადრე გააფრთხილეს.
შშმ პირთა დასაქმების ფორუმი
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიხსნება. სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია 16:00 საათიდან დაიწყება.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა
სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანატის შენობაში გაიმართება საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომა, სადაც 42 ასოციაცია ერთობლივ განცხადებას გააკეთებს 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით.
20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
ამასთან დაკავშირებით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.