logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 30.05.2020

30 მაი 202010:39
3 წუთის საკითხავი
 
8edyv5xjtrkacwd.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 30 მაისის მნიშვნელოვან მოვლენებს.


საფრანგეთის ელჩი უკანონო „ბორდერიზაციას” გმობს

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაცია” დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა წერს.

„ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ,” - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

 

გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას 9 წლიან მმართველობაზე ისევ ისაუბრა

პარლამენტში ინტერპელაციის პროცესი ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებს პრემიერი ხისტი პოზიციით და ბრალდებებით პასუხობდა. აქტუალური კვლავ ყოფილი ხელისუფლების მმართველობა იყო.

„8-ჯერ ვესროლე სიმართლე და რვაჯერვე მოხვდა შუბლში გახარიას სიმართლე,” - ასე შეაფასა რომა გოცირიძემ გიორგი გახარიას გამოსვლა პარლამენტში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, დღეს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. გოცირიძეს მიაჩნია, რომ მთავრობის წევრებს ოპოზიციის არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ.

პრემიერი ბოლო სამ დღეში პარლამენტში მეორედ გამოვიდა და წინა გამოსვლასთან შედარებით რიტორიკა კიდევ უფრო დაამძიმა. ოპოზიციას მთავრობის მეთაურმა პოპულისტები და ურეიტინგოები უწოდა. ამასთანვე, ახალი მასშტაბები შეიძინა მმართველი გუნდის აღტაცებამ პრემიერის მიმართ - ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიცია დეგრადაციის გზაზეა და გახარიამ ოპონენტებს შამათი გამოუცხადა. 


საქართველომ სომხეთს 4 ათასი სამედიცინო პირბადე აჩუქა

„საპარტნიორო ფონდმა“ სომხეთს საქართველოში წარმოებული 4 ათასი სამედიცინო პირბადე გაუგზავნა. ფონდის განცხადებით, პირბადეები მეზობელ სახელმწიფოს, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე სამთავრობო და ბიზნესის წრეებს მრავალწლიანი მეგობრობისა და თანამშრომლობის ნიშნად გაუგზავნა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის.


ბათუმის მერის კორუფციული ინტერესები?

ემუქრება თუ არა ბათუმის მერს იმპიჩმენტი ან გამოძიების დაწყება - ჩინოვნიკის კორუფციულ ინტერესებზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის მიწერილი ტექსტური შეტყობინება გასაჯაროვდა. 

„არ ამოიღო ამბასადორი“ - ეს სკანდალური გზავნილი TV 25-მა გადაიღო, SMS-ის მიღების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ბულვარის ცენტრში „ამბასადორი ბათუმისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას, რომლითაც მიმდინარე მშენებლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.

უმრავლესობის წევრებს არც პროექტი აქვთ ნანახი  და არც კითხვები არ აქვთ დირექტივის გამცემი მერის უწყების მიმართ. მათი თქმით, „ამბასადორ-ბათუმს“ სადაო მიწის ნაკვეთი სარგებლობისთვის 15 წლის ვადით სამართლიანად გადაეცათ.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

757 ინფიცირებული, მათგან 600 გამოჯანმრთელებული და 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 262 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 3031 პირი. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა. მათგან, ვირუსის დამარცხება უკვე 2.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა შეძლო. დაღუპულთა საერთო რაოდენობა უკვე 366 ათასს აღემატება. ამ დროისთვის, 54 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. 

via GIPHY

 

რთული ეპიდვითარებაა ბრაზილიაში. გასული დღე ღამის განმავლობაში აქ ვირუსს 1180 მოქალაქე ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 28 ათასამდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 29 526-ით გაიზარდა და ჯამში უკვე 468 338-ს შეადგენს. ბრაზილიაში კოვიდინფექციის დამარცხება ამ დროისთვის უკვე 200 ათასამდე პაციენტმა შეძლო.


კოსმოსში გამგზავრების კიდევ ერთი ცდა

უამინდობის გამო გაუქმებული მგზავრობა კოსმოსში, სავარაუდოდ, დღეს შესრულდება. ნასას ასტრონავტები კომპანია Space-X-სთან ერთად ისტორიული მისიის განხორციელებას რამდენიმე საათში, ამერიკის დროით 15:22 საათზე შეეცდებიან. ფრენა ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა შედგეს.

via GIPHY

კოსმოსში ეს გამგზავრება ისტორიული იმით არის, რომ ნასას ასტრონავტები პირველად სარგებლობენ კერძო კომპანიის ხომალდით. საყურადღებოა  ადგილობრივი მეტეოროლოგების ცნობა. მათი განცხადებით, ფრენისთვის შესანიშნავი ამინდი არც დღეს იქნება და გამგზავრების გაუქმების ალბათობა კვლავ არსებობს.


საუდის არაბეთი აშშ-ისგან ავიაბომბეს ყიდულობს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით საუდის არაბეთი აშშ-ისგან 500 მილიონ დოლარად Paveway-ის ტიპის მართვად ავიაბომბებს ყიდულობს. გამოცემამ ინფორმაცია კონგრესში თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ვაშინგტონმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ერ-რიადისთვის კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული 7 500 ავიაბომბის გაყიდვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საუდის არაბეთმა მსგავსი ტიპის 60 ათასი ბომბი უკვე შეიძინა.


close დახურვა