კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებმაც შესაძლოა კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსის სიმპტომებით ამ დროისთვის ჩინეთიდან ჩამოსული 4 ადამიანი მკურნალობს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 213-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 9 692 ადამიანი. ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
აქცია პროკურატურასთან
პარტია ‘’ ევროპული საქართველოს ‘’ ახალგაზრდული გუნდის წევრები, მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. ახალგაზრდები საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას გააპროტესტებენ.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 16 იანვარს წარუდგინა. სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს ჯამში 17 კანდიდატი წარუდგინეს.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. გენერალური პროკურორის თანამდებობა კვლავ ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა.
პრესკონფერენციები და პრეზენტაციები:
- პარტია „სამართლიანობისთვის“ სასტუმრო „რედისონში“ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე პარტიის ხედვას წარადგენს.
- საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე პრესკონფერენციას გამართავს.
- საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოდგილე კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს.
- პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები, სოციალური მუშაკების სამსახურიდან დათხოვნის საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
- ბრიფინგს დაესწრებიან სამსახურიდან დათხოვნილი სოციალური მუშაკები.
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ანგარიშის ,,გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაციას გამართავს.
- არასამათავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ სამართლის ლექტორის, გიორგი მუმლაძის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტისა და არაეფექტური გამოძიების შესახებ პრესკონფერენციას განმართავს.
- სამოქალაქო მოძრაობა „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის, თამარ ჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
- „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებლის, გუგა ბესელიას პრესკონფერენცია გაიმართება.
სასამართლო თემები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ქარდავას, ილია გამგებლისა და დავით ქოქიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ავსტრალიაში, კანბერას რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ავსტრალიის ფედერალური ტერიტორიის ხელისუფლებამ ტყის ხანძრის გაძლიერების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18,500 ჰექტარი ტერიტორიის ფართობზე ძლიერი ცეცხლის ალია გავრცელებული. ხელისუფლება აცხადებს, რომ კანბერას რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძრები მძვინვარებს. ხელისუფლებამ კანბერას მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
ავსტრალიაში გავრცელებულ ტყის ხანძრებს სექტემბრიდან დღემდე 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა ათასობით სახლი და დაიწვა 11 მილიონი ჰექტარი ტერიტორია.
