კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში 9-მდე გაიზარდა
Გუშინ, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურა. Როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნული შემთხვევა საერთო კლასტერისაა და ხუთივე დაინფიცირებული ერთად იმყოფებოდა იტალიაში და ერთი ოჯახის წევრები არიან.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა და მსუბუქი ყელის ტკივილი, დანარჩენებს კი ჩივილები არ აქვთ.
ცერცვაძის თქმით, პაციენტები იტალიიდან საქართველოში 1-ელ მარტს დაბრუნდნენ და აეროპორტში შემოწმების დროს არანაირი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, რის გამოც სახლებში წავიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
Მთავრობის მიერ, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმსი 162 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 45. Ვებ-გვერდზე ინფორმაცია, ყოველ დღე 21:30 წუთზე ახლდება.
ხაშურში დაჭრილი ქალი თბილისში გადმოიყვანეს
ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ქირურგიული ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ხაშურში, ოპერაციის მსვლელობისას, დაფიქსირდა გულის გაჩერება, თუმცა, მალევე მოხერხდა რიტმის აღდგენა.
ქალს სხეულის დაზიანებები ყოფილმა ქმარმა მიაყენა. ბრალდებული დაკავებულია.
საქართველოს პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.
ვიცე-პრემიერი 2019 წელს სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და 2020 წლის გეგმებზე ისაუბრებს.
„მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.
კორონავირუსი და ეკონომიკური ზარალი
კორონავირუსის გავრცელება გლობალური ეკონომიკური ზრდაზე იმოქმედებს და მთლიანი შიდა პროდუქტი, შესაძლოა, 0.1 - 0.4%-ით შემცირდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ზარალმა შესაძლოა 77-დან 347 მილიარდ აშშ დოლარამდე მიაღწიოს.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა ჩინეთში, შესაძლოა, 0.3-დან 1.7%-მდე, აზიის განვითარებად ქვეყნებში კი (ჩინეთის გამოკლებით) 0.2-დან 0.5%-მდე შემცირდეს. მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმზე, საქმიან მოგზაურობაზე, ვაჭრობისა და წარმოების კავშირებზე.
მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. ბანკის ინფორმაციით, დახმარების მიზანია ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.
ჯანდაცვის სამინისტრო ელჩებს საქართველოში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას გააცნობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. შეხვედრა გაეროსმუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით იმართება.
უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში, დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, არდადეგები გამოცხადდა.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები.
„ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია
"ევროპული საქართველო" კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
კორონავირუსი მსოფლიოში
საფრანგეთში კორონავირუსით პარლამენტის წევრი დაინფიცირდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. აშშ-ში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 148 ადამიანია დაღუპული, ირანში -108, სამხრეთ კორეაში - 40, აშშ-ში - 12, საფრანგეთში კი 7.
ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.
Ryanair-ი იტალიიდან ფრენებს ამცირებს
კორონავირუსის გავრცელების გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა.
ryanair-ის ინფორმაციით, მილანი-თბილისის მიმართულებაზე ფრენები 7 მარტამდე შესრულდება და 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი ფრენების რაოდენობა 2-მდე შემცირდება. ბოლონიიდან-ქუთაისის რეისები 7 მარტამდე შესრულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი შეწყდება. გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს ფრენებზე იტალიიდან იორდანიის, ისრაელის, ჩეხეთისა და მონტენეგროს მიმართულებითაც.
პრესკონფერენციები:
- საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი გაიმართება.
- “დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი „მედიაცენტრ მთავარში“ საარჩევნო სისტემის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
- პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია განცხადებას გააკეთებს საარჩევნო სისტემის შესახებ.
- „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია „მედიაცენტრ მთავარში“ საარჩევნო სისტემის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
- „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, გოჩა თევდორაძე საარჩევნო სისტემის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
- "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში რომან გოცირიძის ბრიფინგი გაიმართება.
სასამართლო თემები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
- თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
