logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 7.01.2020

07 იან 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
e0g875ft5mw4bk6.jpg

მართლმადიდებელთა ნაწილი ქრისტეშობას აღნიშნავს

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ალილოს მსვლელობები მოეწყობა. მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი 7 იანვარს (ძველი სტილით, 25 დეკემბერს) იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ძველი სტილით, ანუ იულიანური კალენდრის მიხედვით, ქრისტეშობას, საქართველოს გარდა, რუსეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ტარდება. საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ საშობაო ღვთისმსახურებას სამების ტაძარში გამართა, სადაც მისი საშობაო ეპისტოლეც წაიკითხეს.

ალილოს მსვლელობის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ: 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.

შსს-ს ცნობით, ალტერნატიულ მარშრუტებზე მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.

 

საქართველოში უნალექო ამინდია

7 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 7-8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა კი +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

 

მფრინავი მანქანის კონცეფციის წარდგენა

სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი HYUNDAI დღეს მომავლის ტრანსპორტის, ანუ მფრინავი მანქანის კონცეფციას წარადგენს. ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება CES 2020 ლას ვეგასში გაიხსნება.

სამომხმარებლო ელექტროტექნოლოგიების გამოფენა ყოველწლიურად მსოფლის წამყვან კომპანიებს აერთიანებს, რომლებიც დაანონსებულ ან ახალი მოწყობილობების კონცეფციებს წარადგენენ.

Hyundai ურბანული საჰაერო ტრანსპორტის პროგრამაში დიდი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რითიც უფრო აქტიურად ერთვება მომავლის ავტოტრანსპორტის განვითარებაში. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია კორეულ კომპანიას ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის შესაბამისი ინსფრასტრუქტურის, მათ შორის, გამშვები ტერმინალებისა და ასაფრენი ბილიკების განვითარება, თუმცა პრეზენტაციამდე არცერთი დეტალი საჯაროვდება.

 

გენერალ ყასემ სულეიმანის დაკრძალვა

აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანის სპეცრაზმის მეთაურს, გენერალ ყასემ სულეიმანს მშობლიურ ქალაქ კერმანში დღეს დაკრძალავენ. სულეიმანის დაღუპვის გამო ირანში სამი დღის განმავლობაში სამგლოვიარო ცერემონიები ტარდებოდა. ყასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ლიკვიდირებული გენერლის ოჯახს შეხვდა და პირობა დადო, რომ აშშ ოპერაციის შედეგებით “დიდხანს დაიტანჯება”. როუჰანი გენერლის ოჯახს დაჰპირდა, რომ ვაშინგტონი “დანაშაულებრივრივი ქმედებების შედეგებს არა მხოლოდ ახლა, არამედ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მოიმკის”. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ს სპეცოპერაციას “საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინება” უწოდა, აიათოლა ხამენეიმ კი პირობა დადო, რომ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის გამო შურს იძიებენ. ირანის უზენაესმა ლიდერმა ბრიგადის გენერალი ისმაილ ქაანი ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეციალური ძალების ახალ მეთაურად დანიშნა.

სპეცოპერაციის შემდეგ, აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 სამხედრო გაგზავნა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ ბევრი ამერიკელის სიცოცხლე გადაარჩინა, დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ირანთან ომი არ სურთ, თუმცა ამერიკელ ხალხს ყოყმანის გარეშე დაიცავენ.


close დახურვა