logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდეთ: 23.02.2020

23 თებ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 
2qcxcsruvp3zmgt.jpg

მორიგი გატაცება კონფლიქტის ზონაში

საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალიდან 17 წლის მოზარდი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს. გატაცება, სავარაუდოდ, სოფლის მიმდებარე ტყიდან მოხდა.

 

კორონავირუსი - დაწესდეს თუ არა შეზღუდვები ირანთან

გვიან ღამით, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის კიდევ 4 მოქალაქე შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ამ ეტაპზე არ აღენიშნებათ, მათი იზოლირება მაინც გადაწყდა, რადგან მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ. ისინი ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. პარალელურად, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საჩხერეში, 2-კვირიან კარანტინში იმყოფებიან.

ირანში კი საშიში ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისად,  მსხვერპლის რაოდენობა ქვეყანაში უკვე 6-მდე გაიზარდა. 29 კი დაავადებულია. ვირუსის გავრვცელების საფრთხის გამო მარყაზის პროვნციაში ერთი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში. დაავადებულთა რიცხვი 4-დან 79 -მდე გაიზარდა ერთი ღამის განმავლობაში იტალიაში. შემთხვევები ქვეყნის 5 რეგიონშია დაფიქსირებული. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. ჩინეთში დაავადებას ბოლო 24 საათის განმავლობაში 97 ადამიანი ემსხვერპლა.

 

აქცია დიღმის ბაღში

კიდევ ერთი მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მცხოვრებლები ამ წუთებში აქციას მართავენ და ბაგა ბაღის მიმდებარედ, ორი 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ბაგა ბაღში 500 ბავშვი დადის, მშენებლობის გამო კი მათ რამოდენიმე წელი მტვერსა და ხმაურში მოუწევთ ყოფნა. გარდა ამისა, შენობები მზის შუქსაც შეზღუდავს.

 

პარტიზანული პარკი ანას ბაღში

ვარკეთილში, ანას ბაღის მომიჯნავედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ და „პარტიზანმა მებაღეებმა“ ალტერნატიული სკვერი მოაწყვეს. ადგილზე 150 ძირი ხე დაირგო, ასევე დამონტაჟდა სკამები და ატრაქციონები. სამუშაოები 300-მა  მოხალისემ ღამის განმავლობაში შეასრულა. ნატა ფერაძის თქმით, ეს ყველაფერი მათ 3000 ლარი დაუჯდათ. შეგახსენებთ, რომ ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს.

 

იუნკერთა ხსოვნის დღე - მემორიალური ღონისძიება პარლამენტში

23 თებერვალი იუნკერთა ხსოვნის დღეა. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ამ წუთებში მემორიალური ღონისძიება მიმდინარეობს. ხელისუფლების წარმომადგენლები 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპილი იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებიან. პარლამენტის შენობაში მდებარე სამლოცველოში, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ტარდება.

 

ოჯახში ძალადობისა და ცოლზე მუქარის მორიგი ფაქტი

ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ბათუმში 1 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 1 დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბერნი სანდერსის გამარჯვება

დემოკრატიული პარტიის მიერ ნევადის შტატში ჩატარებულ პრაიმერიზში ბერნი სანდერსი იმარჯვებს. ვერმონტის სენატორი ხმების 46 პროცენტზე მეტს აგროვებს. მეორე ადგილზე გადის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი ხმების თითქმის 23 პროცენტს აგროვებს. მესამე ადგილზე კი პიტ ბუტიჯიჩია. გამარჯვება ბერნი სანდერსმა სან-დიეგოში აღნიშნა. შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ ტურს დემოკრატები სამხდრეთ კაროლინაში 29 თებერვალს გამართავენ.

 

ტრამპის ბოლივუდური ვიდეო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  ტვიტერის საკუთარ გვერდზე ბოლივუდის სტილის ვიდეოს აზიარებს. დონალდ ტრამპმა ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებლის ვიდეორგოლი ინდოეთში ვიზიტის წინ გააზიარა. მასზე თავად ინდური ფილმის - „ბახუბალი - ლეგენდის დაბადება" მთავარ გმირადაა გამოყვანილი. „მოუთმენლად ველი შეხვედრას მეგობრებთან ინდოეთში" - წერს დონალდ ტრამპი. ოფიციალური ვიზიტი 24 თებერვალსაა დაგეგმილი.

 

ერდოღანი რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდება

სირიაში მდგომარეობის განსახილველად თურქეთის პრეზიდენტი რუს, გერმანელ და ფრანგ ლიდერებს შეხვდება. განცხადება რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა იზმირში, მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. შეხვედრა 5 მარტსაა დაგეგმილი. მდგომარეობა სირიის ჩრდილოეთში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გასულ ღამეს თურქეთის არმიამ იდლიბში ასადის ძალების პოზიციები დაბომბა. იერიში თურქულ პოზიციებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ მიიტანეს, რომელსაც ერთი თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

 

შეტაკებები ერაყში

სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა დემონსტაცია ბაღდადში. ანტისახელისუფლებო აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა რეზინის ხელკეტები და ცრემლმდენი აირი გამოიყენა. დაშავებულია ორი დემონსტრანტი. ერაყის დედაქალაქში შეკრებილების მთავარი მოთხოვნა კვლავ კორუფციის დამარცხება, უმუშევრობის და სიღარიბის დონის შემცირება იყო. დემონსტრაციები იგივე მოთხოვნით ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

 

უამინდობა კანარის კუნძულებზე

ქვიშიანმა ქარიშხალმა გადაუარა ესპანეთს. ცუდი ხილვადობის გამო კანარის კუნძულებზე მუშაობა დროებით შეაჩერა სამმა აეროპორტმა. გადადებულია 230 რეისი. ქვიშა ქარმა კუნძულებზე საჰარიდან მიიტანა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოსახლეობას სთხოვენ, თავი შეიკავინ შენობებიდან გასვლიდან და ფანჯრების გაღებისგან. ერთ-ერთ კუნძულზე კარნავალი გადაიდო. უამინდობა კანარის კუნძულებზე ხვალამდე გაგრძელდება.

 

ფერაგამოს ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეულმა სალვატორე ფერაგამოს მოდის სახლის ჩვენებას უმასპინძლა. 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სახლის დიზაინერმა - პოლ ენდრიუსმა უჩვენა. კოლექციაში ტყავის კაბები, საწვიმრები და კომბინეზონები დომინებს. წლის ფერებად კი დიზაინერმა შავი, ნაცრისფერი და ყავისფერი შეარჩია.


close დახურვა